ახალი ამბები

ლენტეხში, სტიქიის ზონაში საბაგირო გაჭიმეს

21 აგვისტო, 2020 • 1387
ლენტეხში, სტიქიის ზონაში საბაგირო გაჭიმეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, რომ მეხანძრე-მაშველებმა ლენტეხში, სტიქიის ზონაში საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს.

უწყების თანახმად, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლასკადურამ რამდენიმე ხიდი და გზა დააზიანა. მეხანძრე მაშველებმა ერთ-ერთ წაღებულ ხიდზე სამაშველო-საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს.

„შედეგად, გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფელ მუთბის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი ან მედიკამენტები მიიღოს“, – წერია განცხადებაში.

„ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა და ხიდის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყება. ადგილზე იმყოფებიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, დილიდან სტიქია მძვინვარებდა, რის შედეგადაც გარესამყაროს მოსწყდა 40-მდე სოფელი.

სტიქიამ ლენტეხის 40-მდე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა – მუნიციპალიტეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი