პოლიციის მძლავრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბელარუსში ისევ გრძელდებაპროტესტი ლუკაშენკოს წინააღმდეგ. დემონსტრაციების მეოთხე ღამეს ათასობით ადამიანი გამოვიდა მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, შეკრეს ცოცხალი ჯაჭვები და სკანდირებდნენ ანტისახელისუფლებო ლოზუნგებს. სპეცრაზმი მათ დაშლას კვლავ ცდილობდა სპეციალური საშუალებებით. სახელმწიფომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც დაადასტურა.
პროტესტი და შეტაკებები ქალაქის ქუჩებში დაიწყო არჩევნების არაოფიციალური შედეგების გამოცხადებისთანავე, რომელთა მიხედვითაც ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80%-მა მისცა ხმა.
12 აგვისტოს ღამეს სპონტანური დემონსტრაციები გაიმართა დედაქალაქის არაერთ ქუჩაზე. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ქუჩებში დემონსტრანტთა ჯგუფები, ავტომანქანების მძღოლები კი სიგნალებით უცხადებენ მათ სოლიდარობას. “რადიო თავისუფლების” თანახმად, ავტომობილების ნაწილი განგებ მოძრაობდა ნელა, რათა ქალაქში პოლიციის გადაადგილება შეეფერხებინა.
ოფიციალურმა პირებმა აქციის მონაწილეთა მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაადასტურეს. შსს-ს თქმით, ამის მიზეზი დემონსტრანტთა შეტევა გახდა სამართალდამცავებზე.
პოლიცია კვლავ იყენებს სპეციალურ საშუალებებს: “ამერიკის ხმა” მოწმეზე დაყრდნობით იუწყება, რომ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები ისროლა იმ ადამიანების მიმართულებითაც, რომლებიც საკუთარი აივნებიდან ტაშით ამხნევებდნენ დემონსტრანტებს. რეზინის ტყვიები უშუალოდ აქციის მონაწილეთა მიმართაც გამოიყენეს.
პროტესტის პირველი ორი დღისგან განსხვავებით, აქციის მონაწილეები შეცვლილი ტაქტიკით მოქმედებენ: თუ იქამდე ძირითადად ქალაქის ცენტრზე კონცენტრირდებოდნენ, ახლა ჯგუფებად იყოფიან და გადაადგილდებიან როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ისე პერიფერიულ უბნებში. აღნიშნული ტაქტიკის გამოყენებისკენ მოწოდება სოციალურ ქსელში გახმიანდა. მისი მიზანი სწრაფად მოქმედება და პოლიციისათვის პროტესტის მონაწილეთა დაშლის გართულებაა.
დაკავებულთა და დაშავებულთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად მინსკის ქუჩებში მოქალაქეები კვლავ კრავენ ცოცხალ ჯაჭვებს, არაერთ მათგანს კი ხელში ყვავილები უჭირავს. მსგავსი ფორმით პროტესტი გუშინ გამოხატეს ქალებმა, მათ შორის, ექიმებმა, რომელთაც ხელჩაკიდებულებმა გაიარეს დედაქალაქის ქუჩებში.
Keramin in Minsk joins the strike. Belarus’s largest producer of tiles and sanitaryware.#ЛукашенкоУходи #LukashenkoGoAway#Belarus pic.twitter.com/jDUcUnXr35
— NEXTA (@nexta_tv) August 13, 2020
არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.
სახელმწიფომ ოთხშაბათს მეორე დემონსტრანტის დაღუპვა დაადასტურა. ოფიციალურ პირთა თქმით, დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის შემდეგ ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა “უცებ გაუარესდა”. დაღუპულის დედამ “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ მისი შვილი საერთოდ არ მონაწილეობდა პროტესტში და შეყვარებულის სანახავად მიდიოდა, როცა დააკავეს. დედის განცხადებით, მის შვილს გულის პრობლემები ჰქონდა და ეჭვობს, რომ დაღუპვამდე ის სცემეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორები და პოლიციის განყოფილებები, მასშტაბური დაკავებების ფონზე, გადატვირთულია.
ტიხანოვსკაიას მიმართვა და სავარაუდო ზეწოლა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად განიხილებოდა, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 10% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე კი 80%-ით მოქმედი პრეზიდენტი გავიდა. ტიხანოვსკაიამ კენჭისყრის შედეგები არ ცნო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.
11 აგვისტოს, დილის საათებში, ცნობილი გახდა, რომ ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება. მისმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ პირთა ზეწოლით დატოვა, მისი შტაბის უფროსის, მარია მოროზის გათავისუფლების სანაცვლოდ. მოროზი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს.
ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის დატოვებიდან მალევე, გავრცელდა მისი მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო ბელარუსის დატოვება და იცის, რომ ამის გამო არაერთი “დაგმობს” ან “შეიძულებს”. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავისი შვილების გამო მიიღო.
მოგვიანებით პროსახელიწუფლებო გვერდმა გაავრცელა ტიხანოვსკაიას კიდევ ერთი მიმართვა, რომელშიც მხარდამჭერებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ბელარუსელებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს.
მისი თანაგუნდელების თქმით, ვიდეო არის ზეწოლის შედეგი: 10 აგვისტოს ტიხანოვსკაიამ რამდენიმე საათი გაატარა ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც, მისი კამპანიის წარმომადგენელთა თქმით, უკანონოდ იყო დაკავებული. გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ვიდეოს ფონის მიხედვით გაავრცელა ცნობა, რომ მიმართვა სწორედ კომისიის ოფისშია ჩაწერილი.
ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია მართავს.
საერთაშორისო გამოხმაურება
ლუკაშენკოს უკვე მიულოცეს გამარჯვება ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის ლიდერებმა. ევროკავშირის ქვეყნებს ჯერჯერობით არ მიულოცავთ ლუკაშენკოსათვის.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. ემანუელ მაკრონის თქმით, “ძალიან დამწუხრებულია ბელარუსში არსებული სიტუაციისა და ძალადობის გამო, რომელსაც მოქალაქეები არჩევნების შემდგომ აწყდებიან”. მან დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალა გაერომ დაგმო: ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაშელემ, მოითხოვა ყველას გათავისუფლება, ვინც უკანონოდაა დაკავებული. ის ასევე ითხოვს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე გამოძიების დაწყებას.
BBC-ის თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგები და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინების და ძალადობრივი დარბევის ადგილი ევროკავშირში არ არის“.
BBC-ის ცნობითვე, გერმანიის მთავრობა „ძლიერ ეჭვებს“ გამოთქვამს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ხოლო პოლონეთი ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევას ითხოვს კრიზისის განსახილველად.
რაც შეეხება აშშ-ს: ვაშინგტონში ამბობენ, რომ “ღრმად შეშფოთებულნი არიან” არჩევნებით და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებენ, “პატივი სცეს მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას”.