ახალი ამბები

სააკაშვილმა კაცებად ვინც აქცია, ისინი უპირისპირდებიან – ელისაშვილი

19 აგვისტო, 2020 • 2225
სააკაშვილმა კაცებად ვინც აქცია, ისინი უპირისპირდებიან – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ძალიან სასაცილოა“, როცა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ და მის პრემიერობას ეწინააღმდეგებიან.

19 აგვისტოს ტვ „პირველზე“, „დღის ამბეში“ ალეკო ელისაშვილმა „ძალიან სასაცილო ამბავი“ უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სააკაშვილის პრემიერობის შესაძლო განხილვას და თქვა, რომ „სააკაშვილი არ იქნება და არ უნდა იყოს ამ ქვეყნის პრემიერი“.

„ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემი გუნდი, რაც ძალი და ღონე გვექნება, ამის წინააღმდეგ ვიქნებით. იმიტომ, რომ სააკაშვილს არ აქვს უფლება, რომ იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. არც უნდა იყოს“, – თქვა ელისაშვილმა.

„მაგრამ ამის თქმის უფლება მე მაქვს. დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა რომ ამაზე ლაპარაკობენ, ეს ხომ ძალიან სასაცილოა? რანაირად ლაპარაკობენ ასეთ რამეს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არიან თვითონ“? — განაცხადა „მოქალაქეების“ დამფუძნებელმა.

„სააკაშვილმა კაცებად ვინც აქცია, ისინი დგანან ახლა, უპირისპირდებიან, მოძალადე იყოო, რეჟიმიო და რაღაცებს ლაპარაკობენ… მოკლედ, რა, ყველას ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს“, – თქვა მან.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის მმართველობას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნისას არაერთი შეცდომა დაუშვა, „ევროპულ საქართველოს“ კი, სხვა საკითხებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარსულის შეფასებაც განასხვავებს.


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 14 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად თქვა, რომ მისი პარტიის გადმოსახედიდან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილმა გენპროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და ყოფილმა შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების პოსტები არ უნდა დაიკავონ.

ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების კრიტიკა მოჰყვა: სალომე სამადაშვილმა ამ ნათქვამს „დამაზიანებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ბაქრაძის „თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე“ ძვირი დაუჯდებათ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებს, მაგალითად, თბილისში.

ვრცლად:

ოპოზიციის გეგმა კოალიციურ მთავრობაზე – „ამომრჩევლისთვის საჭიროა მეტი კონკრეტიკა“

მასალების გადაბეჭდვის წესი