ახალი ამბები

სამართლებრივი შეფასება მიეცემა – პროკურორი ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნებაზე

20 აგვისტო, 2020 • 1253
სამართლებრივი შეფასება მიეცემა – პროკურორი ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნებაზე

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

საუბარია ჩვენებაზე, რომელიც დღეს მედიის ნაწილმა, მათ შორის, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

გამოცემის თანახმად, ამირხანაშვილი ბოლო ჩვენებაში ამბობს – „არჩილ გაგნიძემ[ტოიოტა „ქემრის“ ერთ-ერთი მგზავრი] რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“.

პროკურორმა დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ გამოძიების მიზანია, მოწმეებმა, რომლებიც მომავალში დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები და უკვე გამოკითხული პირების ჩვენებები. ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნება კი „ცალსახად ხელს უშლის გამოძიებას და ეს პირები შემდეგ უკვე მომზადებული პოზიციებით მოვლენ“.

„შესაბამისად, ჩვენი ინტერესი იყო და ადვოკატების გაფრთხილებაც სწორედ ამას ემსახურებოდა  – რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ საქმის ყველა მასალა გადაეცათ, ამირხანაშვილის ჩვენებაც, მათ არ უნდა გადაეცათ ეს..[მედიისთვის]

ეს ჩვენება გააჩნია ამ ეტაპზე გამოძიებასა და ადვოკატებს, აქედან გამომდინარე,  გეუბნებით, რომ ის პირები იყვნენ გაფრთხილებულები. რაც შეეხება ჩვენების გამოქვეყნებას, ამ კუთხით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და სამართლებრივი შეფასება მიეცემა აღნიშნულ გარემოებას. შესაბამისად, ის პირები, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა მათ ქმედებასაც“, – ამბობს ყაზარაშვილი.

მისივე შეფასებით, ზემოხსენებული ჩვენება არ ეწინააღმდეგება არც საქმის მასალებს და არც სხვა გარემოებს, შესაბამისად – „როდესაც დაიკითხება მოწმე, იგი სასამართლოს წინაშე ახსნის, რითი არის გამოწვეული ჩვენებებში მოწოდებული ინფორმაცია,“.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ გახდა ამირხანაშვილის ეს ჩვენება „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრისთვის ბრალის დამძიმების მიზეზი, პროკურორი პასუხობს:

“ერთადერთი ჩვენება ვერ გახდება კონკრეტული პირების მიმართ ბრალდების დადგენილების გამოტანის საფუძველი. ეს ხდება მტკიცებულებების ერთობლიობით, შესაბამისად, მხოლოდ გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმის საფუძველზე, ეს არ მომხდარა”.


  • 11 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ.
  • 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.
  • ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.
  • პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.
  • შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

ამირხანაშვილის ჩვენება ბრალდების ერთადერთი მტკიცებულება არაა – პროკურორი

მასალების გადაბეჭდვის წესი