ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხურ-რუსული ურთიერთობების პარადოქსები

7 ივნისი, 2017 • 12994
სომხურ-რუსული ურთიერთობების პარადოქსები

რამდენიმე წლის წინ საქართველოში, ერთ-ერთ სემინარზე, ერთი ქართველი პოლიტოლოგისგან ასეთი მოსაზრება მოვისმინე: “როდესაც სამხრეთ კავკასიაზე ვსაუბრობთ, სომხეთს ვუყურებთ როგორც რეგიონის იმ ნაწილს, რომელიც რუსეთის გავლენის ზონაში გადავიდა”. მონაწილეები სომხეთიდან, რასაკვირველია, არ დაეთანხმნენ ამ მოსაზრებას და დისკუსიაც გაჩაღდა.  ასეთი მოსაზრება სომხეთის საზღვრებს გარეთ, მათ შორის საქართველოშიც, საკმაოდ გავრცელებულია. რა თქმა უნდა, სომხეთის, როგორც “პრორუსული” ქვეყნის შესახებ წარმოდგენა შემთხვევით არ შექმნილა.

ამასთან, ისევე, როგორც ნებისმიერი სტერეოტიპი, ეს წარმოდგენა ამარტივებს რთულ და მრავალმხრივ სურათს, რომელსაც ბევრი ქვეტექსტი აქვს. შევეცადოთ გავერკვეთ ამ საკმაოდ რთულ თემაში ორი გეოპოლიტიკური “სამკუთხედის” მაგალითზე: რუსეთი-სომხეთი-თურქეთი და რუსეთი-სომხეთი-აზერბაიჯანი. რა თქმა უნდა, არსებობს ასევე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი “სამკუთხედებიც” – რუსეთი-სომხეთი-დასავლეთი, რუსეთი-სომხეთი-ირანი და, ბუნებრივია, რუსეთი-სომხეთი-საქართველო. თუმცა, ამჯერად მათ არ შევეხებით.

პირველი სამკუთხედი: რუსეთი, სომხეთი და თურქეთი

სომხეთი, თავისი მთელი ისტორიისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პრაქტიკულად, რუსეთის იდეალური მოკავშირეა. დაძაბული ურთიერთობები თურქეთთან, რომელთანაც სომხეთს დღესდღეობით სახმელეთო საზღვარი დაკეტილი აქვს და არც დიპლომატიური ურთიერთობები გააჩნია, სომხეთს აიძულებს, რომ ამ ქვეყნის პოტენციური აგრესიისგან დამცველი იპოვოს. ქვეყანაში ბევრს მიაჩნია, რომ ყველაზე საიმედო გარანტია, თურქეთთან დაძაბული ურთიერთობები საომარ კონფლიქტში რომ არ გადაიზარდოს, რუსეთთან კავშირი და სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობაა.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც თურქეთი დემოკრატიულ რეფორმებს ატარებდა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფოდა, სომხეთის შიში თურქეთის მიმართ გაზვიადებული ჩანდა. 90-იანი წლების დასაწყისში დაბრუნება, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩარევის [რასაკვირველია, ბაქოს სასარგებლოდ] რეალური საფრთხე არსებობდა, თითქმის წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ბოლო წლებში თურქეთი სულ უფრო აქტიურად ერევა ერაყისა და სირიის სიტუაციაში, ქვეყნის შიგნით კი იზრდება ნაციონალიზმი, ერდოღანის ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაცია და ქურთებთან სამოქალაქო კონფლიქტის გამწვავების რისკები. მეტიც, შთაბეჭდილება იქმნება, რომ დასავლეთს უჭირს ისეთი  პარტნიორის კონტროლი, როგორიც ერდოღანის თურქეთია. ამიტომაც, დღეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თურქეთმა ერთმნიშვნელოვად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში 2016 წლის აპრილის “ოთხდღიანი ომის” დროს, თურქეთის ჩარევის საფრთხეები არც ისე უსაფუძვლოა. სამხედრო პოტენციალში უზარმაზარი სხვაობის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ეს პრობლემა სომხეთისთვის ძალიან სერიოზულია და ერევანი იმის მინიმალურ რისკსაც ვერ დაუშვებს, რომ თურქეთთან სამხედრო დაპირისპირება რეალური გახდეს.

სომხეთში დიდი ყურადღებით აკვირდებიან, როგორ ვითარდება რუსულ-თურქული ურთიერთობები, რადგანაც არსებობს საფრთხე, რომ რუსეთ-თურქეთის დაახლოების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია მოკავშირის ინტერესები მსხვერპლად გაიღოს. სომხეთში კარგად ახსოვთ, რომ 1920 წელს სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა ფაქტიურად რუს ბოლშევიკთა და თურქეთში ქემალისტური მოძრაობის მსხვერპლად იქცა. ამიტომაც ისეთი ცნობები, როგორიც ბოლო დროს რუსეთის მიერ თურქეთისთვის ПВО С-400 კომპლექსის შესაძლო მიყიდვის საკითხის შესახებ გავრცელდა, სომხეთში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მეორე მხრივ, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების შესაძლო გამწვავებაც სომხეთს კარგს არაფერს მოუტანს. მას შემდეგ, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქეთის სამხედრო ძალებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ზოგიერთ სომეხს შორის, განსაკუთრებით, სომხური დიასპორიდან, გავრცელდა აზრი იმის შესახებ, რომ სომხეთი, შესაძლოა, ამ კონფლიქტში მოგებულიც დარჩეს. თუმცა მათ, ვინც სომხეთში ცხოვრობს და საერთაშორისო პოლიტიკაში ერკვევა, ყოველივე ეს აშფოთებთ. ამ დაპირისპირების შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, სომხეთი აღნიშნული კონფლიქტის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გამხდარიყო. ჯერ კიდევ რუსული გამანადგურებლის ჩამოგდებამდე იყო ეპიზოდი, როდესაც თურქულმა ვერტმფრენებმა სომხეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, რაც იმ მომენტში, ალბათ, რუსეთ-თურქეთის გაფუჭებულ ურთიერთობებს უკავშირდებოდა. ამიტომაც სომხეთის ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, ამოისუნთქა, როდესაც რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა მოიხსნა. ერევანში ესმით, რომ ამ დიდ სახელმწიფოებს შორის ღია კონფლიქტი სომხეთისთვის არანაკლებ საშიშია, ვიდრე მათ შორის  “შეთანხმება”.

მეორე სამკუთხედი: რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი

თურქეთის საკითხში სომხეთისა და რუსეთის ინტერესები გარკვეულწილად ერთმანეთს ემთხვევა და სწორედ ამას ემყარება მათი თანამშრომლობაც. სომხეთს სჭირდება გარანტია თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ, რუსეთი კი არ არის მზად, პოსტსაბჭოთა სივრცეში ანკარას მეტისმეტად აქტიურად ჩარევის ნება მისცეს, განსაკუთრებით, თუ ეს სამხედრო ჩარევა იქნება.

თუმცა სომხურ-რუსული კავშირის სხვა მიმართულებებში საქმე უფრო რთულადაა. განსაკუთრებით, ეს შეეხება მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტსა და რუსულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს.

იმისთვის, რომ რუსულ-სომხური ურთიერთობების სირთულე შეაფასო, საკმარისია, აზერბაიაჯანისთვის რუსული შეიარაღების მიწოდების საკითხს შეხედო. 2010 წლიდან ბაქოსთვის რუსული შეიარაღების მიწოდების კონტრაქტების ფინანსურმა ჯამმა დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარი შეადგინა. მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც საკმარისია იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად განსხვავდება ეს სიტუაცია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ რუსეთის პოზიციისაგან: აბსოლუტურად შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ რუსეთი იარაღს აწვდის, მაგალითად, უკრაინას ან საქართველოს [მეტიც, რუსეთი საკმაოდ ხისტად რეაგირებდა და აგრძელებს რეაგირებას ამ ქვეყნებისთვის შეიარაღების მიწოდებაზე].

სრულიად მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის შეიარაღების მიწოდებას სომხეთში მტკივნეულად განიცდიან. ამ საკითხის თაობაზე სომხური მედიის ზოგიერთ პუბლიკაციებში იმდენად მძაფრად აკრიტიკებენ რუსეთს, რომ არაფრით ჩამოუვარდება, მაგალითად, უკრაინის მედიასაშუალებებს.

მოსკოვით უკმაყოფილების ტალღა სომხეთში 2016 წლის აპრილში მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების ესკალაციის შემდეგ წარმოიშვა. საქმე რუსეთის საელჩოსთან დემონსტრაციებამდეც მივიდა. დემონსტრანტები კვერცხებს ესროდნენ საელჩოს, პოლიციელები კი, რომლებიც ადრე რუსეთის წარმომადგენლობასთან გამართულ ნებისმიერ აქციას ხისტად შლიდნენ, ამჯერად საკმაოდ თავშეკავებულად იქცეოდნენ. ამასთან, საქმე არ დასრულებულა სამოქალაქო აქტივისტებითა და დამოუკიდებელი მედიით, – აშკარა იყო, რომ სომხეთის ხელისუფლება არცთუ ისე მტკივნეულად განიცდიდა რუსეთის ქმედებების მწვავე კრიტიკას საზოგადოებაში. მეტიც, თუკი მანამდე სომხეთის ხელისუფლება ცდილობდა რუსეთის ლიდერებთან საჯაროდ არ განეხილა აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების თემა [სავარაუდოდ, ეს თემა კულისებს მიღმა იხილებოდა], უკვე 2016 წლის აპრილში სერჟ სარგსიანმა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, დმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს ეს საკითხი წი ნწამოწია.

როგორც ჩანს, რუსეთში ეს ყურად იღეს, თუმცა აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი არ უთქვამთ. ვიცეპრემიერმა, დმიტრი როგოზინმა, რომელიც ВПК [სამხედრო წარმოების კომისია]-ზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება. დმიტრი მედვედევმა კი განმარტა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთდროულად მიწოდების მიზანი მათ შორის ბალანსის შენარჩუნებაა და  რუსეთს რომ არ მიეყიდა იარაღი აზერბაიჯანისთვის, ის მესამე ქვეყნებში მაინც იყიდდა. ამგვარ განმარტებაში არის გარკვეული ლოგიკაც, თუმცა ასევე აშკარაა, რომ თუ რუსეთის მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბალანსის შენარჩუნება იყო, ეს პოლიტიკა არაეფექტური აღმოჩნდა. ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა 2016 წელს საომარი მოქმედებების წარმოება გადაწყვიტა, მოწმობს იმას, რომ სწორედ რუსი მიმწოდებლების წყალობით დაირღვა ბალანსი აზერბაიჯანის სასარგებლოდ. თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოვში გაიაზრეს, რომ ბალანსის აღდგენა გახდა საჭირო. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ სომხეთისთვის ისკანდერის კომპლექსის მიცემა, რასაც ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.

მთლიანობაში, აშკარაა, რომ მოსკოვს არ სურს არჩევანის გაკეთება ერევანსა და ბაქოს შორის. თურქეთთან ურთიერთობის კუთხითაც პარტნიორული შეთანხმებები ერევანთან მოსკოვის ქმედებების თავისუფლებას არანაირად არ ზღუდავს. თავის მხრივ, ოფიციალური ერევნისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან კავშირმა გავლენა არ იქონიოს სომხეთისა და სხვა მსოფლიო თუ რეგიონალურ აქტორებთან ურთიერთობაზე, კერძოდ, ევროკავშირთან, აშშ-თან და ირანთან. საქართველოსთან ურთიერთობა ასევე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. ის ყველაფერს აკეთებდა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მაქსიმალური გამწვავების პერიოდებშიც კი, 2008 წლის ომის ჩათვლით, არ დაეშვა სომხურ-ქართულ ურთიერთობებში გართულებები.

ბუნებრივია, სომხეთის პოლიტიკა, რომელსაც 2000-იან წლებში “კომპლემენტარიზმის პოლიტიკა” დაარქვეს, რუსეთში ხშირად არ ესმოდათ. ზოგჯერ სომხეთს უწევდა საკუთარი პოზიციის კორექტირება, თავისი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესები რომ გაეთვალისწინებნა. ყველას კარგად ახსოვს 2013 წლის სექტემბერი, როდესაც ერთ დღეს სომხეთმა, პრაქტიკულად, მკვეთრად გადაუხვია ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის მხარეს და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა. მაგრამ ამის შემდეგაც კი ერევანში ბოლომდე არ უთქვამთ უარი ევროპულ ვექტორზე საგარეო პოლიტიკაში. მიმდინარე წლის შემოდგომაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერაც იგეგმება.

როგორც არ უნდა იყოს, სომხეთში არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში რუსეთთან ურთიერთობა უსაფრთხოების საკითხებში უალტერნატივოა. გარდა ამისა, სომხეთს ალტერნატივას არც არავინ სთავაზობს. ისეთი ქვეყნებშიც კი, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, რომლებმაც ცალსახად დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთეს გეოპოლიტიკური არჩევანი, NATO-ში შესვლის საკითხი დღეს ფაქტიურად არ განიხილება. მით უმეტეს,  სომხეთზე რისი თქმა შეიძლება, როდესაც ასეთი პერსპექტივის წარმოდგენის დროსაც, სავარაუდოდ, ეს არახელსაყრელი იქნებოდა NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრისთვის – თურქეთისთვის. უსაფრთხოების რომელიმე სისტემაში გაერთიანების ვარიანტი, ე.წ. “ფინლანდიზაცია”, უახლოეს მომავალში სომხეთს არ ექნება. ასე რომ, რუსეთთან ურთიერთობის ალტერნატივის განხილვა მართლაც ძალიან რთულია. სხვა საქმეა, რომ ეს თანამშრომლობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სომხეთის ეროვნულ ინტერესებსა და მის ურთიერთობებს სხვა გლობალურ თუ რეგიონალურ მოთამაშეებთან.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი