საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, გამოდის ინიციატივით, რომ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები ისწავლებოდეს.
პრეზიდენტმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ კონსტიტუცია სახელმწიფოს ღერძი და მოქალაქეების გამაერთიანებელი დოკუმენტია. ამავე განცხადებაში ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის მოკლე ისტორიას მიმოიხილავს.
„მიუხედავად ამ მძიმე წარსულისა, ჩვენ მოვახერხეთ, დიდწილად დაგვეძლია ჩვენს სამართლებრივ ცნობიერებაში ჩანერგილი მანკიერი მოდელები. შევძელით, ხელისუფლება არჩევნების გზით შეგვეცვალა. შევძელით და მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, რომელშიც ასახულია საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი სტანდარტები და დემოკრატიული პრინციპები.
სულ ახლახან კი განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც გზას უხსნის ოქტომბერში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მჯერა, რომ არავინ შეეცდება გავიდეს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, არავინ შეეცდება აგრესიის, დესტაბილიზაციის, პოლარიზაციის, ქაოსისა და არეულობის გზით მიაღწიოს დასახულ პოლიტიკურ მიზანს. კონსტიტუციურ გზას ალტერნატივა არ გააჩნია“, – ამატებს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი დასძენს, რომ სწორედ კონსტიტუციას შესწევს ძალა ჩამოალაყიბოს ერთიანი სახელმწიფოებრივი და სამართლიანი ცნობიერება:
„და ამიტომაც გამოვდივარ ინიციატივით – ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები! კონსტიტუცია აღქმული უნდა იყოს, როგორც პრინციპების და ნორმების ცოცხალი კრებული, რადგან სწორედ მათ განხორციელებას ეფუძნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და წინსვლა,“.