ახალი ამბები

ლუკაშენკომ და პუტინმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს

15 აგვისტო, 2020 • 1777
ლუკაშენკომ და პუტინმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბელარუსში არსებულ სიტაუციასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც “გარდიანი” წერს, კრემლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ლუკაშენკო და პუტინი დარწმუნებული არიან, რომ ბელარუსში წარმოქმნილი პრობლემები მალე მოგვარდება.

“ეს პრობლემები არ უნდა იქნას გამოყენებული დესტრუქციული ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას ზიანი მიაყენონ”, — ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

პუტინთან სატელეფონო საუბრამდე ლუკაშენკო აცხადებდა, რომ პუტინთან დაკავშირებაა საჭირო, რადგან ბელარუსში არსებული საპროტესტო ტალღა მხოლოდ ბელარუსის საფრთხე არ არის. ლუკაშენკოს განცხადება “როიტერსმა” ბელარუსის სამთავრობო ამბების სააგენტო “ბელტაზე” დაყრდნობით გაავრცელა.

“საჭიროა პუტინთან დაკავშირება, რომ ახლავე ვისაუბრო მასთან, რადგან ეს მხოლოს ბელორუსის საფრთხეს აღარ წარმოადგენს”, — განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციების დროს პოლიციამ  ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით. დაღუპულია, მინიმუმ, ორი ადამიანი.

14 აგვისტოს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეკრებაზე ლიდერები შეთანხმდნენ ბელარუსის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებაზე, – იუწყება სააგენტო „როიტერსი“.

სააგენტო „ფრანც-პრესიც“ იუწყება, რომ ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო ბელარუსის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას.

როგორც „როიტერსი“ წერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენი მიზანია, რომ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დანაშაულში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღდეგ, დავუწესოთ სანქციები“.

სანქციების კონკრეტული ადრესატები და სანქციების სახეები ჯერჯერობით გადასაწყვეტია. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მალე შემუშავდება სია, თუ ვის შეეხება სანქციები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი