ახალი ამბები

4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დაიწყო – გამყრელიძე

19 აგვისტო, 2020 • 1120
4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დაიწყო – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 17 აგვისტოდან საქართველოს 4 დიდ მუნიციპალიტეტში დაიწყო სეროპრევალენტობის კვლევა. ეს მუნიციპალიტეტებია ქობულეთი, ხელვაჩაური, მარტვილი და ბორჯომი.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, სეროპრევალენტობის კვლევა იძლევა ინფორმაციას ინფექციის ცირკულირების შესახებ — თუ რამდენ ადამიანს, მოსახლეობის დაახლოებით რა პროცენტს, აქვს გადატანილი ინფექცია ისე, რომ არ იცის (ძირითადად, უსიმპტომოდ).

კვლევამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა დაადგინოს, როგორია კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების მასშტაბი ოთხ მუნიციპალიტეტში.

„სეროპრევალენტობის კვლევა გულისხმობს შემდეგს: შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა 1200 ადამიანი; მათთან მიდიან ჩვენი ეპიდემიოლოგიები, ატარებენ გასაუბრებას, ავსებენ კითხვარს, ხდება ვენური სისხლის აღება და მისი იმუნოგლობულინ G-ზე გამოკვლევა, რაც გვაძლევს ინფორმაციას, ადამიანს კორონავირუსული ინფექცია გადატანილი აქვს თუ არა, ვთქვათ, სიმპტომებით ან უსიმპტომოდ“,  – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმითვე, აღნიშნულ კველვას დაახლოებით ერთი თვე ან თვე-ნახევარი დასჭირდება.

მსგავსი კვლევა 2 თვის წინ ჩატარდა თელავსა და ბოლნისში. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, სეროპრევალენტობის კვლევების ჩატარება ქვეყანაში გარკვეული პერიოდულობით გაგრძელდება.

ამასთან, 18-27 მაისის შუალედში თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ ჩაატარა COVID-19 სეროპრევალენტობის კვლევა თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, 19 აგვისტოსთვის ქვეყანაში კორონავირუსის, ჯამში, 1361 შემთხვევაა დადასტურებული. 1098 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. 238 ადამიანი მკურნალობას აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი