ახალი ამბები

თბილისში მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები მოიპარეს

24 აგვისტო, 2020 • 816
თბილისში მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები მოიპარეს

თბილისში საინიციატივო ჯგუფის “მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის” საწყობი გაქურდეს და ცხოველებისთვის განკუთვნილი 350 კილოგრამამდე [20 ტომარა] საკვები მოიპარეს. ინფორმაცია ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ქეთა გაბუნიამ გაავრცელა.

როგორც გაბუნიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, აღნიშნული საკვებით 100-მდე ცხოველის გამოკვება ერთი თვის განმავლობაში იგეგმებოდა:

“აღნიშნული ჯგუფი პანდემიის პერიოდში შევქმენით და მას შემდეგ თბილისში და რეგიონებში მიუსაფარ ცხოველებს საკვებით ვეხმარებოდით. საკვებს შემოწირულობებით ვაგროვებთ და საწყობში ვინახავთ, რომელსაც საწყობთან მცხოვრები პირი ამოწმებს ხოლმე. ბოლოს გუშინ შემოწმდა საწყობი და საკვები ადგილზე იყო, დღეს კი აღმოვაჩინეთ, რომ საკვები მოპარულია”, – განაცხადა გაბუნიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რამდენიმე წუთის წინ კი ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ნინია მაჭარაშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა პოსტი, რომლის მიხედვითაც ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჯგუფს 50 ტომარა საკვები საჩუქრად გადასცა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

გარეკანის ფოტო: ეკა ქართველიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი