ახალი ამბებისაზოგადოება

საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტად გამოცხადების მოთხოვნით, მდუმარე აქცია გაიმართა

25 აგვისტო, 2020 • 1057
საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტად გამოცხადების მოთხოვნით, მდუმარე აქცია გაიმართა

დღეს, 25 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციასთან,საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტად გამოცხადების მოთხოვნით, მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ორგანიზაციები არიან.

ისინი მდუმარე აქციით 23 აგვისტოს, შატილის ავარიის დროს, დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და ითხოვენ, რომ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭო შეიქმნას.

როგორც “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ეკა ლალიაშვილი ამბობს, შატილის ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს გზებზე სავალალო მდგომარეობაა და ამ პრობლემაზე აქტიურად საუბარი საჭიროა.

“ერთობლივად 17 ადამიანის დაღუპვა არის უდიდესი ტრაგედია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები და მძიმე ტრავმას იღებენ. წლის განმავლობაში 500-მდე ადამიანი იღუპება საგზაო შემთხვევებში და 8 000-მდე იღებს მძიმე დაზიანებას. ამიტომ მხოლოდ გლოვის დღის გამოცხადება არ არის საკმარისი და ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა გამოაცხადოს, თუ რა გეგმები აქვს საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად”,  — ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ის აქტივობები, რასაც სამთავრობო უწყებები საგზაო უსაფრთხოები კუთხით ახორციელებენ, არაფექტურია.

მისი თქმით, საგზაო უსაფრთხოების ამაღლებისათვის საკოორდინაციო საბჭო უნდა შეიქმნას, რომელიც ზუსტად იმ პრინციპით იმუშავებს, რა პრინციპითას კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობს. მისი განმარტებით, საჭიროა, რომ იყოს როგორც ყოველთვიური, ასევე, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშგება, თუ რა კეთდება იმისთვის, რომ გზებზე მსხვერპლი შემცირდეს.

“შეიქმნას საკოორდინაციო უწყება ისეთივე ეფექტური მუშაობით და ისეთივე რესურსების მობილიზებით, როგორც დღეს ჩვენ კოვიდს ვერბრძვით. ბოლო თვეებში ძალიან დიდ გამოწვევასთან ბრძოლამ დაგვანახა, რომ ამის რესურსი აქვს სახელმწიფოს. საგზაო შემთხვევებში დაღუპულობა, ეს არ არის ნაკლები პანდემია. ჩვენ გვაქვს სერიოზული პანდემია გზებზე, რომელიც არათუ ერთჯერადია, არამედ ყოველწლიურად არ ჩერდება და ამას სახელმწიფოს სერიოზული ჩართულობა სჭირდება”, — განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარის ნებაზე საუბრობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავა. მისი თქმით, ერთი წლის წინ პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ  საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის განხილვაც დაიწყო, თუმცა შემდეგ შეწყდა და გაურკვეველია, რა ბედი ელის.

“ჩვენთან არის მენტალურად ისეთი მიდგომა, რომ ეს [ავტოსაგზაო შემთხვევა] ან მძღოლის ბრალია, ან ქვეითის. თუმცა არის შემთხვევები, როცა ინფრასტრუქტურის, ზოგადად, რეგულაციების და კანონის კუთხით არსებობს პრობლემები. მარტო ერთ მაგალითს მოვიყვან, საქართველოს პარლამენტში არის კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, რომელიც ბევრი რამის დარეგულირებას ითვალისწინებს. ერთი წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტანა, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები და განხილვა მიდიოდა აქტიურად. ეხებოდა რას — მართვის მოწმობების რეალურ პირობებში გადატანას. იქ იყო, ასევე, ნასვამ მდგომარეობაში მრავალჯერ თუ გაიმეორებ, უფრო მკაცრი სასჯელი, ასევე, მოტოციკლეტებზე, სკუტერებზე… ბევრი საჭირო რამ იყო და გაჩერდა ეს კანონი. ამ პარლამენტმა ისე დაასრულა მუშაობა, რომ არ მიიღეს ეს კანონი და გაიჭედა ჰაერში. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ელის ამას, რომელშიც სახელმწიფომ 8 მილიონი ინვესტიცია უკვე ჩადო — მოწყობილია მოედნები, ყველაფერი…”, — ამბობს ის.

გელა კვაშილავა. ფოტო:ნათია ცქიფურიშვილი

როგორც ის ამბობს, შატილის გზაზე მომხდარმა ავარაიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყანაში ტუროპერატორებისათვის რეგულაციები არ არსებობს და ამ კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

“ჩვენ აქცენტი გვაქვს შიდა ტურიზმზე და გამოდის, რომ, ფაქტობრივად, ტუროპერატორებისთვის არავითარი რეგულაცია არ არსებობს. აქ არ არის საუბარი რაღაც განსაკუთრებულ ლიცენზიებზე. აქ არის რაზე საუბარი — თუ ტუროპერატორია, ყველა ქვეყანაში აქვს ვალდებულება, რომ მგზავრი უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაიყვანონ. ჩვენთან ეს უნდა იყოს გაწერილი, თუ როგორ უნდა გადაიყვანო. პირველი, რომ მას გამოცდილება უნდა ჰქონდეს, მეორე — მას ავტომანაქანა უნდა ჰყავდეს გამართული, ამ შემთხვევაში [შატილის ავარია] ეს არ იყო გამართული, გადატვირთვა არ უნდა გააკეთოს, 10-15 საათი არ უნდა იმგზავროს. თუ უამინდობაა, მაშინ თავი უნდა შეიკავოს. ვინც ამ ბიზნესს აწარმოებს, უნდა დაიცვას წესები, რომ, მაგალითად, მაღალმთიან ადგილებში სპეციალური მოცურების საწინააღმდეგო ავტომანქანებით უნდა გადაადგილდე. ეს ისეთი რაღაცაა, მაგალითად, საჭმელს რომ ვჭამთ და ვიცით, რომ გაფუჭებულია და ხომ არ შევჭამთ, ვიცით, რომ მოვიწამლებით. ასეთივეა უსაფრთხოების კუთხით” ,— აცხადებს გელა კვაშილავა.

შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის — მიკროავტობუსის მძღოლი.

3 გადარჩენილი მგზავრი ამჟამად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. ექიმის, ლევან რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი