ახალი ამბები

ოპოზიციის გეგმა კოალიციურ მთავრობაზე – „ამომრჩევლისთვის საჭიროა მეტი კონკრეტიკა“

18 აგვისტო, 2020 • 1655
ოპოზიციის გეგმა კოალიციურ მთავრობაზე – „ამომრჩევლისთვის საჭიროა მეტი კონკრეტიკა“

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე კვლავ ბუნდოვანია, თუ რა პრინციპით ეცდება ოპოზიცია კოალიციური მთავრობის — უმრავლესობის თუ უმცირესობის მთავრობის — დაკომპლექტებას, თუკი ამის საშუალება მიეცემათ.

ამ საკითხს განსაკუთრებით ის ამწვავებს, რომ შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს მიხეილ სააკაშვილი, რომლის მხარდაჭერაზეც სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილს უკვე უარი აქვს გამოცხადებული.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ყოფილი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ კოალიციურ მთავრობაზე შეუთანხმებლობამ, თუკი,  ყველაზე უარეს შემთხვევაში, კრიზისი მოჰყვა, საბოლოო ანგარიშში შესაძლოა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნიჰილიზმი გააძლიეროს, თუმცა საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, რეალური კომპრომისი იქნება საჭირო.

„ნაციონალური მოძრაობა“ vs „ევროპული საქართველო“

სწორედ ჰიპოთეტური მთავრობის დაკომპლექტება იყო ბოლო დღეებში ის საკითხი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 14 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად თქვა, — მისი პარტიის გადმოსახედიდან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილმა გენპროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და ყოფილმა შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების პოსტები არ უნდა დაიკავონ.

ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების კრიტიკა მოჰყვა: სალომე სამადაშვილმა ამ ნათქვამს „დამაზიანებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ბაქრაძის „თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე“ ძვირი დაუჯდებათ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებს, მაგალითად, თბილისში.

ენმ-ის კიდევ ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში თქვა, რომ ადეიშვილსა და მერაბიშვილს გამოცხადებული აქვთ, რომ საკუთარ თავს მსგავს თანამდებობაზე არ განიხილავენ და მათ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის ხსენება ბაქრაძის მხრიდან გაუგებარი იყო.

სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, რასაც ჯერჯერობით პარტიაში ოფიციალურად არ ადასტურებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, რომ პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი [უცნობია, სააკაშვილის მოქალაქეობის და სისხლის სამართლებრივი სტატუსის ფონზე, ეს ტექნიკურად როგორ მოხერხდება].

[მიხეილ სააკაშვილმა 4 აგვისტოს თქვა, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და პრემიერობის კანდიდატად მის შესაძლო დასახელებაზე ჯერჯერობით არ ისაუბრებს. ხატია დეკანოიძემ კი სააკაშვილის საკითხზე გვითხრა: „უფლებამოსილი არა ვარ, გითხრათ რაიმე სახის გადაწყვეტილების შესახებ“].

ჯერჯერობით მხარეები უკან არ იხევენ და, ახალი შეთანხმების მიუხედავად, ამ საკითხზე შეთანხმების ნიშნები არ ჩანს. ამასთან, ირკვევა, რომ ოპოზიცია შესაძლო კოალიციური მთავრობის არათუ წევრებსა და პრემიერობის კანდიდატზე, არამედ მათი დასახელების პრინციპზეც არ არის შეთანხმებული.

ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ასე განუმარტა „ნეტგაზეთს“ ის პრინციპი, რაც პარტიას მიაჩნია სწორად:

„როგორც არ უნდა ამიხსნან პარტნიორი პარტიის ლიდერებმა, ლოგიკა არის ერთი: ვინც უფრო მეტ ხმას მოიპოვებს პარლამენტში ოპოზიციური ერთობიდან, ის პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს… ორი არჩევანია: ან უკრავ კოალიციას ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, ან უკრავ კოალიციას ნაციონალურ მოძრაობას. სხვა არჩევანი ამ ეტაპზე რეალისტურად არ არსებობს“.

მსგავსი განცხადებები გააკეთეს ენმ-ის სხვა ლიდერებმა, მათ შორის, გიორგი ბარამიძემ ტვ პირველის დღის ეთერში 17 აგვისტოს. მსგავსი შეფასება „ევროპულ საქართველოში“ დამაზიანებლად შეაფასეს და თქვეს, რომ საკითხის ასე დაყენება „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ 17 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვაზე გამორიცხა, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიციას შეუქმნიან და განაცხადა: „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას „ევროპული საქართველო“ არ განიხილავს საერთოდ. ჩვენ განვიხილავთ კოალიციას ოპოზიციასთან. ბოკერიამ ასევე განაცხადა: „კოალიცია შედგება. ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი“.

სხვა პარტიების შეხედულებები

ლელო

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ „ლელო“ დაარსების დღიდანვე არ განიხილავს „ორპოლუსიან ველზე, მოქმედი და წინა ხელისუფლების ორ წინამძღოლთან თანამშრომლობას, მათ შორის არც საპრემიერო ფორმატში“.

„ორპოლუსიან ველში ჩვენი როლი, რეალური და ჯანსაღი ალტერნატივის შექმნა, არის ის ფორმულა, რისთვისაც „ლელო“ შეიქმნა და რის განხორციელებასაც მოვახმართ ჩვენს ძალას და ენერგიას. ამიტომ ეს არის ფორმულა: მოხდეს რეალური განახლება, ცვლილება, ოღონდ არა სახელებისა და გვარების, არამედ პოლიტიკის შინაარსის“, – ამბობს ანა ნაცვლიშვლი.

„არ წავალ სახელებისა და გვარების დასახელების გზით, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2 თვეა, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და პოლიტიკურ ველზე გამოიკვეთოს უფრო საინტერესო კონფიგურაცია“, – გვეუბნება ის.

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძემ, რომელიც ახლა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერია, განაცხადა, რომ თავად აპირებს პრემიერობას და თქვა: „ვინ უნდა იყოს და არ უნდა იყოს მთავრობაში, ამას წყვეტს ხალხი მთავრობაში. შესაბამისად, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი, სრულად ახალ გუნდს სთავაზობს ქართველ ამომრჩეველს“.

ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძემ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ თუ მრავალპარტიული კოალიცია არ იქნება, მისი ენმ-სთან თანამშრომლობა გამორიცხულია:

„თუ „ნაციონალურ მოძრაობას“, და მით უფრო მიხეილ სააკაშვილს, დასჭირდება მხოლოდ ჩემი ხმები იმისათვის, რომ კოალიცია შექმნას, რა თქმა უნდა, ისინი ამ ხმებს ვერ მიიღებენ. ჩემი ხმები მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ოპოზიციური კოალიციის სასარგებლოდ მიცემული, თუ იქნება მრავალპარტიული … კოალიცია, სადაც შეიძლება იყოს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“.

მოგვიანებით, 17 აგვისტოს, მან განაცხადა, რომ „ერთპარტიული მმართველობა, ვისიც არ უნდა იყოს, იქნება ეს „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსი“ თუ ნებისმიერ სხვა პოლიტიკური პარტიის, უნდა გამოირიცხოს“.

გირჩი

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ერთპარტიული მმართველობა ქვეყანაში აღარ არსებობდეს, ხოლო კითხვაზე, ვის დაუჭერს მხარს გირჩი პრემიერობის კანდიდატად, ან არის თუ არა ვინმე ისეთი, ვისაც მხარს არ დაუჭერენ, გვითხრა:

„იმ ბრძოლამ, რომელიც წინ გვაქვს, უნდა დაგვანახოს, ვინ უნდა ქართველ ხალხს პრემიერ-მინისტრად. მანამდე ნებისმიერი ლაპარაკი არის გულშემატკივრის მომზადება ამისთვის. მაგრამ სერიოზული ეს სალაპარაკo ხდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაკომპლექტდება და გასაგები იქნება დაახლოებითი კონფიგურაცია პარლამენტში, ვინ რას შვრება, ვის რამდენი წარმომადგენელი ჰყავს და ა.შ“…

იაგო ხვიჩია ნეტგაზეთის კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ გირჩის მიზანია „მეტი თავისუფლება“, ხოლო პარტიის ხმას, — თუკი ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ მათი ხმები ენმ-საც სჭირდება და ოცნებასაც/სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც, — დაიმსახურებს ის, ვინც მის ინტერესებს [„მეტ თავისუფლებას“, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ერთპარტიულობის დასრულებას] გაატარებს. „ამ წუთას ვერ ვამბობ, რომ რომელიმეზე მიმაჩნია შესაძლებლად, ან რომელიმეზე არჩევნების შემდგომი შედეგებით მიმაჩნია ასევე შეუძლებლად“, – ამბობს ის.

ბუნდოვანება

ამომრჩევლისთვის ამ დრომდე ბუნდოვანია, თუ როგორ შეიძლება პარლამენტის დაკომპლექტების შემდეგ დეპუტატების კავშირები შეიქმნას. ბუნდოვანია, თუ ვინ შეიძლება იყოს კოალიციური მთავრობის წამოყენებული პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი, მიახლოებით მაინც.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ხატია დეკანოიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, სექტემბრის დასაწყისში აპირებს ჩრდილოვანი კაბინეტისა და პრემიერობის კანდიდატის დასახელებას. „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წარდგენას გეგმავს „ლელოც“, დაახლოებით, ერთ თვეში. თუმცა კოალიციურ „ჩრდილოვან კაბინეტზე“ საჯარო საუბარი ჯერჯერობით პარტიებს შორის არ მიმდინარეობს.

ამ დავამ, რასაც სხვა პარტიების კომენტარებიც მოჰყვა, აჩვენა, რომ ოპოზიცია არ არის შეთანხმებული, თუ როგორი უნდა იყოს კოალიციური მთავრობა და რა პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს ის [ამას გარდა, ჯერჯერობით ამომრჩეველს არც ცალკეული პარტიების საარჩევნო პროგრამები უნახავს].

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წარმომადგენელი, ახლა კი დამოუკიდებელი ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, ის, თუ როგორ როგორ დააკომპლექტებს ოპოზიცია მთავრობას იმ შემთხვევაში, თუ ამის საშუალება მიეცა, არავინ იცის, მათ შორის, სავარაუდოდ, არც თვითონ ოპოზიციაში.

მთავრობის დაკომპლექტება

ფორმალურად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლი ასე განსაზღვრავს:

  • საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია წამოაყენებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ის კი წარადგენს საკუთარ მინისტრთა კაბინეტს;
  • ახალ მთავრობას ნდობის მისაღებად სჭირდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, ანუ სულ მცირე 76 ხმა;
  • თუკი იმ პარტიამ, რომელიც საუკეთესო შედეგს უჩვენებს არჩევნებზე, ამ 76 დეპუტატის მხარდაჭერა ვერ მიიღო [არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა პარტიისგან], ასეთი სცენარი განვითარდება:
  • ამჯერად პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტი, ანუ, სულ მცირე, 51 დეპუტატი, წამოაყენებს პრემიერობის კანდიდატს, ის კი- საკუთარ მთავრობას;
  • ახალ მთავრობას ნდობის მისაღებად კვლავ 76 ხმა სჭირდება;
  • თუ ვერც ეს მთავრობა — რომელსაც „უმცირესობის მთავრობასაც“ უწოდებენ — მიიღებს ნდობას, ინიშნება რიგგარეშე არჩევნები 6 თვეში, რაც იმავე წესებით [120/30] გაიმართება.

ოპოზიციის პერსპექტივიდან, მთავრობის ფორმირების სწორედ ეს ორი სცენარი არსებობს: პირველით, მოკავშირე პარტიები (ენმ, ევსაქები, ვაშაძე და სხვები ჯამურად) 50%-იან ზღვარს ლახავენ და ასე აკომპლექტებენ მთავრობას.

დავით ზურაბიშვილს, IRI-ს და „ედისონ რისერჩის“ კვლევების ფონზე, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოდ წარმოუდგენია და მეორე სცენარს უფრო შესაძლებლად მიიჩნევს: ქართული ოცნება, მართალია, იღებს საუკეთესო შედეგს, თუმცა 76 ხმას ვერ აგროვებს და ოპოზიციას „უმცირესობის მთავრობის“ დაკომპლექტების შესაძლებლობა უჩნდება.

„ეს [ოპოზიციის კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება] პრაქტიკულად იქნება „აპოკალიფსი“, რომლის შემდეგაც არის ახალი მიწა და ახალი მზე, და ყველაფერი სიახლე, 0-დან იწყება ყველაფერი. ასეთ სიტუაციაში რა იქნება და ვინ ვისთან იქნება, ვერავინ გააკეთებს ამის პროგნოზირებას. პოლიტიკურ ისტორიაშიც არ გვქონია არასდროს ეს სიტუაცია“.

ზურაბიშვილი ამას ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის არქონას უკავშირებს, — რომ „არა ვართ მიჩვეული ასეთ ურთიერთობებს და პარტიებს უჭირთ კომპრომისები… ეს ძალებიც უფრო კონფრონტაციულ რეჟიმს არიან მიჩვეულნი, ვიდრე კონკურენციას და თანამშრომლობას. ამიტომ, რას იზამენ, ვინ ვისთან მივა, ვინ ვისთან გადავა, ვინ რაზე გაბრაზდება, რთული სათქმელია“.

ამასთან, ზურაბიშვილი ამბობს, რომ კვლევების მისეული ინტერპრეტაციით, „ოპოზიციას არ აქვს დიდად დასალხენად საქმე“, იმის გათვალისწინებით, რომ „ოცნების“ რეალური შედეგები, პანდემიის, ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსის მობილიზების ხარჯზე კვლევებში მითითებულზე მეტი შეიძლება იყოს.

გავლენა ელექტორატზე და კონკრეტიკის საჭიროება

მეორე მხრივ, დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ ერთიან კოალიციაზე, მას უნდა მოჰყოლოდა მთავრობის დაკომპლექტების და სამუშაო გეგმის საერთო ხედვა. ამ ხედვის არარსებობის ფონზე „სააკაშვილის საკითხის წინა პლანზე წამოწევამ კი სულ აურია სიტუაცია“.

ამას იმით ასაბუთებს, რომ „ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა არ იცის, რა ელის, როდესაც ოპოზიცია ეუბნება, რომ „კოალიციური მთავრობა იქნება.  მან არ იცის, პრემიერი ვინ იქნება, ვინ რას უხელმძღვანელებს, რას გააკეთებენ, რადგან არავინ ამას არ ამბობს. როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფორმატში ეს არ არის გადაწყვეტილი“.

„თუ ეს კოალიციური ურთიერთობა უნდა იყოს, და თუ ვარ ოპოზიციურად განწყობილი, აქ, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება კოალიციაში პერსონალურად. ვინ იქნებიან წამყვანი ფიგურები მაინც, და, ამასთან, რას გააკეთებენ. საუბარი არ არის პარტიულ სიაზე. საუბარია ხედვაზე, ადვილად გასაგებ მესიჯზე“, – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

„ეს თუ არ დადო ოპოზიციამ, ეს გაურკვევლობა დარჩება. და ასეთ გაურკვეველ მომავალს ოპოზიციურად განწყობილი ხალხი (გარდა ენმ-ის ამომრჩევლისა, რომელიც გარკვეული მიზნის გარშემო ჩამოყალიბებულია) — ხმას არ აძლევს არჩევნებზე. ამიტომაც ოპოზიციას სჭირდება მეტი კონკრეტიკა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი