ახალი ამბები

ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა

22 აგვისტო, 2020 •
ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ნაწილი – ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

“დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რატომაა და რატომ ვჩქარობდით წვიმაში ამის გახსნას – დღეს უკვე გზა გახსნილია და დასავლეთი-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ადამიანებს აღარ მოუწევთ ხაშურის გავლა. ხაშურლებისთვის ეს არის უსაფრთხოება. მოგეხსენებათ ეს იყო კატასტროფული მოძრაობა ხაშურში, საცობებს თავი, რომ დავანებოთ უმნიშვნელოვანესია ეკოლოგიაც. ხაშურის შემოვლითი გზა პირველ რიგში არის ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა, მთელი საქართველოსთვის”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ასევე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე ყველაზე მასშტაბური სამუშაოები მიიმდინარეობს, ასევე, მიმდინარეობს ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობა და 2022 წლისთვის “ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ”.

ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან უერთდება. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად ახალ გზაზე განხორციელდება; ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და ახალი გზით საშუალებით გადაადგილების დრო ამ მონაკვეთზე განახევრდება.

გარდა ამისა, გზის შესაბამის მონაკვეთებთან მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები, რათა მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი