ახალი ამბები

„ევსაქებს“ და ენმ-ს თავად უნდათ ეს – თევდორაძე რუსეთისგან შესაძლო დაფინანსებაზე

25 აგვისტო, 2020 • 1250
„ევსაქებს“ და ენმ-ს თავად უნდათ ეს – თევდორაძე რუსეთისგან შესაძლო დაფინანსებაზე

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთი-ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ რუსეთისგან დაფინანსების მიღება არა „პატრიოტთა ალიანსს“, არამედ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურთ.

24 აგვისტოს ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმა „დოსიემ“ დაწერა, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები და მათ საქმიანობაზე ანგარიშს სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

25 აგვისტოს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურაში შეიტანა განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთისგან შესაძლო დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ 25 აგვისტოს ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ეს ამბავი არის „ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“, პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რაც პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტს დაუკავშირა. ამასთან, თევდორაძემ განაცხადა:

„არსებობს რაღაც ფარატინა ფურცელი… მე გეუბნებით ახლა დღეს, არ არის გამორიცხული, რომ ეს არის არა „პატრიოტთა ალიანსის“, არამედ „ევროპული საქართველოს“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტი და ამ თანხის მოთხოვნას აპირებენ თავად რუსეთის ფედერაციისგან. თავად უნდათ ეს. ამ განცხადებას ვაკეთებ და მითხარით საწინააღმდეგო არგუმენტი“, – თქვა თევდორაძემ ტვ პირველის ეთერში. „დოსიეს“ ჟურნალისტურ გამოძიებაში „პატრიოტთა ალიანსზეა“ საუბარი.

„დოსიეს“ თანახმადვე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსმა“ 700,000 აშშ დოლარი გადაუხადა საკონსულტაციო ფირმა Politsecrets-ს, რომლის დამფუძნებელსა და პოლიტტექნოლოგს უშიშროების ოფიცრები კურირებენ. საუბარია 4-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 8.5 მლნ-იან ბიუჯეტზე.

გოჩა თევდორაძემ თქვა, რომ „არ არსებობს გზავნილი, არ არსებობს ასეთი თანხა“. მისივე თქმით, „არ არსებობს კანონით აკრძალვა, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ხელშეკრულება გაფორმებული უცხო ქვეყნის პიარ კამპანიებთან, როგორიც არის აშშ, ისრაელი და რუსეთი“. მისი თქმით, პარტიას კონსულტაციებს 4 ამერიკული კომპანია უწევდა, ასევე, ორი საკონსულტაციო კომპანია ისრაელიდან და ერთი რუსეთიდან.

გაიგეთ ვრცლად:

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი