ახალი ამბები

კლასში მაქსიმუმ 29 მოსწავლე დაიშვება – სამინისტრო

14 აგვისტო, 2020 • 1979
კლასში მაქსიმუმ 29 მოსწავლე დაიშვება – სამინისტრო

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან თითო კლასში მაქსიმუმ 29 ბავშვი დაიშვება.

დღეს განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა რეკომენდაციათა სია, რომელიც სკოლებმა ახალ სასწავლო წელს უნდა დაიცვან. რეკომენდაციებს შორის არის 1-მეტრიანი დისტაციის დაცვა და სკოლის პერსონალისთვის სავალდებულო პირბადეები. თუმცა, სანაცვლოდ, სკოლას თავად შეეძლება, გაკვეთილებისა და ცვლების ხანგრძლივობა დაგეგმოს.

„მაქსიმალური რაოდენობა კლასში ეს არის 29 მოსწავლე და იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ინფრასტრუქტურა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 1-მეტრიანი დისტანცია დაიცვას მოსწავლეებს შორის, ეძლევათ მოქნილობის შესაძლებლობა და უფლება, თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი“, – ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე.

მინისტრის მოადგილე დასძენს, რომ სამინისტროს რეკომენდაციაა – „სასწავლო პროცესი მაქსიმალურად წარიმართოს სკოლის სივრცეში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, სავალდებულო დისტანციისა და კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრით, ხომ არ გაეზრდებათ მასწავლებლებს სამუშაო საათები და თუ არის მათთვის დამატებითი ანაზღაურება გათვალისწინებული, დგებუაძე პასუხობს:

„პირველ ეტაპზე, მინდა ვთქვა, რომ იმ მოდელმა, რომელსაც სკოლებს ვთავაზობთ, არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებლების სამუშაო საათების ზრდა. სხვა შემთხვევაში, თუ არის გარკვეული სკოლების რაოდენობა, სადაც საჭირო იქნება მასწავლებლების სამუშაო საათების ზრდა, ამაზეც ვმუშაობთ, “.


საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან განახლდება. თუმცა სკოლებისთვის სავალდებულო იქნება ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული რეგულაციების დაცვა. კერძოდ:

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; 
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის  პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  • შენობაში ნებისმიერი პირის შესვლა დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ;  
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა; 
  • სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; 
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება; 
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; 
  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე; 
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება; 
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

სკოლებს შეეძლებათ თავად დაგეგმონ გაკვეთილები, მათ შორის, შაბათს – სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი