ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ანტირუსული განწყობები იზრდება

18 აგვისტო, 2020 • 1864
სომხეთში ანტირუსული განწყობები იზრდება

ჰრანტ მიკაელიანი, ანალიტიკოსი, ერევანი


ბოლო ორი წელია, სომხეთში მუდმივად გამოხატავენ შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ სომხურ-რუსული ურთიერთობები უარესდება. ეს საკითხი მეტწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთში არ ენდობიან იმ ადამიანებს, რომლებიც 2018 წლის რევოლუციის შემდეგ სომხეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ. 

სომხეთის ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის ბიოგრაფია დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფონდებს უკავშირდება, ბევრი მათგანი წინა წლებში რუსეთის საელჩოსთან გამართულ მიტინგებშიც აქტიურად მონაწილეობდა. 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ ადამიანებმა გამოაცხადეს, რომ ანტირუსულ კურსს არ გაატარებდნენ, სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და ზოგადად, ამ მიდგომით იხელმძღვანელებენ. 

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში რამდენჯერმე იყო ჩასული, სადაც აცხადებდა, რომ “სომხეთსა და რუსეთს შორის ბრწყინვალე ურთიერთობებია და პრობლემები არ არსებობს”. 

თუმცა ეს ოპტიმიზმი ბოლო პერიოდში აღარ შეიმჩნევა. სიმბოლურ სივრცეში ურთიერთობები უარესდება და ამ სურათის შემჩნევა რთული არაა. უნდობლობა არა მხოლოდ ხელისუფლების დონეზე, არამედ მოსახლეობაშიც იზრდება და ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს. 

2016 წლის ანტირუსული აქცია ერევანში ლავროვის ვიზიტის დროს; ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები საზოგადოებრივ აღქმაზე გავლენას ახდენს, აღნიშნული საკითხების განხილვა ცალ-ცალკე სჯობს.

სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები და მათი შეფასება მოსახლეობის მიერ

ისტორიულად, რუსეთი სომხეთში აღიქმებოდა არა მხოლოდ როგორც პარტნიორი, არამედ უფრო, როგორც ბატონი. კავკასიაში რუსეთის შემოსვლის მომენტიდან, სომხები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცნენ. დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდის [1918-1920] შემდეგ წლებში – საბჭოთა რესპუბლიკების შემადგენლობაში. იმის მიუხედავად, რომ ეს ურთიერთობები ყოველთვის არ ყოფილა თანაბარი, სპარსეთის,  მოგვიანებით კი, თურქეთის მხრიდან ფიზიკური საფრთხე ყოველთვის რჩებოდა გადამწყვეტ არგუმენტად რუსეთის სასარგებლოდ. 

უკანასკნელი 30 წელი სიტუაცია იცვლება – სომხეთი დამოუკიდებელია და იმის მიუხედავად, რომ ორ მილიონამდე სომეხი რუსეთში ცხოვრობს, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღარაა. 

2008 წლიდან რუსეთში რეგულარულად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სომხეთში მიმდინარეობს რუსეთთან პრიორიტეტული პარტნიორობის პარადიგმიდან გასვლის პროცესი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა ის გარემოება, რომ სომხეთმა არა მხოლოდ არ დაუჭირა მხარი 2008 წლის აგვისტოში რუსულ სამხედრო ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ, არამედ საშუალებაც არ მისცა რუსეთს, გიუმრის 102-ე ბაზიდან საქართველო ალყაში მოექცია.

სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

კავკასიური ბარტომეტრის CRRC მონაცემებით, 2013 წელს სომხეთში გამოკითხული 83% რუსეთს სომხეთის მთავარ მეგობრად მიიჩნევდა, 2020 წელს კი ასეთი მხოლოდ 57% აღმოჩნდა. 

მსგავსი შედეგის მთავარ მიზეზებს შორის იყო სომხურ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში რუსეთის ორმხრივი თამაშის გამო გაღიზიანება[ბოლო წლებში რუსეთმა აზერბაიჯანს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღი მიჰყიდა], ასევე, ეკონომიკური სირთულეები, რომელიც დროში დაემთხვა ევრაზიულ კავშირში შესვლას (2015). 

განვიხილოთ  სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ პასუხების დინამიკა 

გრაფიკა 1. მათი წილის შეფასება, ვისაც სომხურ-რუსული ურთიერთობები მეგობრულად მიაჩნია

შენიშვნა: კითხვა დაისვა შემდეგნაირად: “ფიქრობთ თუ არა, რომ რუსეთი თქვენი ქვეყნის მეგობარია? შეუძლია თუ არა თქვენს ქვეყანას ჰქონდეს ამ ქვეყნის იმედი სომხეთისთვის რთულ დროს?” წყარო – ბარომეტრი 2012-2017

როგორც CRRC-ის გამოკითხვაში ვნახეთ, მათი რიცხვი, ვინც სომხურ-რუსულ პარტნიორობას პრიორიტეტულად მიიჩნევს, 2017 წლის შემდეგაც მცირდება. 

უკანასკნელ დროს ურთიერთობების დინამიკას ახალი ფაქტორიც დაემატა – სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა. MPG/GIA-ის გამოკითხვით, 2019 წლის ნოემბერში 29.7% ფიქრობდა, რომ სომხეთი რუსეთზე უნდა იყოს ორიენტირებული, 27.6% კი მიიჩნევდა, რომ რეალურად, ასეც არის. 

ამავე ორგანიზაციის 2020 წლის ივნისის გამოკითხვით, რუსეთის სასარგებლოდ ორიენტირების მომხრეთა მაჩვენებელი 25.1%-მდე ჩამოვიდა, მათი კი, ვინც მიიჩნევს, რომ სომხეთი რუსეთზეა ორიენტირებული – 21.3%-მდე. 

2020 წლის 10 ივლისს სომხეთში ნაციონალური უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მიიღეს. მასში რუსეთის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც სომხეთის სტრატეგიული მოკავშირე. თუმცა ამ მახასიათებლის აღწერის მოცულობა დაახლოებით 2.5- ჯერ ნაკლებია, ვიდრე წინა სტრატეგიაში. 

რუსი ოფიციალური პირები, თავის მხრივ, სულ უფრო ნაკლებად ახსენებენ სომხეთს, როგორც “სტრატეგიულ პარტნიორს” და ხშირად, უბრალოდ, “პარტნიორად” მოიხსენიებენ. 

24 ივნისს ნიკოლ ფაშინიანი გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 75-ე წლითავისადმი მიძღვნილ აღლუმზე მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა და არ წავიდა. სამაგიეროდ, ევრაზიული კავშირის სამიტზე მინსკში ჩავიდა. ამით ფაშინიანი შეეცადა ეჩვენებინა საკუთარი დამოკიდებულება, ვინაიდან მოსკოვი გაზის ტარიფთან დაკავშირებით დათმობაზე არ მიდის, მაშინ, როცა საერთაშორისო ფასები ბუნებრივ აირზე მცირდება. 

ზოგადად, ერევანში გამართული ევრაზიული კავშირის სამიტის შემდეგ, სადაც პუტინს მეტ-ნაკლებად ცივად დახვდნენ, ორ ლიდერს შორის კონტაქტები შესუსტდა. 

რამდენიმე დღის წინ სომხეთში “აუდიოვიზუალური მედიის შესახებ” ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმად, უცხოური, პირველ რიგში კი, რუსული ტელეარხების შეზღუდვა მოხდება. ტელერადიომაუწყებლობის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა ტიგრან აკოფიანმა კი განაცხადა, რომ სომხეთმა საერთოდ უნდა შეწყვიტოს რუსული არხების ტრანსლირება. 

კანონი ძალაში 2021 წლიდან უნდა შევიდეს. რუსეთის მხრიდან კი უკვე ისმის პროტესტი. 

რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის შემდეგ, სომხეთის ცენტრალურ არხზე ალექსეი ნავალნის ვიდეორგოლიდან ფრაგმენტები აჩვენეს, სადაც ნავალნი აცხადებს, რომ რეფერნდუმი ფალსიფიცირებულია. 

ივნისის დასაწყისში სომხეთმა უარი თქვა რუსულ კრედიტზე მეწამორის ატომური ელექტროსდგურის მოდერნიზაციისთვის და განაცხადა, რომ ამას საკუთარი ხარჯებით გააკეთებს.

იზრდება თუ არა ანტირუსული განწყობები საზოგადოებაში

საგარეო პოლიტიკური კონტექსტი საზოგადოებრივ აღქმაზე გავლენას ახდენს – როგორც ვხედავთ, სომხეთში მცირდება ადამიანების რიცხვი, ვინც რუსეთს მოკავშირედ მიიჩნევს. თუმცა, ჯერ რასაც ვხედავთ, არა ანტირუსული განწყობების ზრდაზე, არამედ პრორუსული განწყობების შემცირებაზე მეტყველებს. ეს ნამდვილად ფაქტია. თუმცა იზრდება თუ არა ანტირუსული განწყობები? 

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების დონეს შეფასება მიეცეს, ჯობს კულტურულ დინამიკას შევხედოთ. 

თუკი პოლიტიკური დინამიკა უფრო მეტად კონინუქტურას ექვემდებარება, კულტურული – პირიქით – უფრო მეტად ინერციულია, თუმცა უფრო სიღრმისეულ ტენდენციებს აღწერს და თავად ახდენს გავლენას პოლიტიკურ სიტუაციაზე. 

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რუსული რბილი ძალისა რუსული ენაა, რომელიც ბოლო წლებში სომხეთში სულ უფრო ნაკლებ მნიშვნელობას იძენს. 

გრაფიკა 2. პასუხი კითხვაზე “რომელი უცხი ენა უნდა იყოს სავალდებულო სომხეთის სკოლებში?” 

წყარო: CRRC Data Initiative 2007, 2009, 2010 / Caucasus Barometer 2011, 2012, 2013, 2015, 2017, 2019

თუკი 2013 წლამდე პერიოდი სომხეთში ინგლისური ენის მხარდაჭერის უპირატესობის პერიოდად შეგვიძლია მივიჩნიოთ, 2014-2015 წლებში სომხეთის მოსახლეობისთვის რუსულიც და ინგლისურიც ერთნაირად მნიშვნელოვანი გახდა. ეს დაკავშირებული იყო სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლასთან, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რუსული ენა პრიორიტეტული გახდა. 

ამა თუ იმ ენის სკოლაში სავალდებულო სწავლა აჩვენებს არა იმდენად მიმდინარე სიმპათიებს, არამედ ამა თუ იმ მიმართულების განვითარების პერსპექტივას. 

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუკი არჩევანი სკოლაში რუსული ენის სწავლებას ან არასწავლებას შორის იქნებოდა, უმრავლესობა დადებითად უპასუხებდა, თუმცა ისინი არჩევანის წინაშე დააყენეს –  “რუსული ან ინგლისური”.

ბოლო წლებში, სომხეთის ევრაზიულ კავშირში წევრობის მიუხედავად, რუსული ენის პრიორიტეტი იკლებს და ამჟამად ბოლო 15 წლის პერიოდში ყველაზე დაბალია. ამჟამად, დანაწილების მომენტი ასეთია: 59% – ინგლისური ენის მომხრე, 33% – რუსული ენის, 8% – ან ნებისმიერი უცხო ენის სწავლების მოწინააღმდეგეა ან სხვა ნებისმიერი ენის სწავლების მომხრე.  

რუსულის მიმართ ინტერესი იმაზე სწრაფად ეცემა, ვიდრე ინგლისური ენის მიმართ იზრდება, შესაბამისად, დამოუკიდებელი დინამიკა აქვს. ამასთან, გრაფიკის თანახმად, ეს დინამიკა მდგრადია და არა ისეთი მერყევი, როგორც 2007 და 2010 წლებში.

ბოლოს კი შეგვიძლია გავიხსენოთ სხვადასხვა ქვეყანაში მაუწყებლობისთვის გათვლილი რუსულ ტელეარხ RT-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის პოლემიკა.

მარგარიტა სიმონიანმა რუსეთში მცხოვრები სომხების სახელით ფაშინიანი არაოფიციალურ ანტირუსულ პოზიციებში დაადანაშაულა.

სომხეთში მარგარიტა სიმონიანის წერილმა სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია არა იმდენად მისი პოზიციის, არამედ უფრო მისი უხეში ტონის გამო. აქ კი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სიმონიანის მსგავსად ფიქრობენ და მის მიმართ ლოიალური არიან სომხეთში მცხოვრები რუსებიც და მათი ეს ხედვები სომხეთში არსებული ხედვისგან ძალიან განსხვავდება. გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის კი ეს დიდი პრობლემაა.

ამავე თემაზე: 

სომხურ-რუსული ურთიერთობების პარადოქსები

მასალების გადაბეჭდვის წესი