ახალი ამბები

თბილისის სეროპრევალენტობის კვლევის წინასწარი შედეგები

29 ივნისი, 2020 • 977
თბილისის სეროპრევალენტობის კვლევის წინასწარი შედეგები

თბილისის ინფექციური საავადმყოფო თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში COVID-19 სეროპრევალენტობის კვლევის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

საავადმყოფოს ცნობით, ა.წ. 18-27 მაისს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მიერ ჩატარდა თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში COVID-19 სეროპრევალენტობის განმსაზღვრელი კვლევა.

კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 1068 პირმა თბილისის ათივე რაიონიდან. მათგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა 10 პირს. სეროპრევალენტობის შეუწონავმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.94%. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის რაიონული, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მიხედვით მონაცემების შეწონვის შემდეგ სეროპრევალენტობამ შეადგინა 1.18%

კვლევაში გამოყენებული იყო საერთაშორისოდ ვალიდირებული სანდო ტესტ-სისტემა. მიუხედავად ამისა, ჯვარედინი რეაქცია სხვა კორონავირუსულ ინფექციებთან გამორიცხული არ არის, შესაბამისად, კვლევაში მიღებული სეროპრევალენტოის მაჩვენებელი შესაძლოა, რეალურზე უფრო მაღალი იყოს”, – ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

“შედეგების ინტეპრეტაციისას ასევე გათვალსწინებელია, რომ კვლევაში გამოყენებულ იქნა რესპონდენტზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდი (respondent driven sampling), რომელიც დამყარებულია „თოვლის გუნდის“ (snowball) პრინციპზე, როდესაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა კვლევაში ჩართოს თავისი სოციალური წრის 3 წარმომადგენელი.

ზოგიერთ სხვა ქვეყანასა და ქალაქში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგები ინფექციური საავადმყოფოს მიხედვით:

  • ლოს ანჯელესის საგრაფო (აშშ) – გამოკვლეულია 863 პირი, პრევალენტობა – 4,65%;
  • ნიუ იორკის შტატი (აშშ) – გამოკვლეულია 1500 პირი, პრევალენტობა – 13,9%;
  • ქ. ნიუ იორკი (აშშ) – გამოკვლეულია 1500 პირი, პრევალენტობა – 21,2%;
  • ქ. სტოკჰოლმი (შვედეთი) – გამოკვლეულია 1000 პირი, პრევალენტობა – 10%;
  • ქ. ჟენევა (შვეიცარია) – პრევალენტობა – 10,8%.

მასალების გადაბეჭდვის წესი