ახალი ამბები

1 ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთი “ქართუ ბანკის” მფლობელობაში – TI-ის კვლევა

14 აგვისტო, 2020 • 1176
1 ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთი “ქართუ ბანკის” მფლობელობაში – TI-ის კვლევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ აჭარაში 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კვლევა მოამზადა. კვლევის პროცესში ორგანიზაციამ შეისწავლა მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

კვლევის მიხედვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ გადახედა ხელშეკრულებას TCF Georgia-სთან, რომელიც ქობულეთში ციტრუსის დასახარისხებელი საწარმოს ამუშავებასთან და 3.5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა. შედეგად, კომპანიის მიერ 1 ლარად მიღებული ქონება (23 344 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 6 შენობა) 2019 წელს კომპანიის იპოთეკარის სს „ბანკი ქართუს” საკუთრება გახდა.

TI-ის მიერ მოზადებულ კვლევაში ასევე წერია, რომ გასულ წელს ავტონომიურ რესპუბლიკაში ქონების პირდაპირი მიყიდვის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა. თუ 2018 წელს ამ ფორმით 16 ობიექტი გაიყიდა, 2019 წელს ასე მხოლო 3 ობიექტი გასხვისდა, რომელთა საპრივატიზებო საფასურის მოცულობა დაახლოებით 7.6 მლნ ლარია, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა -255 მლნ ლარი.

“პირდაპირი მიყიდვის ფორმით ყველაზე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთები (180 ჰექტარი) შპს „გრინ რეზორტმა” ქობულეთში შეიძინა. ცენტრალური და ავტონომიური მთავრობა აცხადებდა, რომ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის – „მწვანე ქალაქის” ასაშენებლად კომპანია 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 250,000,000 ლარია”,-ნათქვამია კვლევაში.

გასულ წელს პირობიანი აუქციონების რაოდენობაც შემცირდა, შედეგად, ამ ფორმით აჭარაში ქონება სულ ექვსჯერ გასხვისდა. TI-ის თანახმად, საპრივატიზებო თახის მოცულობა, ჯამში, 995 700 ლარია, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა 2.8 მლნ ლარია. კვლევის მიხედვით, 4 იურიდიული პირიდან, რომელმაც ქონება პირობიანი აუქციონის ფორმით შეიძინა, 3 რეგისტრირებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე („აიბამბუ”, „საქართველო” და „აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანი“)”.

TI-ის კვლევაში ასევე მოხვდნენ ბათუმის და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატები, ფატი ხალვაში და კობა ნაკაიძე. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათმა ა(ა)იპ „თანალმობამ” 2016 წელს აჭარის მთავრობისგან უზურფუქტით მიიღო უძრავი ქონება ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დღის ცენტრის გასახსნელად, თუმცა მაჟორიტარებმა 2019 წელსაც ვერ გახსნეს ცენტრი და აჭარის მთავრობას ვალდებულებების გადავადების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართეს.

ორგანიზაცია აჭარის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას მეტი საგარანტიო პირობები განსაზღვროს, რათა გაიზარდოს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხი და აუქციონებში გაიმარჯვონ შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიებმა. ამასთან, შეიქმნას ყველა ინვესტორისთვის თანაბარი პირობები, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას და თავიდან აიცილებს ისეთ ვითარებას, როგორიც შეიქმნა TFC Georgia-ს მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

2019 წელს აჭარის მთავრობის მიერ გაყიდულ ქონებაზე მომზადებულ კვლევას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასე გამოეხმაურა: “ეს ის ორგანიზაციაა ხომ, ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი აქ და ოფის-მენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ. ალბათ, მაგათზე მეკითხებით, ხომ?”

რაც შეეხება TFC Georgia-ს, რიჟვაძე ამბობს რომ ამ კომპანიას რაიმე პრივილეგიით არ უსარგებლია და აჭარაში ყველა ინვესტორს თანაბრად ექცევიან: “რაც შეეხება მაგ TCF Georgia-ს, რაც შეეხება მეორე დასახელებულ კონკრეტულ პროექტს, შეგიძლიათ გამოითხოვოთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ის დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა არცერთ კომპანიასთან მიმართებაში არ ყოფილა. ჩვენ ყველა ერთიანად, საჯარო ინტერესის დაცვით, მათ შორის, ბიზნესს ვეხმარებით, მაგრამ როცა სანქცირებაა საჭირო, არც ამისგან ვიკავებთ თავს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/294774/?fbclid=IwAR0zlybuTrLgJDnqmrGHsyTpntsfkpryYuM6YeJIz-zc0x50X3gYCNiZCI0

 

მასალების გადაბეჭდვის წესი