ახალი ამბებისამართალი

ამირხანაშვილის ჩვენება ბრალდების ერთადერთი მტკიცებულება არაა – პროკურორი

13 აგვისტო, 2020 • 1962
ამირხანაშვილის ჩვენება ბრალდების ერთადერთი მტკიცებულება არაა  – პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეს არაერთი მტკიცებულება დაემატა და მხოლოდ გურამ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ დაუმძიმებიათ ბრალი “ტოიტოა ქემრის” მარკის ავტომობილის 5 მგზავრისთვის.

პროკურორი აღნიშნავს, რომ ადვოკატების მსგავსად ბრალდების მხარეც შეზღუდულია საქმის შინაარსზე საუბრისგან, თუმცა აცხადებს, რომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებებმა კომპლექსურად მისცა საგამოძიებო უწყებას შესაძლებლობა, განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი 5 პირისთვის წარედგინათ.

“უამრავი მტკიცებულება დაემატა კიდევ, თუმცა ადვოკატები რომ შევზღუდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც ამ ეტაპზე შეზღუდულები ვართ, უშუალოდ შინაარსზე ვისაუბროთ. მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულება არ არის სისხლის სამართლის საქმეზე. კომპლექსურად სხვადასხვა მტკიცებულებებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მკვლელობის ნაწილში ბრალდება 5 პირისთვის წაგვეყენებინა”, – ამბობს პროკურორი.

  • 11 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ.
  • 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.
  • ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.
  • პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.
  • შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი