ახალი ამბები

“მრცხვენია” – ბელარუსის ძალოვანი უწყებების მოქმედი და ყოფილი წევრების პროტესტი

14 აგვისტო, 2020 • 1230
“მრცხვენია” – ბელარუსის ძალოვანი უწყებების მოქმედი და ყოფილი წევრების პროტესტი

ბელარუსში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტთა წინააღმდეგ პოლიციის მოქმედებების პარალელურად, სოციალურ მედიაში ვრცელდება არაერთი ვიდეო, რომელშიც ბელარუსის ძალოვანი უწყებების მოქმედი და ყოფილი წევრები პროტესტს უცხადებენ ძალადობრივ პროცესებს მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. მათი ნაწილი ნაგვის ურნებში ყრის უნიფორმებს.

იგორ ემელიანოვი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სამართალდამცავი უწყების დატოვების შესახებ საჯაროდ განაცხადა. პოლიციის ოფიცერმა  ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც მისი სამკერდე ნიშანი და სხვა სიმბოლოები ჩანს. ფოტოს აღწერაში მან მიუთითა: პოლიცია ხალხის გვერდითაა”.

“ამ უკანონობაში მეტად ვეღარ მივიღებ მონაწილეობას. ვერც კი ვუყურებ, როგორ კლავენ, სცემენ, შეურაცხყოფენ ადამიანებს. ფიცი დავდე, რომ მათ დავიცავდი[ხალხს] და ამ დრომდე ამას ვაკეთებდი პატიოსნად და გულწრფელად და არა ხელისუფლებისთვის და ფულისთვის”, – უთხრა მან რადიო Govorit Mosvka-ს.

იმავე დღეს ემელიანოვმა სამსახური დატოვა, რის შემდეგაც მალევე დააკავეს მასობრივი დემონსტრაციების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით. ბელარუსის შსს-ში გამოცემა “მედუზას” დაუდასტურეს, რომ ის ნამდვილად იყო პოლიციის ოფიცერი, თუმცა კი არ გადადგა, გაათავისუფლეს.

ემელიანოვის სასამართლო პროცესი 13 აგვისტოს გაიმართა. მისი ცოლის თქმით, მოსამართლემ ყოფილი ოფიცერი გაამართლა და გაათავისუფლა.

ტელეგრამის ოპოზიციურ არხებსა და სხვა პლატფორმებზე ვრცელდება არაერთი ვიდეო, რომლებშიც სპეცრაზმის ყოფილი წარმომადგენლები ასევე აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს. ისინი უნიფორმებს იხდიან და ნაგვის ურნებში ყრიან, წვავენ ან სხვა ფორმით ანადგურებენ სამოსს.

“ძალიან მრცხვენია, რომ ვმსახურობდი ძალებში, რომელთა წარმომადგენლებიც ახლა ხალხს სცემენ და ატირებენ”, – აღნიშნავს ერთ-ერთი მათგანი.

მორიგ ვიდეოში კაცი ამბობს: “ფიცი დავდე, რომ ხალხს დავიცავდი, ახლა კი მრცხვენია იმ ქაოსის გამო, რაც ხდება”.

არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით. ვრცელდება ცნობები დაკავებულ დემონსტრანტთა წამების შესახებ.

გაფიცვები, ცოცხალი ჯაჭვები, სოლიდარობა სიმღერით – ბელარუსის პროტესტი ფართოვდება

მასალების გადაბეჭდვის წესი