ახალი ამბები

ნავალნი გერმანელმა ექიმებმა მოინახულეს. ცოლს მათთან შეხვედრის უფლება არ მისცეს

21 აგვისტო, 2020 • 1144
ნავალნი გერმანელმა ექიმებმა მოინახულეს. ცოლს მათთან შეხვედრის უფლება არ მისცეს

რუს ოპოზიციონერთან და პოლიტიკოსთან, ალექსეი ნავალნისთან საავადმყოფოში დღეს გერმანელი ექიმები და სპეციალისტები იყვნენ. თუმცა მათთან არ მიუშვეს ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია.

ექიმებს შენობა ისე დაატოვებინეს, რომ არც ოჯახის წევრებსა და არც მხარდამჭერებს მათთან საუბრის საშუალება არ მიეცათ. ნავალნის პრესსამსახურის თქმით, პოლიციელებთან ერთად ხელს უშლიდნენ  ასევე უცნობი პირები, რომლებიც უხეშ ძალას იყენებდნენ.

პარალელურად, საავადმყოფომ უარი თქვა ნავალნის გერმანიის კლინიკაში გადაიყვანაზე. მათი გადაწყვეტილებით, ალექსეი ნავალნი არ დატოვებს დაწესებულებას, „სანამ მისი მდგომარეობა არ დასტაბილურდება“.

ამის საპასუხოდ ნავალნის ორგანიზაციის („კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“) და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექიმები კრემლის დაკვეთას ასრულებენ და დროს წელავენ.

„გერმანელი ექიმები, ნავალნის შემოწმების შემდეგ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მისი გადაყვანა შესაძლებელია და მათი თვითმფრინავის აღჭურვილობა ამის შესაძლებლობას იძლევა“, – წერს ტვიტერზე კირა იარმიში, ნავალნის პრესსამსახური. თუმცა, არ აზუსტებს ამ ინფორმაციის წყაროს.

იგივე განცხადებას ავრცელებენ სხვა მხარდამჭერებიც. 

ცოტა ხნის წინ ომსკის პირველი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ ნავალნის კომაში ჩავარდა „ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლილების გამო“. მისივე თქმით, მის ორგანიზმში ის საწამლავი არ აღმოუჩენიათ, რომელზეც ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საუბრობდნენ.

ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანის თხოვნით მეუღლემ, იულია ნავალნაიამ, ოფიციალური წერილით პუტინსაც მიმართა. 


ალექსეი ნავალნი გუშინ, 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს.

გუშინვე ნავალნის მოწამვლას გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მზადაა ნავალნის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი განიხილოს, თუმცა რეალურად ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.

გერმანიაში საავადმყოფო მზადაა ნავალნი მიიღოს, თუმცა მას რუსეთიდან არ უშვებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი