ახალი ამბები

აშშ-ის მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის 3 პირს ბრალი წარუდგინეს

17 აგვისტო, 2020 • 705
აშშ-ის მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის 3 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის  კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 3 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, უცხოეთის მოქალაქეებმა წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში გამოგონილი პიროვნების სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი და კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულ აშშ-ის მოქალაქესთან დ.კ-სთან.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებული დ.კ დაარწმუნეს, რომ მასთან კომუნიკაციაში იყო ვითომდა საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი ფრენკ ლუკას ბალაკი, რომელსაც თითქოსდა  მოგებული ქონდა 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დ.კ-ს თან  გამგზავრებას, მასთან ოჯახის შექმნის მიზნით.
ნდობის მოპოვების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ამავდროულად, დაარწმუნეს, რომ მკურნალობის მიზნით საქართველოში გადმორიცხული ფულადი თანხები აუნაზღაურდებოდა ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული შემოსავლებიდან.
დაზარალებულმა დ.კ-მ რეალურად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად  გადმორიცხა, ჯამში, 233 250 აშშ დოლარი, რომელსაც ო.ფ,  ფ.ჩ. და ო.მ. მართლსაწინააღმდეგოდ  დაეუფლნენ.
შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ო.ფ-მ,  ფ.ჩ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც მოახდინეს, ჯამში, 86 800 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ბრალდებულებს 13 აგვისტოს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა), ასევე, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), რაც სასჯელის სახით  9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით,  14 აგვისტოს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროკურატურა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა შესაძლო წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი