ახალი ამბები

ერთმანეთის თუ “ოცნების” წინააღმდეგ? – კობერიძე და ხოშტარია ვაკეში

14 აგვისტო, 2020 • 1839
ერთმანეთის თუ “ოცნების” წინააღმდეგ? – კობერიძე და ხოშტარია ვაკეში

რას ნიშნავს ოპოზიციური ერთობისთვის ლევან კობერიძის კანდიდატად წარდგენა “ლელოს” მიერ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში? ვინ იგებს ამით?


12 აგვისტოს “ლელომ” მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.  კანდიდატებს შორის მოხვდა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე, რომელიც კენჭს ვაკის ოლქში იყრის და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისა და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატის, ელენე ხოშტარიას კონკურენტი იქნება.

ის, რომ “ლელო” “ლეიბორისტების” ოფისში მოლაპარაკებების მაგიდასთან მჯდომ ოპოზიციასთან საერთო მაჟორიტარების საკითხზე შეთანხმებაში არ მონაწილეობდა, თავიდანვე ცნობილი იყო. რომ არა მამუკა ხაზარაძის TV პირველის ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ “ლელოს” შესაძლოა ელენე ხოშტარიასთვის კონკურენტი არ დაეყენებინა, ალბათ, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კობერიძის კანდიდატურის წარდგენას განსაკუთრებული გამოხმაურებაც არ მოჰყვებოდა.

ხოშტარიასთვის კონკურენტის დაყენება “ლელოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ იმით ახსნა, რომ კობერიძის ვაკეში კანდიდატობა  “ოცნების” კანდიდატის დამარცხების გარანტიაა.

ჯაფარიძის მსგავსად ფიქრობს თავად ლევან კობერიძეც და ამბობს, რომ მასსა და ელენე ხოშტარიას შორის იმდენად საინტერესო კონკურენცია იქნება, ამ კონკურენციაში “ქართული ოცნების” კანდიდატისთვის ადგილიც კი არ დარჩება.

კობერიძის თქმით, “ლელო” არავის არაფერს დაჰპირებია და ამიტომ მისი კანდიდატურის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი “თითიდან გამოწოვილია”. ის ამჟამად გლადანი-მუხიანის მოქმედი მაჟორიტარია და ამჯერად ვაკის ოლქში გადმონაცვლებას იმით ხნის, რომ წლებია თავადაც ვაკის მაცხოვრებელია.

ამბობს, რომ “ლელოსთან” ერთად ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის გაჩენის სტრატეგია აქვს და გათვლას იმ ამომრჩეველზე აკეთებს, რომელთაც “ქართულმა ოცნებამ” იმედები გაუცრუა და “არც ორპოლუსიანობის სხვა რომელიმე პარტია” სურს.

“მე ვფიქრობ, რომ ჩემი და “ლელოს” ამომრჩეველი აბსოლუტურად განსხვავდება “ევროპული საქართველოს” და კონკრეტულად ელენე ხოშტარიას ამომრჩევლისაგან და ლელოს” და მეც, როგორც “ლელოს” კანდიდატს, იმ ამომრჩეველზე მაქვს გათვლა, რომელიც არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და რომელიც არის ის ამომრჩეველი, რომელსაც უნდა სიახლე დღეს ქართულ პოლიტიკაში და რომელსაც არ უნდა არც “ქართული ოცნება” და არც ორპოლუსიანობის სხვა რომელიმე პარტია, რომელიც ეძებს სწორედ ამ ახალ პოლიტიკურ ძალას. გარკვეულწილად, ესენი არიან იმედგაცრუებული ადამიანები. მეორე მხრივ, არიან ის ადამიანები, რომლებიც ცოტათი ნიჰილისტურადაც კი არიან განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ორ პოლუსს ხედავდნენ და, შესაბამისად, ვერ ხედავდნენ ახალ პოლიტიკურ ძალას. ეს იქნება ის ამომრჩეველი, რომელზეც მე გავაკეთებ კონცენტრაციას და რომელიც არის “ლელოს” ბუნებრივი ამომრჩეველი”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

კობერიძე დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი მასსა და მის ყოფილ გუნდს — “ქართულ ოცნებას” შორის განსხვავებას დაინახავს, რადგან, როგორც თავად ამბობს, ყველაზე კარგად პოლიტიკოსზე მეტყველებს მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ასეთ პრინციპულ ნაბიჯად მმართველი გუნდის პოლიტიკასთან შეუგუებლობის გამო მის დატოვებას ასახელებს.

“მე რომ არ განვსხვავდებოდე “ქართული ოცნებისაგან”, დღესაც იქ ვიქნებოდი. ყველაზე კარგი არის პოლიტიკოსის და ადამიანის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ის, რომ მე არ შევეგუე ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” გადმობარებას, ის, რომ მე არ შევეგუე კორუფციას, არ შევუგუე იმას, რისკენაც მიჰყავდა “ქართულ ოცნებას” ბოლო პერიოდში პოლიტიკური თუ ეკონომიკური პოლიტიკას, ეს არის ჩემი ყველაზე კარგი საბუთი იმის, მე რა ნაბიჯები გადავდგი. მე არ დავრჩი იქ, არ შევეგუე, დავტოვე თანამდებობები და წამოვედი. ჩემი არგუმენტი არის ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომ მე ღირებულებებს არ ვუღალატე. მე მგონია, რომ ეს ჩემს პრინციპულობაზე მიუთითებს. ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, პირში წყალში არ ჩამიგუბებია და დავტოვე “ქართული ოცნება”, — ამბობს ის და ამ ფონზე მისი კონკურენტის, ელენე ხოშტარიას წარსულს იხსნებს, როცა ის “ნაციონალური მოძრაობის” დროს აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო, შემდეგ კი პარტიული სიით პარლამენტში მოხვდა.

კობერიძის თქმით, მისი კონკურენტისგან ის განასხვავებს, რომ თავად “ქართულ ოცნება” მისი პოლიტიკაში მოსვლიდან ორ წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა, როგორც კი დაინახა, რომ  მისმა გუნდმა გაცემულ დაპირებებს გადაუხვია.

“მე ელენესგან განსხვავებით მომენტალურად დავტოვე ეს პოლიტიკური გუნდი და გადავედი ოპოზიციაში. ელენე ბოლომდე იყო იმ გუნდში, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად  შემოვიდა საქართველოს პარლამენტში და შემდეგ იქ მოხდა შიდა განხეთქილება, უბრალოდ, და “ნაციონალური მოძრაობა” გაიყო ორ ნაწილად. ეს არის უდიდესი განსხვავება. როდესაც გაიყო “ნაციონალური მოძრაობა”, ელენემ ბოდიში მოიხადა შეცდომებისათვის და ჩემი აზრით, ის შეცდომები არ იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა, ის იყო დანაშაული და მე კიდე, ჩავთვალე, რომ “ქართული ოცნების”  შეცდომებია დანაშაული”, — აღნიშნავს ის.

თუმცა ამბობს, რომ ხოშტარიას პოლიტიკურ წარსულზე საუბრით “უბრალოდ, ფაქტი გაიხსენა” და მისი, როგორც პოლიტიკოსის, დღის წსერიგი კონკურენტის წარსულზე საუბარი არ არის.

რაც შეეხება კითხვას — პარლამენტში მოხვედრისა და კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობის შემთხვევაში, ვისთან თანამშრომლობას განიხილავს, პასუხობს, რომ ამ საკითხს არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება.

“ასე არ არის საქმე, რომ მაინცდამაინც ყველა შევა იმდენად მცირე პროცენტით, რომ ან “ქართული მოძრაობა” ამოირჩიოს, ან “ნაციონალური მოძრაობა”. “ლელოს” ზუსტად ამ ორპოლუსიანობის გარღვევის შანსი აქვს.

კოალიციურ მთავრობაში თავისთავად ცუდი არაფერი არ არის და ქვეყანამ პოლიტიკურად შეიძლება ეს გზაც გაიაროს და ეს თუ იქნება აუცილებლობა ქვეყნის განვითარებისთვის”, — ამბობს ლევან კობერიძე.

მისგან განსხვავებით, ელენე ხოშტარია დარწმუნებულია, რომ საერთო  მიზნის — “ქართული ოცნების” მთავრობის შეცვლისათვის, ოპოზიციურ ძალებს შორის თანამშრომლობა და პირველ ეტაპზე არჩევნებში საერთო კანდიდატის გარშემო კონსოლიდაცია უკეთესი ტაქტიკა იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით “ლელოს” პოზიცია თავიდანვე იცოდა, მისთვის კონკურენტის დაყენება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, “ლელოს” მრადაჭერის მოლოდინი მეტწილად პარტიის ლიდერების საჯარო განცხადებებმა გაუჩინა.

“ჩვენი კონსულტაციების პერიოდზე და პირად საუბრებზე არ მინდა კომენტარის გაკეთება. უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ ამის მოლოდინი მქონდა, რომ მექნებოდა მხარდაჭერა. თუმცა ეს არანაირად არ გამოიწვევს არანაირ განხეთქილებას ჩვენს ურთიერთობაში. ყველაზე მეტად ბატონი მამუკას, ბატონი ბადრის საჯარო განცხადებებმა გამიჩინა გარკვეული მოლოდინი და აქედან შეგვიძლია ათვლა ავიღოთ.

მათი პოზიცია, რაც მოვისმინე, არის ის, რომ გამოიყვანენ იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება არჩევნებზე არ მოვიდნენ. ამაში ვერ ვთანხმდებით და მე მიმაჩნია, რომ ერთი კანდიდატის გარშემო კონსოლიდაცია უკეთესი ტაქტიკა იქნებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, დრო გვანახებს”, — ამბობს ის “ნეტგაზეთთან”.

რაც შეეხება ქვეყნის ორპოლუსიანობიდან გამოყვანას, ამბობს, რომ ეს პრობლემა პროპროციულთან მიახლოებულმა საარჩევნო სისტემამ უკვე მოაგვარა.

“მე მესმის, რომ ბატონ ლევანს პოლიტიკური პოზიციონირება აქვს — “აქეთ “ქოცები” და იქით “ნაცები” და ჩვენ — ახლები”. უბრალოდ, მე მგონია, რომ ჩვენ ეს მოცემულობა აღარ გვაქვს. ძალიან ბევრი სხვადასხვა პარტია არის და პროპორციულმა არჩევნება ამ ორპოლუსიანობიდან უკვე გამოგვიყვანა. არათუ პირველი, მეორე და მესამე ძალა არსებობს, მრავალფეროვნება, რაც გამორიცხავს პოლუსების არსებობას”, — ამბობს ის.

მიაჩნია, რომ მთავარი ბრძოლა “ქართული ოცნების” წინააღმდეგაა და იმის თქმა, რომ მასსა და ლევან კობერიძეს შორის კონკურენციაში “ოცნების” კანდიდატი დაიკარგება “თავის მოტყუებაა”.

“ახლა თავის მოტყუება, რომ “ქართული ოცნება” არ არსებობს და მხოლოდ მე და ლევანი ვართ, არასწორია. მე მგონი, პირიქით, მთავარი ამოცანა არის ის, რომ “ქართული ოცნება” დავამარცხოთ და მე წარმატებას ვუსურვებ ლევანს “ქართული ოცნებისთვის” ხმების წართმევაში”, — აღნიშნავს ის და ამბობს, რომ კონკურენტის საპასუხოდ მისი ბიოგრაფიის შეფასებას არ აპირებს.

მისი თქმით, უკეთესი იქნება, თუ კონკურენციას პატივისცემით გააგრძელებენ და ერთმანეთს იარლიყებს არ მიაწებებენ.

“ჩემს წარსულს რაც შეეხება, არ მგონია, რომ ბიოგრაფიაში რამე დასამალი მქონდეს. მე მისთვის არ მიწოდებია “ქოცი” და არც ვაპირებ, რომ მისი ბიოგრაფიის ანალიზით დავკავდე, პირიქით, მე ვამბობ, რომ მას პატივს ვცემ. შეცდომები დაუშვია თუ არ დაუშვია, მე არ ვაპირებ ამის განხილვას. მე ადამიანების განცხადებას, სიტყვას და პოზიციას პატივს ვცემ და კონსპირაციაში ნამდვილად ვერ შევალ. ის ძალიან აქტიურად აკრიტიკებს “ქართულ ოცნებას” და, ზოგადად, მივესალმები, რომ “ოცნებიდან” წამოვიდა. ამიტომ რაც არ უნდა ჩემ მიმართ ტალახი ისროლოს, არ ვაპირებ, რომ რაიმე იარლიყები მივაწებო”, — ამბობს ის.

კითხვაზე — იმ შემთხვევაში, თუ ლევან კობერიძე მეორე ტურში აღმოჩნდება, დაუჭერს თუ არა მხარს, პასუხობს, რომ ნებისმიერ ოპოზიციონერს უნდა ჰქონდეს მეორე ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერა.

“აბსოლუტურად ღიად, მტკიცედ ვაცხადებ, რომ ეს ასე იქნება. თუმცა იმ მონაცემებით, რაც ახლა არის, მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი ბატონ ლევანს ექნება გასაკეთებელი”, — ამბობს ის.

ლევან კობერიძესა და ელენე ხოშტარიას კონკურენციაზე საუბრისას”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ კობერიძე ხოშტარიას კონკურენციას ვერ გაუწევს. დარწმუნებულია, რომ ხოშტარიას ალტერნატივა არ აქვს და  ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი ადამიანის ხმა მასთან  წავა.

“სიმართლე გითხრათ, არც ბატონი კობერიძის ბექრაუნდი მიმაჩნია დიდად განსაკუთრებულად, რომ რაიმე სახის მიზიდულობას წარმოადგენდეს თვითონ, როგორც კანდიდატი. იმიტომ, რომ მე არ ვიცი არც მისი დამსახურებები, არც მისი გამორჩეულობა. გასაგებია, რომ თავისი სტრატეგია აქვს “ლელოს”. მე საერთოდ კობერიძეს პოლიტიკოსადაც არ ვთვლი, მაგრამ “ლელოს” გადასაწყვეტი იყო, ვინ უნდა დაეყენებინა. ცნობადობა დაბალი აქვს და ცოტა გაურკვევლად შეიძლება მიუდგეს ამომრჩეველი, თუმცა აქ მნიშვნელოვანია “ლელოს” ფაქტორი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა რა რეიტინგიც აქვს “ლელოს”,  კობერიძეს, ალბათ, იმაზე ცოტა უფრო დაბალი ექნება”, — ამბობს ის “ნეტგაზეთთან”.

თუმცა, მიუხედავად “ლელოს” სტრატეგიიასა, მათი მხრიდან ელენე ხოშტარიასთვის კანდიდატის დაყენება ხატია დეკანოიძისთვის მაინც გაუგებარი იყო.

“გასაგებია, რომ “ლელო” ყველგან აყენებდა კანდიდატებს, მაგრამ ხაზარაძემ თვითონ თქვა, რომ ვაკეში “ლელო” ელენე ხოშტარიას კანდიდატს არ დაუყენებდა და ამიტომ ცოტა გაუგებარი იყო ამ კუთხით ელენესთვის ვითომ კონკურენტის დაყენება. ბატონი ხაზარაძის ასეთი მიდგომა რამ განაპირობა, მე არ ვიცი. შესაძლებელია, რაიმე სახის პატარა ხარვეზი იყო მოლაპარაკებებში. ის, რომ “ლელო” საერთო შეთანხმებაში და ამ ფერხულში არ არის ჩართული, მეტ-ნაკლებად მათი მომავალი მსოფლმხედველობის ხარისხის მაჩვენებელი შესაძლებელია იყოს.

ზოგადად, პოლიტიკაში სიტყვის დაცვა მნიშნვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა საჯარო სფეროა და გვიწევს სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმებთან თანამშრომლობა, რომ საერთო მიზანს მივაღწიოთ. თავისი სტრატეგია აირჩიეს, მაგრამ მაინც გარკვეულწილად სიტყვის დაცვის მნიშვნელობა უფრო უნდა იყოს ამომრჩევლისთვის”, — აღნიშნავს ის.

“ლელოს” მხრიდან ელენე ხოშტარიასთვის კონკურენტის დაყენება დიდად არ გაკვირვებია პოლიტოლოგ გია ნოდიას. მისი თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციური სოლიდარობა აღარ მუშაობს. როგორც ის ამბობს, კობერიძის ამომრჩეველი ძირითადად ის ადამიანები იქნებიან,  ვინც არც “ქართული ოცნების” და არც ოპოზიციის კანდიდატისთვის ხმის მიცემას არ აპირებდა. თუმცა აღნიშნავს, რომ კობერიძემ, შესაძლოა, ხმა მმართველი პარტიის კანდიდატსაც წაართვას და ელენე ხოშტარიასაც.

“ის, რომ “ქართულ ოცნებას” სივრცე არ დარჩება, ეს რეალობას არანაირად არ შეესაბამება. სერიოზულად არ უნდა მივიღოთ ეს განცხადება. უბრალოდ, რაღაც უნდა ეთქვა, რაკი ნეგატიური რეაქცია მოჰყვა მისი კანდიდატურის დაყენებას ოპოზიციის ზოგიერთი მომხრის მხრიდან, რაღაცით უნდა გაენეიტრალებინა ეს კრიტიკა და ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.

ელენე ხოშტარია საერთოდ მაჟორიტარებში ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატია მთლიანად ოპოზიციის მხრიდან და მე მგონია, რომ კობერიძე ხოშტარიაზე სუსტია. მაგრამ რაღაც ცნობადობა მაინც აქვს და უბანში რომ ყოფილიყო, შეიძლება უფრო მეტი შანსი ჰქონოდა. კობერიძე ძირითადად იმ ამომრჩევლისთვის იბრძოლებს, ვინც “ქართული ოცნების” მომხრე იყო დიდხანს და მერე, ბოლოხანებში, გული აუცრუვდა. ასე რომ, ასეთი ამომრჩევლისთვის ეს არგუმენტი შეიძლება დამაჯერებელი იყოს. მაგრამ რამდენად ბევრია ასეთი ამომრჩეველი, ეს სხვა საკითხია”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, “ლელო” თავიდანვე იმ ლოზუნგით შემოვიდა პოლიტიკაში, რომ ისინი არც “ნაციონალური მოძრაობა” არიან და არც “ქართული ოცნება” და ეს ლევან კობერიძეს არ მოუგონია. თუმცა “ლელოს” ლიდერების მხრიდან თავიანთ განცხადებებში მთავარ კონკურენტად “ქართული ოცნების” დასახელება გია ნოდიასთვის წინასაარჩევნო რიტორიკაა.

“რაკი “ქართული ოცნებაა” მთავრობა, ამიტომ უნდა თქვა, რომ პირველ რიგში მისი მოწინააღმდეგეა სამთავრობო პარტია. მაგრამ, მეორე მხრივ, რაკი ისინი თავის ნიშას პოულობენ ე.წ. შუაშისტებში, ამიტომ ისინი ამასაც ამბობენ, რომ ჩვენ ფაქტიურად შუაშისტების პარტია ვართ. როგორც კი მოვიდნენ, ეს იყო თავიდანვე ხაზარაძის პრეტენზია. უბრალოდ, ასეთი პრეტენზია სხვასაც აქვს და მათი მოლოდინი, რომ ამ შუაშისტებს მოიზიდავდნენ და დიდი მხარდაჭერა ექნებოდათ, ჯერჯერობით არ გამართლდა”, — ამბობს ის.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აზიანებს ოპოზიციის იმიჯს ისეთი შემთხვევები, როგორც ელენე ხოშტარიასთვის კონკურენტის წარდგენაა, ნოდია ამბობს, რომ ოპოზიციიის არაფორმალური ერთიანობის იმიჯი უკვე საკმაოდ შელახულია,  კობერიძის ვაკეში დაყენებით არ დაწყებულა და “ლელოს” ეს გადაწყვეტილება ამ მიმართულებით, უბრალოდ, კიდევ ერთი ნაბიჯია.

მასალების გადაბეჭდვის წესი