ახალი ამბები

ონკოპაციენტებს დაფინანსება 8 000 ლარით გაეზრდებათ – მთავრობა

20 აგვისტო, 2020 • 1542
ონკოპაციენტებს დაფინანსება  8 000 ლარით გაეზრდებათ – მთავრობა

ონკოპაციენტებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ სახელმწიფო დაფინანსების ლიმიტი 8 000 ლარით გაეზრდებათ და თანხის საერთო რაოდენობა 23 000-ს მიაღწევს. ამის შესახებ მთავრობამ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაფინანსების გაზრდის შედეგად ონკოპაციენტებს ხელმისაწვდომობა გაეზრებათ ახალი თაობის მედიკამენტებზე:

“დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მკურნალობის ბოლო ეტაპზე არ ჰქონდათ ონკოპაციენტებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მათ უწევდათ საკუთარი ჯიბიდან გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდში დააფინანსოს”, – განაცხადა ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ უახლესი მონაცემებით საქართველოში ამ პროგრამით 1972 ონკოპაციენტი სარგებლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი