ახალი ამბებისაზოგადოება

მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს ახალი ნერგების შესყიდვაში დაეხმარება

20 აგვისტო, 2020 • 721
მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს ახალი ნერგების შესყიდვაში დაეხმარება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა აპირებს, რომ ფერმერებს, რომელთაც სტიქიის გამო ნერგები დაუზიანდათ ან გაუნადგურდათ,  ახალი და უფრო ხარისხიანი ჯიშების შესყიდვაში დაეხმაროს. ამის შესახებ მან დღეს, 20 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

როგორც გახარიამ განმარტა, აღნიშნული დახმარება სოფლის მეურნების აქამდე არსებულ პროგრამაში — “დანეგრე მომავალში”  დამატებითი პროგრამის სახით შევა და გარდა ნარგავებისა, ვაზის ჯიშებსაც შეეხება.

“დღეის მდგომარეობით, ჩვენს ბევრ ფერმერს უბრალოდ გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ  ამ პროგრამის [“დანერგე მომავლის”] ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები. რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად — რქაწითელი. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება”, — განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, აღნიშნული პროგრამა  2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხების დახმარებით დაიწყება.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, ფერმერები ახალ ნერგებს თავად შეარჩევენ და მთავრობის თანადაფინანსებით შეისყიდიან.

“ამ შემთხვევაში ნერგების დაფინანსება მოხდება. ჩვენ გვაქვს აღიარებული სანერგე მეურნეობების ჩამონათვალი. ასევე, საშუალება ეძლევათ იმპორტული ნერგების ჩანაცვლების. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვზუღდავთ ფერმერებს, ვაძლევთ საშუალებას, რომ ხარიხსიანი ნერგი თვითონ შეარჩიონ, ეს იქნება ქართული თუ იმპორტული, იმისთვის, რომ მაქსიმალური ხარისხი მივიღოთ და კომფორტი ჰქონდეთ ფერმერებს. ამიტომ ჩვენ თანადაფინანსებაში შევდივართ და არა ნერგის დარიგებაში, რაც მათ არჩევანს შეზღუდავდა”, — განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ფერმერს, რომელსაც აღნიშნული პროგრამით სარგებლობა სურს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დასჭირდება, რომელიც დაადასტურებს, რომ სტიქიური უბედურება მოხდა და მისი დაზიანებული ნერგები ჩანაცვლებას ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი