ნეტგაზეთი | სკოლებს შეეძლებათ თავად დაგეგმონ გაკვეთილები, მათ შორის, შაბათს – სამინისტრო სკოლებს შეეძლებათ თავად დაგეგმონ გაკვეთილები, მათ შორის, შაბათს – სამინისტრო – Netgazeti
RU | GE  

სკოლებს შეეძლებათ თავად დაგეგმონ გაკვეთილები, მათ შორის, შაბათს – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან სკოლებს თავად შეეძლებათ სასწავლო პროცესის ორგანიზება. ზოგადი რეკომენდაციების დაცვის ფარგლებში, სკოლებს  შეეძლებათ თავად განსაზღვრონ გაკვეთილებისა და ცვლების ხანგრძლივობა.

ამასთანავე, სამინისტრო ამბობს, რომ სკოლებს სასწავლო დღედ შაბათის გამოყენებაც შეეძლებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს შეეძლებათ:

  • თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები); 
  • განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
  • განსაზღვრონ და მოქნილად მოახდინონ ცვლების ორგანიზება;
  • საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით; 
  • სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დანერგონ შერეული  (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;

„სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას,  V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება  კვირაში მაქსიმუმ 1 დღე,  VII – XI კლასებში- მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო  XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან“, – ამბობს სამინისტრო.


საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან განახლდება. თუმცა სკოლებისთვის სავალდებულო იქნება ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული რეგულაციების დაცვა. კერძოდ:

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; 
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის  პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  • შენობაში ნებისმიერი პირის შესვლა დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ;  
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა; 
  • სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; 
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება; 
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; 
  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე; 
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება; 
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან