ახალი ამბები

გაკვეთილების დროს მასწავლებლებისთვის პირბადე სავალდებულო არ იქნება – სამინისტრო

14 აგვისტო, 2020 • 4398
გაკვეთილების დროს მასწავლებლებისთვის პირბადე სავალდებულო არ იქნება – სამინისტრო

განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებით, სკოლებში პირბადეების ტარება ყველასთვის სავალდებულო იქნება, გარდა მოსწავლეებისა.

სამინისტრომ სკოლებისთვის დაწესებულ რეგულაციებზე დღეს, 14 აგვისტოს ისაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, პირბადე სავალდებულო იქნება სკოლის პერსონალის ყველა წევრისთვის (მათ შორის, მანდატურები, დაცვა, და ა.შ.) და ვიზიტორებისთვის. რაც შეეხება მასწავლებლებს, სკოლაში გადაადგილების დროს პირბადე სავალდებულო იქნება, თუმცა საგაკვეთილო პროცესის დროს  პირბადის მოხსნა შეეძლებათ.

განათლების სამინისტრომ დღეს იმ წესების ნუსხა გამოაქვეყნა, რომლებიც სკოლებმა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უნდა დაიცვან.

ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული რეგულაციები შემდეგ წესებს  ითვალისწინებს:

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; 
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის  პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  • შენობაში ნებისმიერი პირის შესვლა დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ;  
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა; 
  • სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; 
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება; 
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; 
  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე; 
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება; 
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი