ახალი ამბები

ხოშტარია რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოებას ემსახურება – კობახიძე

18 თებერვალი, 2020 • 2584
ხოშტარია რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოებას ემსახურება – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპიკერ არჩილ თალაკვაძის გამოსვლისას ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას.

კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ ამ პერფორმანსის ავტორია ელენე ხოშტარია, რომელიც დიპლომით და საქმიანობით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოებას ემსახურება.

“მინდა მოკლედ შევეხო ჩვენი “ნაციონალი” კოლეგების საბჭოთა ინტერვენციას საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში, თავისი ღირებულებებით, პირველ რიგში. სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი.  და გარდა დიპლომისა, ის ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს, მისი განმტკიცების საქმეს და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო 7 წლის განმავლობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, “საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც საბჭოთა კავშირის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ”.

პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, ელენე ხოშტარიას დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

პარლამენტის სხდომას ესწრება საქართველოს მთავრობა, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს.

 

თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი