ახალი ამბები

ვასილ მაღლაფერიძე საზმაუს დირექტორობიდან გადადგა

18 აგვისტო, 2020 • 1499
ვასილ მაღლაფერიძე საზმაუს დირექტორობიდან გადადგა

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღო არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.

“მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ, სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ”, – აღნიშნა მან.

მაღლაფერიძე არ აკონკრეტებს, რატომ შეიძლება გაჩნდეს ეჭვი წინასაარჩევნოდ არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მისი დირექტორობის პერიოდში.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მაღლაფერიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობდა. ის ამბობდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოსახლეობას სწორ ინფორმაციას მიაწვდიდა და “ღირსეულად გაივლიდა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

მაღლაფერიძე განცხადებაში მისი დირექტორობის პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რადიოში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრობს. მისი თქმით, “2017 წლიდან საქართველოს პირველმა არხმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა”.

მაღლაფერიძის განცხადებით, საზოგადოებრივი რადიო ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს, პირველი არხის ვებგვერდი კი “სულ რაღაც ორწელიწადნახევარში გახდა ერთ-ერთი ლიდერი საინფორმაციო სააგენტო მედიაბაზარზე”.

“ტელევიზიის ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც დამხვდა, იყო სრულიად სავალალო მდგომარეობაში, მორალურად და ფიზიკურად ვადაგასული კამერები, არ იყო საკმარისი განათება, ძალიან ძველი მანქანების პარკი, ყველაზე დიდი სტუდია ჯერ სხვა ტელევიზიაზე იყო გაქირავებული (რაც სავალალო კურიოზია ნორმალური ტელევიზიის პირობებში), შემდეგ კი ტექნიკისგან დაცლილი და უფუნქციოდ მიტოვებული. და ამ მძიმე ფონზეც კი, კატასტროფულად მძიმე იყო ნიუსრუმის მდგომარეობა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტები მუშაობდნენ სიცოცხლისთვის სახიფათო უჰაერობის პირობებში, ხოლო ტექნიკური აღჭურვის ხარისხზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ტელევიზიას არ ჰქონდა არცერთი პირდაპირი ჩართვის აპარატი. დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს ტელევიზიის ტექნიკური გადაირაღება, გავიარეთ ყველა აუცილებელი პროცედურა და რამდენიმე კვირაში, სექტემბერში დაიწყება ახალი, კომპაქტური და თანამედროვე ტექნოლოგიებთან თავსებადი შენობის მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და ქვეყანას ექნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტელევიზია”, – აღნიშნავს ის.

 

ვასილ მაღლაფერიძე დირექტორის თანამდებობაზე 2017 წლის იანვარში დაინიშნა. მაშინ ის ამბობდა, რომ თუ 2019 წლის ბოლოს მის მიერ დასახული გეგმა წარმატებით შესრულდებოდა და მაუწყებლის რეიტინგი 15%-ს ასცდებოდა, იგი იქნებოდა ამაყი და თანამდებობიდან გადადგებოდა.

ამავდროულად, მაღლაფერიძე აცხადებდა, რომ თუ მაუწყებლის რეიტინგი ზემოხსენებულ ნიშნულს ვერ ასცდებოდა, იგი აიღებდა პასუხისმგებლობას და მაინც დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი