ქვიარ ადამიანების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, “თანასწორობის მოძრაობამ” 9 წლის იუბილე აღნიშნა. ამ ხნის განმავლობაში ლგბტ აქტივიზმი სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა, დისკუსია თემის წევრთა უფლებებისათვის ბრძოლის ეფექტური ფორმების შესახებ კი – გაფართოვდა. სად არის ამ დისკუსიაში “თანასწორობის მოძრაობის” ადგილი, რა შეიცვალა გასულ 9 წელიწადში და რა არის ის გამოწვევები, რომლებიც დღემდე დგას დღის წესრიგში? ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” ორგანიზაციის პროგრამის დირექტორს, ალა პარუნოვას ესაუბრა.
- ზოგადი კითხვით დავიწყოთ: რას ფიქრობთ, რა შეიცვალა ლგბტ აქტივიზმში გასულ დეკადაში და რა როლი შეასრულა ამ პროცესში “თანასწორობის მოძრაობამ”? სად არის უმთავრესი გამოწვევები?
ჩემი აზრით, ამ 9 წლის განმავლობაში, რაც “თანასწორობის მოძრაობა” მუშაობს, საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ განვითარდა და, ამავდროულად, ახლაც არსებობს რიგი დაბრკოლებები, რომელთაც ყოველდღიურად ვეჯახებით.
კანონმდებლობის დონეზე საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა, თუმცა ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას საკითხი, როგორ ხორციელდება ეს კანონმდებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ კუთხით საკმაოდ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
ამ 9 წლის მანძილზე, ერთადერთი, რაც მყარია, არის პოლიტიკური ჰომოფობია, რომელიც, შეიძლება ითქვას, დაიწყო 2009 წელს ბათუმში, ანტიგეი დემონსტრაციით, მაშინ, როცა არანაირი დემონსტრაცია არ იგეგმებოდა ლგბტ თემის მხრიდან. ამის შემდეგ პოლიტიკური ჰომოფობია პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპზე გადავიდა. პოლიტიკური სპექტრი დგას ჰომოფობიაზე და იყენებს მას, როგორც მექანიზმს. ეს საკმაოდ მწვავე საფრთხეა ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციისთის, რომელიც ადვოკატირებას უწევს კონკრეტულ საკითხებს და როგორც ქვიარ აქტივისტებისთვის, რომლებიც ვცდილობთ, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ქართულ საზოგადოებას, ვაწარმოოთ პოლიტიკა და გვქონდეს ჩვენი დღის წესრიგი.
როდესაც ვლაპარაკობთ უფლებებზე, ასევე მნიშვნელოვანია იმაზე ხაგზასმა, თუ როგორ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება ქვიარ თემი და როგორ მოდის მისი ეკონომიკური უფლებები თანაკვეთაში მთელი საზოგადოების მდგომარეობასთან. როგორც მინიმუმ, მოსახლეობის 90% ეჯახება სოციალურ სიძნელეებს ყოველდღიურად.
ქვიარ თემის დღის წესრიგშიც მწვავედ დგას ეს საკითხი: გარდა იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ნორმალური შრომითი კანონმდებლობა, ქვიარ ადამიანები აწყდებიან ჰომოფობიითა და ტრანსფობიით გამოწვეულ დისკრიმინაციასაც. ჯერ კიდევ დგას ოჯახების მხრიდან მიუღებლობის პრობლემა. ამის შედეგად, თემის წევრთა დიდი ნაწილი ძალიან ადრეულ ასაკში ხდება დასაქმებული სერვისის სფეროში, რათა დამოუკიდებლობა მოიპოვოს საარსებო წყარო. ცალკე საკითხია ტრანს ადამიანების მდგომარეობა და სახელმწიფოს უმოქმედობა ამ კუთხით. მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, რომ ადვოკატირება გაგვეწია გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის, ეს საკითხი რჩება მძიმე გამოწვევად და ტრანს ადამიანები რჩებიან ეკონომიკური და სოციალური განვითარების დაბრკოლებების წინაშე.
- წლების მანძილზე “თანასწორობის მოძრაობა” ბევრს საუბრობდა ხილვადობის პოლიტიკაზე, რომ ჰომოფობიური გარემოს შესაცვლელად, პირველ რიგში, საჭიროა ლგბტ თემის ხილვადობის მაჩვენებლის გაზრდა; ის, რომ მათი ხმა უფრო ფართოდ ისმოდეს ყოველდღიურობაში. წლების შემდეგ, არის თუ არა ეს ორგანიზაციის პრიორიტეტი დღესაც?
2012 წლიდან, როცა პირველი 17 მაისი ჩატარდა, ხილვადობის პოლიტიკა და დემონსტრაციის მოწყობა ქვიარ თემისთვის იქცა ძალიან მნიშვნელოვან აქტად. ეს ძალიანაც გასაგებია, რადგან ძალიან ხელშესახები გახდა აგრესია და ჩაგვრა ქვიარ თემის მიმართ. შესაბამისად, შევჯერდით, რომ დიახ, ჩვენ გვჭირდება დემონსტრაცია.
17 მაისი იქცა დღედ, როცა მთელი მედიისა და პოლიტიკური სპექტრის ყურადღება მთლიანად ქვიარ თემს ეთმობოდა. გაჩნდა განცდა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ვმუშაობდით იმ პერიოდის განმავლობაში, ვოპერირებდით მხოლოდ 17 მაისიდან 17 მაისამდე. ეს ასე არ იყო, თუმცა ასეთი შეგრძნება იყო, რომ ეს დღე იყო ყველაზე მთავარი წლის განმავლობაში.
იმან, რაც მოხდა 2013 წელს და რასაც მოჰყვა ყოველწლიური ბრძოლა ამ დღისთვის, საკმაოდ ბევრი შედეგი მოიტანა. შემიძლია, ვილაპარაკო როგორც პოზიტიურ შედეგებზე, ასევე, ნეგატიურ ზეგავლენაზე.
პოზიტიურ შედეგებში შემიძლია ვთქვა ის, რომ რეალურად გაიზარდა თემის ხილვადობა და საერთო ბრძოლის ველი შეიქმნა, სადაც თემის წევრები გავერთიანდით, თემად ჩამოვყალიბდით. შეიცვალა ასევე ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის, არამხოლოდ ქვიარ თემისთვის, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა გახდა მნიშვნელოვანი. შეიკრა მხარდამჭერთა გუნდი. ასევე, ხილვადობის პოლიტიკამ და 17-მა მაისმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენს პრობლემებზე გვესაუბრა ხმამაღლა და ადამიანებისთვის ჩვენი ხმა მიგვეწვდინა.
თუმცა ამ პროცესს აქვს მეორე მხარეც, რამაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა ქვიარ თემის წევრთა შორის. ეს მეორე მხარე არის [საზოგადოების ნაწილის] უარყოფითი რეაქცია და მანიპულაცია ლგბტ საკითხებით.
არ მინდა, საზოგადოება დავყო ორ ნაწილად: პროგრესულებად და ბნელებად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობენ ინსტიტუციები, ჯგუფები, რომლებიც ჰომოფობიას იყენებენ პოლიტიკურ მექანიზმად. არ ვგულისხმობ მხოლოდ ფაშისტურ თუ ნეონაცისტურ ჯგუფებს. ვგულისხმობ მათაც და რელიგიურ ინსტიტუციებსაც, ისევე როგორც პოლიტიკურ პარტიებს.
ამ აქციების ორგანიზების პროცესში, საკმაოდ მალე, ქვიარ თემმა დაკარგა პროცესის მართვის სადავე. ჩვენ წაგვერთვა ჩვენი პოლიტიკის, დღის წესრიგის წარმოების შესაძლებლობა. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ყოველი 17 მაისის ორგანიზების პროცესში გვიწევდა ცალკე კომუნიკაცია შსს-სთან. ყოველთვის სახელმწიფოს მხრიდან იყო მანიპულაციის მომენტი. იყო ძალიან გრძელვადიანი მოლაპარაკებები, თუ სად, როგორ, რა ფორმით და რანაირად ჩატარდებოდა აქცია. მეორე მხრივ, ეს რადიკალური ჯგუფები თავის მხრივ ცდილობდნენ ამ დღის გამოყენებას თავისი თავის პოპულარიზაციისთვის, რასაც ძალიან კარგად ახერხებდნენ. ამ ფონზე კი, სახელმწიფო ცდილობდა, დაენახებინა საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ის იცავდა ჩვენს უფლებებს, მიუხედავად იმ მანიპულაციებისა, რისი გავლაც ყოველ ჯერზე გვიწევდა. ამ პროცესის სათავისოდ გამოყენების მცდელობა შეინიშნებოდა გარკვეული ოპოზიციური ძალების მხრიდანაც.
შესაბამისად, უკვე 2017 წელს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ნებისმიერი მასობრივი დემონსტრაციის ორგანიზება ნიშნავდა ყველა ამ აქტორის მხრიდან ჩვენი თემით მანიპულაციას. შესაბამისად, სრულიად გამოგვეცალა ხელიდან ამ პროცესის წარმართვის ბერკეტი და 2018 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება: გავაუქმეთ 17 მაისისთვის დაგეგმილი აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ.
ძალიან ხშირად, 2018 წლის 17 მაისზე როდესაც ვსაუბრობთ, ხდება იმ საკითხზე აქცენტირება, რომ ქვიარ თემმა, მათ შორის, “თანასწორობის მოძრაობამ”, უარი თქვა შეკრების ორგანიზებაზე იმის გამო, რომ იყო ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე. თუმცა, ჩვენ რომ გადავხედოთ იმ განცხადებას, რომელიც 2018 წლის 16 მაისს გაკეთდა, იქ სხვა საკითხებზეც ვსაუბრობდით. იქ საუბარი გვქონდა პოლარიზაციაზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არ არსებობს ბნელი და პროგრესული. მე ამის მჯერა. კი ბატონო, ის ძალადობრივი, სიძულვილის ენა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნება და ბევრი ავტორიტეტული ადამიანის თუ ინსტიტუციის მხრიდან ვრცელდება, ზეგავლენას ახდენს საზოგადოების ნაწილზე და ძალიან ბევრ მათგანს აქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები.
თუმცა აქ არ არის ორი მხარე და 2018 წელს ძალიან რადიკალური პოლიტიკური ნაბიჯი გადავდგით, როცა ვთქვით, რომ ჩვენ აღარ გვინდა, მეორე მხარეს ვიდგეთ და შევქმნათ ბარიკადი. ჩვენ უარი ვთქვით დღეზე, რომელიც 2013 წლიდან მოყოლებული იყო ჩვენი ბრძოლის ველი, ჩვენი აქტივიზმის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე. ჩვენ უარი ვთქვით, რათა დაგვერღვია ის ბარიკადები, რომლებიც შეიქმნა არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე საზოგადოების ჯგუფებს შორის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენგან, რომელიც მინდა, ყოველთვის გაჟღერდეს.
მინდა, ყოველთვის გაესვას ხაზი, რომ მარტო იმის გამო კი არ ვთქვით უარი გარეთ გასვლაზე, რომ შეგვეშინდა, არამედ ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ აღარ გვინდა ბნელისა და პროგრესულის შეჯახებაში ვიყოთ; აღარ გვინდა, ვიყოთ იმ მდგომარეობაში, როცა საზოგადოება გვეწინააღმდეგება და ჩვენ ვეწინააღმდეგებით საზოგადოებას. ჩვენ არ გვინდა ბარიკადები და არ გვინდა, რომ ყოველ ჯერზე ვიყოთ დასაცავები პოლიციის მხრიდან, ან იყოს რაღაც სამოქალაქო დაპირისპირება. მაგალითად, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ, 2018 წლის 12 და 13 მაისს, ჩვენ, აქტივისტები, ვიყავით იქ, პარლამენტის წინ და ვნახეთ, როგორც გვიცავდა ის პოლიცია, რომელიც 1 დღით ადრე გვარბევდა. ასე არ ხდება.
ჩვენ საზოგადოების წევრები ვართ, მოსწონს ეს ამ საზოგადოებას თუ არ მოსწონს, და დიახ, ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც 2018 წლის 12-13 მაისს საკმაოდ რადიკალური სახით გამოჩნდა, არ გაგვემეორებინა 17 მაისს.
აღარ გვინდა, ორი მხარე იდგეს რუსთაველზე. ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან საერთო პრობლემები. ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე პრობლემები.
ანუ, შეიძლება ითქვას, რომ იმ პლატფორმამ, რაც 17 მაისს, თუნდაც აქტივისტების სიტყვით გამოსვლისას იქმნებოდა, უკუშედეგი გამოიღო? ვინც თქვენს რიტორიკას ეწინააღმდეგებოდა თავის დროზეც, მოჰყავდათ თუნდაც უკრაინის მაგალითი, როცა პირველი პრაიდი კიევში ჯარმა დაიცვა. შემდგომ ღონისძიების მასშტაბები იზრდებოდა, წინააღმდეგობა კი – მცირდებოდა. სად არის მაშინ ალტერნატიული გზა, რითაც საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, რომელიც ქვიარ თემს დღემდე ალმაცერად უყურებს, ეტყვით, რომ თქვენც და მათაც საერთო პრობლემები გაქვთ? სად არის დღეს ეს პლატფორმა?
ჩვენ არ ვთვლით, რომ ხილვადობის პოლიტიკაზე მთლიანად უნდა ვთქვათ უარი, არავითარ შემთხვევაში. ქვიარ თემს ნამდვილად სჭირდება ხილვადობა და ყოველდღე უნდა ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც დგას ჩვენ წინაშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს ის მეთოდები, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ, რადგან ის კონკრეტული მეთოდი იძლევა ჩვენით მანიპულირების საშუალებას. ეს დიდი პრობლემაა.
აზრთა სხვადასხვაობა, რაც დღესდღეობით არსებობს, არის ეს: ჩავატაროთ მასობრივი დემონსტრაცია თუ არა. დემონსტრაცია მრავალნაირი ფორმით არსებობს: მაგალითად, 2018 წელს, 17 მაისს, როცა კანცელარიასთან [თემის წევრებისა და მხარდამჭერების ნაწილის მიერ] გაიმართა აქცია, პარალელურად, ასევე იყო პარტიზანული აქციები სხვადასხვა ინსტიტუციებთან და სახელმწიფოს წინაშეც გაჟღერდა ის გამოწვევები, რომლებსაც ვაწყდებით.
მიგვაჩნია, რომ ჩვენ არ გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ქვიარ თემი დღესდღეობით ამ უფლებით ვერ სარგებლობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: 2017 წელს ჩვენ ჩავატარეთ აქცია კანცელარიასთან. რაც გამოიწვია ამ აქციამ, იყო ფასადური სიტყვის თავისუფლების ჩვენება: ჩაგვსვეს მანქანებში, გაგვიყვანეს ქალაქიდან, მერე შემოგვიყვანეს… ეს არ არის თავისუფლება. რეალურად, 2012 წლის შემდეგ ვერც ერთხელ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ეს უფლება განგვეხორციელებინა. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ამ მეთოდით მიზანს ვერ ვაღწევთ.
ალტერნატივებზე ვისაუბროთ. როგორ შეიძლება, რომ ეს მესიჯები, რომლებიც “თანასწორობის მოძრაობის” თუ რიგი სათემო ორგანიზაციების წიაღში ჟღერდება, გავიდეს ფართო საზოგადოებამდე და გაიგონ ადამიანებმა, რომ ქვიარ თემის წევრებსა და საზოგადოების სხვა ჯგუფებს შორის მსგავსებები მეტია, ვიდრე განსხვავებები. ზოგჯერ ეს გზავნილები ისევ ორგანიზაციების წიაღში რჩება ხოლმე…
მიმაჩნია, რომ არ არსებობს ერთგვარი პანაცეა ამ შემთხვევაში. სხვა გზის პოვნას სჭირდება დრო, თუმცა ეს იქნება უფრო მდგრადი შესაძლებლობა ცვლილებებისთვის. მე მიმაჩნია, რომ ალტერნატივა არის თუნდაც მცირე დემონსტრაციებში, კამპანიებში და მედიის პროაქტიულ მუშაობაში ჩვენთან. მედიაში ქვიარ თემის საკითხები ფართოდ შუქდება მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ეხება ძალადობას თუ შეხლა-შემოხლას. შემდეგ უკვე, როდესაც თუნდაც პრაიმტაიმში[ძირითად სატელევიზიო საეთერო დროში] აქტივისტებს გვიწევს საუბარი, ისევ და ისევ გვიწევს ოპონირება იმ ადამიანებთან, რომლებიც სიძულვილის ენას ავრცელებენ, კონკრეტული იდეოლოგია აქვთ და ეს იდეოლოგია არის ნეონაციზმი და ნეონაციონალიზმი. ამ ადამიანებს ყოველთვის უფრო მეტი სივრცე აქვთ ასეთ დროს.
გულისხმობთ სატელევიზიო თოქ შოუებსა და მსგავს პროგრამებს?
დიახ. ასეთ დროს მათ უფრო მეტი სივრცე ეთმობათ, ვიდრე ადამიანებს, ვისაც გვაქვს სათქმელი, თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს დამოკიდებულებაც შესაცვლელია მედიის მხრიდან. განგრძობადი უნდა იყოს ეს პროცესი.
გასულ წლებში ლგბტ აქტივიზმში რიგი მიმართულებები გაჩნდა, ადამიანებმა აირჩიეს სხვადასხვა გზა. იყო პრაიდის პირველი კვირეულიც თბილისში, გასულ წელს. არაერთგზის ჟღერდებოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილება, სადაც, წინააღმდეგობის მიუხედავად, პრაიდმა მოიკიდა ფეხი და ქვიარ თემის თვითგამოხატვის ერთ-ერთ ეფექტურ გზად იქცა. როგორ უყურებთ ამ პროცესს, სხვადასხვა მიმართულების არჩევა ამრავალფეროვნებს ლგბტ აქტივიზმს და უფრო მოქნილს ხდის მას, თუ პირიქით?
ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ალბათ არის ის, რომ მოხდა იმ პოლიტიკისა და მეთოდების გადააზრება, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ასევე გაჩნდა ამ სტრატეგიის ცვლილების კერები. ამ მიმართულებას შევაფასებდი, როგორც მთლიანი პროცესის პოზიტიურ შედეგს.
რაც შეეხება პრაიდის საკითხს და იმას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბევრ ქვეყანაში პრაიდმა ადამიანებს გარეთ გასვლის შესაძლებლობა მისცა, რასაკვირველია, ყველა ამ სახელმწიფოს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე ახლოს კულტურულად, პოლიტიკურად თუ სოციალურად სწორედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ვდგავართ. თუმცა მნიშვნელოვანია იმაზე საუბარიც, რა შედეგები გამოიწვია პრაიდმა თემის წევრების საჭიროებებთან მიმართებით. იგივე უკრაინასა და სერბეთში ჰომოფობია და დისკრიმინაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში რჩება უცვლელი. მძიმე საკითხად რჩება სოციალური და ეკონომიკური უფლებების უკან ჩაჩოჩება, რომელიც ქვიარ თემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ასე რომ, გასაგებია, რომ შეიძლება, სწრაფი შედეგის მიღების დონეზე მოვახერხოთ ის, რომ აქცია გავმართოთ, თუმცა შემდგომ, საჭიროებების კუთხით, ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფლებრივი კუთხით როგორი შედეგი ექნება ამას თემის წევრებისთვის, ეს მეორე საკითხია. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია ამის ერთადერთ ალტერნატივად წარმოჩენა.
როგორ ფიქრობთ, სად არის დღეს “თანასწორობის მოძრაობის” ადგილი და როლი ქვიარ აქტივიზმში? საით წავიდა ეს ორგანიზაცია ამ 9 წელიწადში?
9 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა. გვაქვს შედარებით უკეთესი სამართლებრივი გარემო, თუმცა საჭიროებებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ ვეჯახებით იმას, რომ ეს კანონები ყოველდღიურ ცხოვრებაში ბოლომდე არ სრულდება. ასევე შეიცვალა ის, რომ თემის ხილვადობა გაიზარდა. თემს მიეცა მოძრაობის სახე, რაც საკმაოდ პოზიტიური შედეგია.
დღეს “თანასწორობის მოძრაობა” ცდილობს, თემის საჭიროებებზე დაყრდნობით აწარმოოს პოლიტიკა. რა არის ეს საჭიროებები: ეს არის უფლებრივი მდგომარეობა, ჰომოფობიური და ტრანსფობიური გარემოს ცვლილება, ეს არის ჯანდაცვის სფეროსთან მუშაობა და ადვოკატირება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა თემისთვის და ასევე ტრანსსპეციფიკური სერვისების ჩამოყალიბება…
თემის საჭიროებებს ეხმიანება ჩვენი სერვისებიც, რომელთაც მათ ვაწვდით: ეს არის აივ პრევენცია, სოცმუშაკის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, იურისტის მომსახურება და სხვა.
თქვენი ორგანიზაცია 2011 წელს დაფუძნდა. მაშინ არც 2013 წლის 17 მაისი იყო მომხდარი, ადამიანთა დიდმა ნაწილმა არაფერი იცოდა არც ამ დღეზე და არც თემის საჭიროებებზე. რას ფიქრობთ, საზოგადოების განწყობებში თუ შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები? ხედავთ ამ პროცესში სათემო ორგანიზაციების როლს?
ვერ ვიტყვი, რომ ძირეული ცვლილებები შეინიშნება საზოგადოებაში ამ კუთხით. ერთადერთი ძირეული ცვლილება ის არის, რომ ალბათ ადამიანებს აღარ უჩნდებათ კითხვა, არსებობენ თუ არა “ქართველი გეიები”. მოხდა იმის აღიარება, რომ ლგბტ თემის წევრები ნამდვილად არსებობენ და ცხოვრობენ ამ საზოგადოებაში. შეიძლება, დამოკიდებულება არ შეცვლილა ძირეულად, თუმცა იმის აღქმა, რომ ვარსებობთ და ვართ ადამიანები, გაჩნდა ნამდვილად.
მკაფიოდ ვხედავ ამ პროცესში “თანასწორობის მოძრაობისა” და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების როლს. მთელი ამ ხნის მანძილზე აქტიურად ხდებოდა და ხდება პოლიტიკური ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა. ყოველთვის ვცდილობთ, ვამხილოთ არსებული ვითარება და ჩვენი პოლიტიკაც იმისკენაა მიმართული, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას.
ძვრები არის თუნდაც იმ კუთხით, რომ ჩვენი ადვოკატირების შედეგად, სახელმწიფო ცდილობს, დასავლეთს დაანახოს, რომ იცავს ქვიარ თემის უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ პროცესში ვხვდებით მანიპულაციას, რაღაც ტიპის ნაბიჯების გადადგმა და ცვლილებების შემოტანა თუნდაც სამართლებრივი კუთხით უკვე შეიძლება ჩაითვალოს სათემო ორგანიზაციების მუშაობის შედეგად.
დასასრულს, რახან სახელმწიფოს პოლიტიკას შევეხეთ, გკითხავთ: მთელი ამ ხნის მანძილზე, როგორია თქვენი გამოცდილება სახელმწიფოსთან თანამშრომლობის კუთხით? ავიღოთ ორიენტირი, თუნდაც, 2013 წლის 17 მაისიდან: შეიცვალა ან გაუმჯობესდა რაიმე მას შემდეგ?
რასაკვირველია, საკმაოდ პოზიტიური შედეგი ჰქონდა შსს-ში შექმნილ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს. ჩვენი ორგანიზაციაც ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ამ ორგანოსთან და როდესაც ჩვენი იურისტები თუ სხვა სათემო ორგანიზაციები არიან ჩართულები პროცესში, შეინიშნება ცვლილებები გამომძიებლების მხრიდანაც, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ეფექტურად გამოიძიონ.
თუმცა ამ კუთხით კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. თვითონ გამოძიების პროცესში და შემდეგ უკვე სასამართლოში რომ მიდის კონკრეტული საქმეები, ხშირად ვერ ხერხდება შესაბამისი მოტივის გამოკვეთა. ეს განპირობებულია იმით, რომ არ გვაქვს სპეციალური დანაყოფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხებზე. გვჭირდება ცვლილებები სასამართლოსა და პროკურატურის დონეზეც.
აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან და პანდემიის შედეგებთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერა იყო მათი მხრიდან. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ გვჭირდება თავშესაფარი, გვჭირდება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.
ასე რომ, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოს მხრიდან მუშაობის მზაობა არსებობს, თუმცა ეს მზაობაც რაღაცნაირად შემოსაზღვრულია.
როცა რაღაც ტიპის დანაშაულს ეხება საქმე ან რაღაც ტიპის საფრთხეს, შსს საკმაოდ აქტიურად ერთვება, თუმცა, მეორე მხრივ, შეგვიძლია გავიხსენოთ 9 სექტემბერი, როცა აქტივისტები არ შეუშვეს სტადიონზე ლგბტ სიმბოლიკით. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებები და პრაიდის კვირეული. რეალურად, როცა საქმე ეხება მასობრივ დემონსტრაციას და უსაფრთხოების დაცვას, ამ შემთხვევაში შსს არ ახორციელებს სათანადო პრევენციულ ზომებს და მივდივართ იქამდე, რომ გვიწევს ბარიკადების ორ მხარეს დგომა.
ფოტო გარეკანზე: ქალთა ფონდი საქართველოში