ახალი ამბები

რამდენიმე პარტიაა და დანარჩენი “პოლიტიკური ინდმეწარმე” – ვოლსკი ოპოზიციის დეკლარაციაზე

24 აგვისტო, 2020 • 996
რამდენიმე პარტიაა და დანარჩენი “პოლიტიკური ინდმეწარმე” – ვოლსკი ოპოზიციის დეკლარაციაზე

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების ურთიერთდაცვის დეკლარაციის გაფორმებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყანას დესტაბილიზაციას და დესტრუქციას ჰპირდება.

ვოლსკის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ხელმომწერებიდან რამდენიმე პარტიაა და დანარჩენი “პოლიტიკური ინდმეწარმეა”.

“რაოდენობით ბევრი ჩანან, ამით ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ. გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელობა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებენ. ცალკეული მათგანი კრიზისთან დაკავშირებით თავისუფლად საუბრობს და მთავარი მიზანი და მისწრაფება პრაქტიკულად გამოდის, რომ სახელმწიფოში არ უნდა იყოს სტაბილური ხელისუფლება. გუშინ ეს პარტიები, ზოგნი კრემლის აგენტებს ეძახის ერთმანეთს და ზოგნი კიდევ – დასავლეთის მონებს. ეს არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას, დესტრუქციას და მადლობა ღმერთს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების ურთიერთდაცვის დეკლარაცია გააფორმა და ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბის შექმნაზე შეთანხმდა. შტაბს პაატა დავითაია უხელმძღვანელებს. ასევე, პარტიები შექმნიან საერთო მონაცემთა ბაზას, სადაც საარჩევნო დარღვევები აისახება.

ოპოზიციამ არჩევნებზე ხმების ურთიერთდაცვის დეკლარაცია გააფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი