ახალი ამბები

სოლიდარობის აქცია თბილისსა და ბათუმში ბელარუსის დემონსტრაციების მხარდასაჭერად

13 აგვისტო, 2020 • 1627
სოლიდარობის აქცია თბილისსა და ბათუმში ბელარუსის დემონსტრაციების მხარდასაჭერად

13 აგვისტოს თბილისსა და ბათუმში სოლიდარობის აქციები გაიმართა ბელარუსში მიმდინარე დემონსტრაციების მხარდასაჭერად.

თბილისში აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან შეიკრიბნენ. 

ბათუმში კი აქცია  ალი და ნინოს ქანდაკებასთან  გაიმართა. აქციის მონაწილეები ძირითადად ბელორუსები იყვნენ. პროტესტს უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

„ჩვენ შევიკრიბეთ ბელორუსი ერის მხარდასაჭერად, რომლებიც თავისუფლებისთვის და სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვიან. მიუღებელი და დასაგმობია ძალადობა, რაც ვნახეთ, არ შეიძლება ხელისუფლება ასე აყალბებდეს არჩევნებს და მერე საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ფალსიფიკაციას აპროტესტებენ, აქციაზე უსწორდებოდეს და კლავდეს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დიმიტრი ივანოვი.

აქციის მონაწილეები ბელორუსის დროშებით ალი და ნინოს ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარისკენ გაემართნენ სანაპიროს გავლით. მათი თქმით, აქციები ბელორუსი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც თავისუფლებასა და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ, ბათუმში პერმანენტულად გაგრძელდება.


პოლიციის მძლავრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბელარუსში ისევ გრძელდება პროტესტი ლუკაშენკოს წინააღმდეგ. პროტესტი და შეტაკებები ქალაქის ქუჩებში დაიწყო არჩევნების არაოფიციალური შედეგების გამოცხადებისთანავე, რომელთა მიხედვითაც ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80%-მა მისცა ხმა.

არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.

სახელმწიფომ ოთხშაბათს მეორე დემონსტრანტის დაღუპვა დაადასტურა.

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბელარუსში პროტესტი გრძელდება

მინსკის ქუჩებში ასობით ქალმა გააპროტესტა პოლიციის ძალადობა[ფოტო]

გარეკანის ფოტო: სოლიდარობის აქცია თბილისში; ფოტო: სალომე ბარკერის

მასალების გადაბეჭდვის წესი