ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა

17 აგვისტო, 2020 • 1517
ალიევმა საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა

17 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პოსტიდან გაიწვია აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დურსუნ ჰასანოვი, მის ნაცვლად კი ფაიგ გულიევი დანიშნა. შესაბამისი ბრძანებები პრეზიდენტის საიტზეა ატვირთული.

პრეზიდენტის ბრძანებაში ელჩების გაწვევისა და დანიშვნის შესახებ არ არის გადაწყვეტილების მიზეზი დასახელებული.

ამავე დღეს აზერბაიჯანმა ოფიციალურად დაითხოვა თანამდებობიდან ელჩი სერბეთში, ელდარ ჰასანოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ქრთამის აღებისა და დიდი რაოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ელჩის დანაშაულები გამოვლინდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური აუდიტის დროს.


სერბეთი და საქართველო ფიგურირებდნენ აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Haqqin-ის პუბლიკაციაში, რომლის თანახმადაც რუსეთმა და სერბეთმა სომხეთს, — რომელთანაც აზერბაიჯანს კონფლიქტი აქვს, — სამხედრო ტვირთი მიაწოდეს. ინფორმაცია თბილისში კატეგორიულად უარყვეს.

ბაქო აცხადებს, რომ ეს საკითხები ოფიციალურად განიხილა სერბეთთან და რუსეთთან, თუმცა საქართველოს საკითხი ბაქოს ოფიციალურ განცხადებებში არ არის ნახსენები.

გირჩევთ ამ თემაზე:

გამოიყენეს თუ არა საქართველო სომხეთისთვის იარაღის მისაწოდებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი