ახალი ამბები

გერმანიაში საავადმყოფო მზადაა ნავალნი მიიღოს, თუმცა მას რუსეთიდან არ უშვებენ

21 აგვისტო, 2020 • 1202
გერმანიაში საავადმყოფო მზადაა ნავალნი მიიღოს, თუმცა მას რუსეთიდან არ უშვებენ

რუსი ოპოზიციონერისა და პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის უცხოურ კლინიკაში გადაყვანაზე ომსკის საავადმყოფო უარს აცხადებს. ნავალნის მხარდამჭერები და მისი ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ,  შესაძლოა, პოლიტიკოსი იმსხვერპლოს.

ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში ტვიტერზე წერს, რომ მათი ორგანიზებით უკვე მზადაა როგორც თვითმფრინავი, ასევე, საავადმყოფო გერმანიაში, რომელიც ნავალნის მიიღებს, თუმცა რუსული საავადმყოფო მათ ამის უფლებას არ აძლევს.

ალექსეი ნავალნი ამჟამად ქალაქ ომსკის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც გუშინ უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამავე საავადმყოფოს მთავარი ექიმი დღეს ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ნავალნის მდგომარეობა არასტაბილურია და მისი ტრანსპორტირებისას „შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, მათ შორის, ყველაზე ცუდი რამ“.

თუმცა ნავალნის თანამოაზრეები, ოჯახისა და ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ საავადმყოფო პოლიტიკოსის გადაყვანაზე უარს იმიტომ აცხადებს, რომ მისი მოწამვლის ნამდვილი მიზეზი ცნობილი არ გახდეს. საავადმყოფოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიღმა კი კრემლის ბრძანებებია.

„ნავალნის გადაყვანაზე უარი საჭიროა მხოლოდ იმიტომ, დრო გაწელონ და დაელოდონ იმ მომენტს, როდესაც უკვე შეუძლებელი იქნება მის ორგანიზმში არსებული საწამლავის დადგენა. პარალელურად, დაყოვნების ყოველი საათი მის სიცოცხლეს კრიტიკული რისკის ქვეშ აყენებს“, – წერს ტვიტერზე ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.

მანამდე ალექსეი ნავალნის მოწამვლას გამოეხმაურნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. ორივე მათგანმა დახმარების მზაობა გამოთქვა. ამასთანავე, მერკელმა განაცხადა, რომ ნავალნის ავად გახდომის ზუსტი გარემოებების გამორკვევას მოითხოვს.


ალექსეი ნავალნი გუშინ, 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს, რომელიც მანამდე მის ჩაის ჭიქაში ჩაყარეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს.

გუშინვე ნავალნის მოწამვლას გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მზადაა ნავალნის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი განიხილოს.

გარეკანი ფოტო: პეტერბურგში ნავალნის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეებს ხელში პლაკატები, წარწერით – „ნავალნი იცოცხლე“, ეკავათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი