ახალი ამბები

დეპუტატ მკოიანის ძმის მანქანის აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

21 აგვისტო, 2020 • 1330
დეპუტატ მკოიანის ძმის მანქანის აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ადგილობრივი მედიასაშუალება Nor.ge-ს თანახმად, ახალქალაქში პარლამენტარ ენზელ მკოიანის ძმის, მარდუნ მკოიანის ავტომობილი აფეთქდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ახალქალაქში მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ეს მუხლი გულისხმობს აფეთქებას: — „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით“, — რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

NOR-ის თანახმად, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი 26 მარტს მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას.

2020 წლის მარტში ახალქალაქში მოქმედ და ყოფილ დეპუტატებსა და მათ ნათესავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღები და სროლები ფიგურირებს.

საუბარია ენზელ მკოიანზე, რომელიც მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნების“სახელით, და სამველ პეტროსიანზე, რომელიც ენმ-ის სახელით იყო წარსულში დეპუტატი, ამჟამად კი რაიონში პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს.

ვრცლად ამ დაპირისპირებაზე:

“სროლა ჰაერში” და ბრალდებები მკვლელობის მცდელობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი