ძლიერი წვიმის შედეგად, გუშინ, 23 აგვისტოს, იმერეთში და კახეთში საცხოვრებელი სახლები და გზები დაზიანდა.
კახეთის მხარის წარმომადგენლის თქმით, წყალდიდობა იყო საგარეჯოს, ახმეტის, ლაგოდეხის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
იმერეთში კი, ვაზნარის ღელის ადიდების შედეგად, ქალაქ წყალტუბოში 21 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. პირველადი მონაცემებით წვიმამ მუნიციპალიტეტში 120-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. ამ დროისთვის კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იმერეთის გუბერნატორის წარმომადგენელმა მიაწოდა.
სტიქიის გამო ასევე რთული მდგომარეობაა 17-მდე სოფლის გზაზე, სოფლებში, ნოღაში და სორმონში კი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერი წვიმის გამო ასევე დაიტბორა ქუთაისის 40-მდე ქუჩა. გადაუღებელმა წვიმამ კი თერჯოლაში შიდა საუბნო გზები დააზიანა, რამდენიმე სოფელს დროებით არ მიწეოდებოდა ელექტროენეგრია, თუმცა მისი მიწოდება ამ დროისთვის აღდგენილია.
ტყიბულსა და ხარაგუალში დაიტბორა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი და დაზიანდა გზები, შედარებით ნაკლებად დაზარალდა ჭიათურა, სადაც ძლიერმა წვიმამ სამ სოფელში საუბნო გზები გადარეცხა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 23 აგვისტოს წყალდიდობასთან დაკავშირებით იმერეთიდან 140-მდე სატელეფონო ზარი განხორციელდა, კახეთიდან კი- 11.