ახალი ამბები

ბაქრაძის მხრიდან სააკაშვილზე თავდასხმა მათ მაჟორიტარებს მძიმედ დაუჯდებათ — სამადაშვილი

15 აგვისტო, 2020 •
ბაქრაძის მხრიდან სააკაშვილზე თავდასხმა მათ მაჟორიტარებს მძიმედ დაუჯდებათ — სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, დავით ბაქრაძის მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატებს ძალიან ძვირი დაუჯდება.

სამადაშვილი ბაქრაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც „ევროპული საქართველოს“ გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ.

როგორც სამადაშვილი ამბობს, ეს განცხადება დამაზიანებელია როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე,  პირადად დავით ბაქრაძისთვის.

“მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ამ ერთიანობას. იმიტომ, რომ, მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდება, მაგალითად, მაჟორიტარ კანდიდატებს “ევროპული საქართველოდან”, მაგალითად, თბილისში, სადაც მათ სჭირდებათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მხარდაჭერა”, — განაცხადა “მთავარ არხთან” სამადაშვილმა.

მისი თქმით, ამ განცხადების შემდეგ, გაუგებარია, რატომ უნდა ენდოს ბაქრაძეს, ამომრცჩეველი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

“ასევე, ვფიქრობ, რომ ცოტათი გაუგებარი იქნება ამომრჩევლისთვის მსგავსი განცხადებები ადამიანისგან, რომელსაც საკონსტიტუციო უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და გაუგებარია, მაშინ რატომ უნდა ენდოს დავით ბაქრაძეს ამომრჩეველი დღეს, თუ თავის დროზე ვერ ასრულებდა იმ ფუნქციებს, რომელიც ეკისრებოდა”, — განაცხადა სამადაშვილმა.

14 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ღამის კურიერის“ წამყვანმა დავით ბაქრაძეს ჰკითხა: „იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სიებში ჩაწერს სააკაშვილის, მერაბიშვილის ან ადეიშვილის გვარებს, თქვენთვის მისაღები იქნება ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება“?

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებებს და შეთანხმებებს პარტიებს შორის და როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე, „ევროპულ საქართველოს“ ექნება გარკვეული პირობები მომავალ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე მან განაცხადა:

„იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად, არ უნდა იყვნენ… მაგალითად, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი“. ჟურნალისტის კითხვას, „რატომ“, ბაქრაძემ ასე უპასუხა:

„იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე; იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ — სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, – საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ; და იმიტომ, რომ მიგვაჩნია, კოალიციურო ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და, შესაბამისად, მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები“

მასალების გადაბეჭდვის წესი