ახალი ამბები

დამლაგებლები, საკლასო სივრცეები – სკოლების გამოწვევები ახალი სასწავლო წლის წინ

18 აგვისტო, 2020 • 2555
დამლაგებლები, საკლასო სივრცეები – სკოლების გამოწვევები ახალი სასწავლო წლის წინ

რამდენად გაუჭირდებათ სკოლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც განათლების  სამინისტრომ შეიმუშავა გასულ კვირას? 

საქართველოს 3 ათასამდე საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს, თუმცა, რიგი შეზღუდვებით. ახალი წესების თანახმად, კლასებში ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო ხდება. ამასთანავე, კლასში მაქსიმუმ 29 მოსწავლე დაიშვება. სავალდებულოა ასევე სველი წერტილების ხშირი დეზინფიცირება და სკოლის პერსონალისთვის პირბადეების ტარება. როგორ შეძლებენ ამ პრობლემებთან გამკლავებას? ამ საკითხის გარკვევას ნეტგაზეთი თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის მაგალითზე შეეცადა და სკოლების დირექტორებს ესაუბრა. 

რას ყვებიან დირექტორები?

ელზა ბადაშვილი თბილისის 136-ე სკოლის დირექტორია. ამ სკოლაში 1100 მოსწავლე სწავლობს, გაკვეთილები კი ერთ ცვლადაა გადანაწილებული. ბადაშვილი გვიყვება, რომ მთავარი გამოწვევა სკოლისთვის დამლაგებლებია.

„დამლაგებლები გვყავს ძალიან ცოტა, აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად და ყოველი გაკვეთილების შემდეგ ზედაპირების დასუფთავება, სველი წერტილების დეზინფიცირება და მოწესრიგება წარმოუდგენელია. მეორე, რაც გვიჭირს – გაურკვევლობაში ვართ ჯერჯერობით, როგორ უნდა დავგეგმოთ სასწავლო პროცესი იმ საათობრივი ბადით, რაც არსებობს, ისე, რომ მასწვლებლებს არ გაეზარდოთ დატვირთვა“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, იმისთვის, რომ მასწავლებლებს დატვირთვა არ გაეზარდოთ, უნდა შემცირდეს საათობრივი ბადე – „მაგალითისვის, 6 გაკვეთილის ნაცვლად, ჩატარდეს 3 გაკვეთილი“, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევათ ისეთ გაკვეთილებს, როგორიცაა, მაგალითად, სპორტი.

„თუ სასადილო არ გვექნება, მაშინ ყველა ვარიანტში უნდა შემცირდეს გაკვეთილების რაოდენობა – გაკვეთილების რაოდენობას დროით შევამცირებთ, 30 წუთამდე დავიყვანთ თუ რაოდენობით – ზუსტად დაკონკრეტებული რეკომენდაციები გვჭირდება იმისთვის, რომ სასკოლო ბადე ავაგოთ“, – განმარტავს ელზა ბადაშვილი.

სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს სპორტის, მუსიკის ან ხელოვნების გაკვეთილების ამოღება, თუმცა ბადაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი შემთხვევებიც უნდა გაწერილიყო რეკომენდაციებში.

„ისეთი რეკომენდაციებია საჭირო, რომ სწავლა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში დავიწყოთ – დაკონკრეტებული რეკომენდაციები გვჭირდება. როგორ უნდა იმუშაოს 2-ცვლიანმა, 3-ცვლიანმა სკოლამ. როგორ იმუშაოს სკოლებმა, რომლებიც არასტანდარტულ შენობებში არიან და ა.შ. ვაპირებთ, რომ ამ საკითხზე დამატებით მივმართოთ განათლების სამინისტროს კითხვებით“. 

გამოწვევებზე საუბრობენ სხვა სკოლებშიც. მაგალითად, თბილისის 41-ე სკოლის დირექტორი, რევაზ ჯავახიშვილი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა სკოლის საკლასო სივრცეების ისე დაყოფაა, რომ სოციალური დისტანცია დაცული იყოს. თუმცა, მისი თქმით, ამ თემაზე სკოლაში მსჯელობა მიმდინარეობს და მალე გადაწყვეტილებაც იქნება.

ფართობის სწორ გადანაწილებაზე მსჯელობენ თბილისის 63-ე სკოლაშიც. მისი დირექტორი, ნანა მონიავა ამბობს, რომ ამჟამად სკოლაში სასწავლო პროცესის გეგმაზე მუშაობენ, რომელიც საბოლოო სახეს კვირის ბოლოს მიღებს:

„რომ გითხრათ, მარტივად შესრულდება ყველაფერიო –  ნამდვილად არა, მაგრამ ახლა ვსხედვართ, ვგეგმავთ, რა მდგომარეობაა და როგორ გადავანაწილოთ ყველაფერი. შესაძლოა, ცვლები არ დაგვჭირდეს, შესაძლოა, რამდენიმე კლასისთვის გვქონდეს მეორე ცვლა. თუმცა ვცდილობთ, ისე დავარეგულიროთ, რომ ამის საჭიროება არ იყოს.

დღესაც უკვე ამაზე ვფიქრობთ.  დღეს რესურსცენტრთან ანგარიშივით კი წარვადგინეთ, მაგრამ უნდა განვიხილოთ კიდევ ერთხელ და, წესით, კვირის ბოლოს დაზუსტებულად მეცოდინება, რა სიტუაცია მექნება. თუმცა, არ მგონია, რომ ეს დაუძლეველი პრობლემა გახდეს“, – ამბობს ის. 

136-ე სკოლის მსგავსად, დამლაგებლების საკითხი 63-ე სკოლისთვისაც აქტუალურია. დირექტორი გვიყვება, რომ უახლოეს პერიოდში სკოლა დამლაგებლისთვის ვაკანსიას გამოაცხადებს, საბოლოოდ კი სასწავლებელში სამი დამლაგებელი იმუშავებს – „ერთი დამლაგებელი კი მხოლოდ სველ წერტილებზე იქნება ორიენტირებული“.

რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე  ნაკლებად საუბრობენ თბილისის პირველ კლასიკური გიმნაზიასა და თბილისის 150-ე სკოლაში.

პირველ სკოლაში, სადაც 2300 მოსწავლე სწავლობს, გვიყვებიან, რომ სასწავლო პროცესი პანდემიამდეც 2-ცვლიანი იყო, ხოლო საკლასო ოთახები – მოზრდილი.

„არ გამოვრიცხავთ, რომ რეკომენდაციის თანახმად, შერეული მოდელიც დაგვჭირდეს. მაგალითად, 1 დღე იყოს ონლაინ“, – გვიყვება სკოლის დირექტორი, თამარ კაპანაძე.

რაც შეეხება 150-ე სკოლას, მისი დირექტორი, ირაკლი მექვაბრიშვილი გვიყვება, რომ სხვა დაწესებულებების პარალელურად, სკოლაში მანამდე მოეწყო დეზობარიერი და დაიწყო თერმოსკრინინგი. შესაბამისად, სკოლა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად მზადაა.

ამ სკოლაში სულ 900 მოსწავლეა, სწავლა კი 1-ცვლიანია.

„რაც შეეხება დისკომფორტს – ეს იქნება, რა თქმა უნდა, მათ შორის პირბადეებით სიარული, თუმცა შეუძლებელი არაფერია. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ განიხილება კლასების დაყოფა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ ის მოდელი, რაც გვაქვს.

არის საუბარი იმაზეც, რომ რაღაც ნაწილზე დისტანციურად გადავიტანოთ გაკვეთილები. ამაზე მარტო გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, ვხვდებით კოლექტივს და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა, ჩვენთვის რომელი მოდელიც არ უნდა იყოს არჩეული – შეუძლებელი არ არის“, – ამბობს ირაკლი მექვაბრიშვილი.

განათლების სამინისტროს პასუხი 

ნეტგაზეთს განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ უწყება სკოლებს რეკომენდაციის დაცვის პროცესში დაეხმარება. მათ შორის, სასწავლო პროცესის დაწყებამდე მიაწოდებს კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად აუცილებელ ჰიგიენურ საშუალებებს –  სადეზინფექციო საშუალებებს, თერმომერტრებს და ა.შ.

ამასთანავე, სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ თუ სკოლა რეკომენდაციის დაცვასთან დაკავშირებით რაიმე სირთულეების  წინაშე აღმოჩნდება, მათ შეუძლიათ უწყებას მიმართონ.

რა რეკომენდაციებზეა საუბარი? 

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა აღდგეს, თუმცა, გარკვეული შეზღუდვებით. ახალი რეგულაციები შემდეგ საკითხებს ითვალისწინებს:

  • მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის  პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  • შენობაში ნებისმიერი პირის შესვლა დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ;
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
  • სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა (მასწავლებლებს გაკვეთილების მიმდინარეობისას პირბადეების მოხსნა შეეძლებათ).

იმისთვის, რომ სკოლებმა აღიშნული რეკომენდაციების დაცვა შეძლონ, განათლების სამინისტრო ამბობს, რომ მათ სასწავლო პროცესის დაგეგმვის საშუალება თავად ექნებათ – რაც გაკვეთილების დროის ხანგრძლივობისა და ცვლების ოდენობის დადგენას გულისხმობს. თუმცა, პარალელურად, თითო კლასში 29 მოსწავლეზე მეტი არ დაიშვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი