ახალი ამბები | ,

შორტების გამო მამა-შვილის ცემის საქმეზე 2-ს პატიმრობა, ერთს გირაო შეუფარდეს

23 აგვისტო, 2020 | | 729
შორტების გამო მამა-შვილის ცემის საქმეზე 2-ს პატიმრობა, ერთს გირაო შეუფარდეს

23 აგვისტოს თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ერთს კი 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ თელავის სასამართლოში დაუდასტურეს.

საქმე ეხება 8 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, რომელსაც გამოძიება განიხილავს „დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფიზიკურ ძალადობად“.

გამოძიების ვერსიით, 8 აგვისტოს ახმეტის სოფელ ყვარელწყალში, ერთ-ერთი ბრალდებული, ინიციალებით ი.ფ. ფიზიკურად გაუსწორდა შორტებში ჩაცმულ კაცს, იმ მოტივით, რომ „აღნიშნული ჩაცმულობა მის ადათ-წესებს ეწინააღმდეგებოდა“;

ამასთან, გამოძიების თანახმადვე, ი.ფ-მ და კიდევ ორმა პირმა (ა. ბ-მ და ა.ი-მ) იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს დაზარალებულის არასრულწლოვან შვილს. „შედეგად მამა-შვილმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის მამამ – სხივის ძვლის მოტეხილობა“, – წერს პროკურატურა.

სასამართლომ, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ორ მათგანს პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი 2000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პანკისის სათემო რადიოს ცნობით, გირაო არასრულწლოვანს შეუფარდეს.

წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი