ახალი ამბები

მინსკის ქუჩებში ასობით ქალმა გააპროტესტა პოლიციის ძალადობა[ფოტო]

13 აგვისტო, 2020 • 1419
მინსკის ქუჩებში ასობით ქალმა გააპროტესტა პოლიციის ძალადობა[ფოტო]

საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პროტესტის წინააღმდეგ პოლიციის ქმედებები მინსკის ქუჩებში ასობით ქალმა გააპროტესტა. ქალთა ჯგუფები 12 აგვისტოს გამოვიდნენ ქალაქში და დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალადობა დაგმეს. არაერთ მათგანს ხელში ყვავილები ეჭირა.

მედიის თანახმად, ძირითადად თეთრ ტანისამოსში გამოწყობილმა ქალებმა დედაქალაქის ქუჩებში ცოცხალი ჯაჭვები შეკრეს და სკანდირებდნენ: “სირცხვილი!” მათი ნაწილი იმ ციხესთან შეიკრიბა, სადაც აქციების დაკავებული მონაწილეები ჰყავთ გადაყვანილი. პროტესტს ექიმებიც შეუერთდნენ.

არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.

ქალთა პროტესტი მინსკში.11.08.20 ფოტო: EPA ქალთა პროტესტი მინსკში.11.08.20 ფოტო: EPA ქალთა პროტესტი მინსკში.11.08.20 ფოტო: EPA ქალთა პროტესტი მინსკში.11.08.20 ფოტო: EPA ქალთა პროტესტი მინსკში.11.08.20 ფოტო: EPA ქალთა პროტესტი მინსკში.11.08.20 ფოტო: EPA ქალთა პროტესტი მინსკში.11.08.20 ფოტო: EPA ქალთა პროტესტი მინსკში.11.08.20 ფოტო: EPA ქალთა პროტესტი მინსკში.11.08.20 ფოტო: EPA

ოთხშაბათს სახელმწიფომ მეორე დემონსტრანტის დაღუპვა დაადასტურა. მთავრობის თქმით, მისი მდგომარეობა დაკავების შემდეგ, “უცებ გაუარესდა”. კიდევ ერთ დაღუპულთან დაკავშირებით სახელმწიფო ამტკიცებს, რომ მას ხელში აუფეთქდა ხელნაკეთი ბომბი, რომლის სროლასაც სამართალდამცავთა მიმართულებით გეგმავდა.

პროტესტი და შეტაკებები ქალაქის ქუჩებში დაიწყო არჩევნების არაოფიციალური შედეგების გამოცხადებისთანავე, რომელთა მიხედვითაც ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80%-მა მისცა ხმა.

პროტესტის მესამე ღამეს, აქციის მონაწილებმა ტაქტიკა შეცვალეს: ბელარუსში მოქმედი ონლაინ მედიაპლატფორმის, Nexta-ს ტელეგრამის გვერდზე გაჩნდა მოწოდება, აქტივისტები მცირე ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და მთელ ქალაქში გაშლილიყვნენ.

“იმოქმედეთ, როგორც წყალმა” – მითითებულია მოწოდებაში. მსგავს ტაქტიკას იყენებდნენ ჰონგ კონგში მიმდინარე აქციებისას, სხარტი მოქმედების მიზნით.

არაერთმა აქტივისტმა უთხრა მედიას, რომ მიუხედავად ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის დატოვებისა, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და ლუკაშენკოს პრეზიენტად არ აღიარებენ.

ტიხანოვსკაიას მიმართვა და სავარაუდო ზეწოლა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად განიხილებოდა, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 10% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე კი 80%-ით მოქმედი პრეზიდენტი გავიდა. ტიხანოვსკაიამ კენჭისყრის შედეგები არ ცნო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.

11 აგვისტოს, დილის საათებში, ცნობილი გახდა, რომ ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება. მისმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ პირთა ზეწოლით დატოვა, მისი შტაბის უფროსის, მარია მოროზის გათავისუფლების სანაცვლოდ. მოროზი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს.

ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის დატოვებიდან მალევე, გავრცელდა მისი მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო ბელარუსის დატოვება და იცის, რომ ამის გამო არაერთი “დაგმობს” ან “შეიძულებს”. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავისი შვილების გამო მიიღო.

მოგვიანებით პროსახელიწუფლებო გვერდმა გაავრცელა ტიხანოვსკაიას კიდევ ერთი მიმართვა, რომელშიც მხარდამჭერებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ბელარუსელებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს.

მისი თანაგუნდელების თქმით, ვიდეო არის ზეწოლის შედეგი: 10 აგვისტოს ტიხანოვსკაიამ რამდენიმე საათი გაატარა ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც, მისი კამპანიის წარმომადგენელთა თქმით, უკანონოდ იყო დაკავებული. გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ვიდეოს ფონის მიხედვით გაავრცელა ცნობა, რომ მიმართვა სწორედ კომისიის ოფისშია ჩაწერილი.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია მართავს.

საერთაშორისო გამოხმაურება

ლუკაშენკოს უკვე მიულოცეს გამარჯვება ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის ლიდერებმა. ევროკავშირის ქვეყნებს ჯერჯერობით არ მიულოცავთ ლუკაშენკოსათვის.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. ემანუელ მაკრონის თქმით, “ძალიან დამწუხრებულია ბელარუსში არსებულისიტუაციისა და ძალადობის გამო, რომელსაც მოქალაქეები არჩევნების შემდგომ აწყდებიან”. მან დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალა გაერომ დაგმო: ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისრმა, მიშელ ბაშელემ, მოითხოვა ყველას გათავისუფლება, ვინც უკანონოდაა დაკავებული. ის ასევე ითხოვს პოლიციის მხრიდან ძალიან გადამეტებაზე გამოძიების დაწყებას.

BBC-ის თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგები და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინების და ძალადობრივი დარბევის ადგილი ევროკავშირში არ არის“.

BBC-ის ცნობითვე, გერმანიის მთავრობა „ძლიერ ეჭვებს“ გამოთქვამს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ხოლო პოლონეთი ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევას ითხოვს კრიზისის განსახილველად.

რაც შეეხება აშშ-ს: ვაშინგტონში ამბობენ, რომ “ღრმად შეშფოთებულნი არიან” არჩევნებით და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებენ, “პატივი სცეს მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი