ახალი ამბები

არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება — NDI

19 აგვისტო, 2020 • 999
არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება — NDI

“ეროვნულ- დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) დღეს, 19 აგვისტოს, ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს საარჩევნო საკანონმდებლო რეფორმების არჩევნებში ასახვისათვის პოლიტიკური ნებაა საჭირო.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ბოლო 30 წელიწადში საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო არჩევნების ჩასატარებლად ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია. ორგანიზაციის თქმით, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ  არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უფრო აძლიერებს და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს.

“პრობლემატურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გარიყვა, საინფორმაციო გარემოს მდგრადობის საფრთხე.  ეს ფაქტორები, თავის მხრივ, საქართველოს გარე ჩარევების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის”, — ნათქვამია ანგარიშში.

NDI-მ საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად 30 რეკომენდაცია შეიმუშავა, მათ შორისაა: დამკვირვებლებმა უნდა შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება დაშინებისა და ჩარევის გარეშე,  პარტიებმა და კანდიდატებმა ყველა მოქალაქის საჭიროებეზე მორგებული პროგრამები უნდა შეიმუშაონ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ურთიერთანამშრომლობას ხელს შეუშლის და შეამცირებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.

რეკომენდაციებს შორის მოხვდა ისიც, რომ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებისთვის შევიწროებისა და ჩარევების გარეშე თავიანთი ლეგიტიმური ფუნქციების შესრულების საშუალება უნდა მიეცეთ. ასევე ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა, მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული. მათ შორის იგულისხმება მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა.

ასევე, ერთ-ერთი რეკომენდაციაა ისიც, რომ “ფეისბუქმა”, “იუთუბმა” და სხვა ონლაინ პლატფორმებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლონ ინფორმაციის მანიპულირების შესამსუბუქებლად.

აღნიშნული ანგარიში  წარმოადგენს 2020 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში, პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით, NDI-ის დელეგაციის მიერ ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი