ახალი ამბები

“ოცნება”: ენმ ბავშვების რეგისტრაციაში დახმარებით ქულების ჩაწერას ცდილობს

20 აგვისტო, 2020 • 1015
“ოცნება”: ენმ ბავშვების რეგისტრაციაში დახმარებით ქულების ჩაწერას ცდილობს

პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ენის ბარიერი აქვთ, ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარებისთვის განცხადების შევსებაში სახელმწიფო სტრუქტურები, სოცოალური სააგენტო, “ლიბერთი ბანკი” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ფინანსური სარგებლის გარეშე დაეხმარებიან.

“ხანდახან სამწუხარო მოვლენებს ვხვდებით. გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლისგანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკური სარგებელი მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება. აქ პირველ რიგში იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს და შესაბამისი უწყებები მიხედავენ”, – განაცხადა გახარიამ 20 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ 19 აგვისტოს თქვა, რომ არსებობენ პირები, ვინც მოქალაქეებს 200-ლარიანი დახმარების მისაღებად საჭირო ონლაინ რეგისტრაციაში ეხმარებიან და ამ სერვისში ფულს იღებენ. ეს კი, მათი შეფასებით, კრიმინალია.

„გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას, ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, – აღნიშნა მან.

ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებიათ, რომელ პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, თუმცა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მოქალაქეებს რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„ვიღაცებმა გადაწყვიტეს ფულის შოვნა და ფიზიკური პირები, კონკრეტული ადამიანები რეკლამასაც კი უწევენ საკუთარ მოქმედებას, რომლის მიხედვითაც ისინი სთავაზობენ მოქალაქეებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ რეგისტრაციაში დახმარებას და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგივე დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც აცხადებს, რომ ეხმარება რეგისტრაციაში იმ ადამიანებს, ვისაც ამისი საჭიროება აქვთ. ერთნაირად ამორალურია ფიზიკური პირების მიერ ფულის შოვნის გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკითხით პოლიტიკური ქულების დაწერა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ​

“ნაციონალურმა მოძრაობამ” დაადასტურა, რომ მოქალაქეებს რეგისტრაციაში ეხმარება, თუმცა, უსასყიდლოდ და არა პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით.

“მარტო თანხის გამოყოფა საკმარისი არ არის. მთავრობას ხალხი უნდა უზრუნველეყო, რათა მათ იოლად შეძლებოდათ დარეგისტრირება. ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა, მოსახლეობას ტექნიკურად დავხმარებოდით. საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა დახმარების თხოვნით ჩვენს ოფისებში, თუმცა ამან აღაშფოთა „ქართული ოცნება“. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მოსახლეობას ამ პროცესში დახმარება გავუწიოთ. ეს დახმარება იყო უსასყიდლო და ასევე გაგრძელდება. მხოლოდ ტექნიკურად ვეხმარებით”, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი.


18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება კი შესაძლებელი იქნება 2020 წლის სექტემბრიდან.

მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზეც, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის.

თუ მოზარდს ხვალ, ანუ 19 აგვისტოს უსრულდება 18 წელი, დახმარების მისაღებად მშობელმა ის წინა დღით, ანუ დღეს, 18 აგვისტოს მაინც უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულ პორტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დახმარებას ვეღარ მიიღებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე ბავშვები ერთჯერადად 200- ლარიან დახმარებას მიიღებენ კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო.  დახმარება განკუთვნილია ყველა ბავშვისთვის, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი