ახალი ამბები

სანამ ხელისუფლებას საღათას ძილით სძინავს, 81 ქვეყანაში დაწყებულია ვაქცინაცია – გეგელია

8 თებერვალი, 2021 • 1461
სანამ ხელისუფლებას საღათას ძილით სძინავს, 81 ქვეყანაში დაწყებულია ვაქცინაცია – გეგელია

“ლელო” მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააათმაგოს საგარეო ძალისხმევა კორონავირუსის ვაქცინის მოსაპოვებლად, მთავრობას კი — განიხილოს კომერციული ვაქცინის შემოტანის “ლელოს” მოდელი.

“სანამ საქართველოს ხელისუფლებას საღათას ძილის სძინავს,  მსოფლიოს 81 ქვეყანაში უკვე დაწყებულია ვაქცინაცია. განსხვავებით მოხერხებული ქვეყნებისგან, საქართველო ვერ იყენებს თავის საერთაშორისო კავშირებს, დიპლომატიას და საგარეო კომუნიკაციას იმისათვის, რომ ვაქცინა მიიღოს. სანამ საქართველო “კოვაქს” პლატფორმის რიგში დგას, სწორი საგარეო კომუნიკაციის და გამჭრიახობის მეშვეობით არაერთმა ქვეყანამ მოახერხა ვაქცინის მოპოვება. მათ შორისა უკრაინა, სერბეთი, ბანგლადეში, ისრაელი, მექსიკა თუ აფრიკული კავშირი”, – განაცხადა “ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

მისი თქმით, “ლელო” მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთობლივად ითანამშრომლონ ამ უმძიმესი კრიზისის აღმოსაფხვრელად.

“ამისთვის გამოვედით ინიციატივით, საქართველოში შემოვიდეს კომერციული ვაქცინა. ეს იქნება სერიოზული შეღავათი ღარიბი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, რადგან ამ გზით გაიზრდება ვაქცნების რაოდენობა, რომელიც სახელმწიფომ ყველაზე დაუცველ ჯგუფებს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს უფრო მეტ ვაქცინას უფრო სწრაფად იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ გააჩნია ამის ფინანსური შესაძლებლობა. “ლელოს” მოდელი არის უფრო სამართლიანი, უფრო სწრაფი და ეფექტური”, – განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, გაუგებარი რჩება, რაში იხარჯება კოლოსალური საგარეო დახმარება და სესხები მაშინ, როცა მთავრობა ვერ იყენებს ვერც საერთაშორისო კონტაქტებს და ვერც დიპლომატიურ არხებს ვაქცინის მოსაპოვებლად.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 24 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს 2021 წლის პირველ კვარტალში AstraZeneca-ს ვაქცინის 450-490 ათასი დოზის მიღება გარკვეულწილად გარანტირებული აქვს, წლის განმავლობაში კი მისი თქმით, ქვეყანამ დამატებით ამავე ვაქცინის 1 400 000 დოზა უნდა მიიღოს.

“რეანიმატოლოგები, მიმღების და სასწრაფოს ექიმები” – ვის შეხვდება COVID-ის ვაქცინა პირველს

მასალების გადაბეჭდვის წესი