ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა პუტინს „სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო“ უსაყვედურა

13 აგვისტო, 2020 • 893
ალიევმა პუტინს „სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო“ უსაყვედურა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უსაყვედურა სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო.

აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 13 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, ილჰამ ალიევმა ყურადღება გაამახვილა იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდების ინტენსიფიკაციამ გამოიწვა სერიოზული შეშფოთება და კითხვის ნიშნები აზერბაიჯანის საზოგადოებაში“.

ალიევმა პუტინთან საუბარში გაიმეორა აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია სასაზღვრო დაპირისპირებების შესახებ და ამის მიზეზად სომხეთის მხრიდან პროვოკაცია დაასახელა [ერევანი ბაქოს სდებს ბრალს „პროვოკაციებში“]. ალიევის განცხადებით, ამ შეტევის მთავარი მიზანი იყო „მესამე მხარეების ჩართვა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში“.

Apa-ს ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა „ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის აგრესიის კიდევ ერთი გამოვლინების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და ერთი სამოქალაქო პირი, ხოლო სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვრის გასწვრივ სოფლებისა და საცხოვრებელი დასახლების საარტილერიო თავდასხმისას მრავალი სახლი განადგურდა“.

ალიევმა ასევე თქვა, რომ „რუსეთიდან სომხეთში გაგზავნილი სამხედრო დანიშნულების ტვირთების მოცულობამ (სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო შეტაკების პირველი დღიდან დღემდე) გადააჭარბა 400 ტონას და ამ ტვირთის გადაცემა მოხდა ყაზახეთის, თურქმენეთის და ირანის ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენებით.

ალიევის თანახმად, სატელეფონო საუბრის ძირითადი მიზანი სწორედ ამ საკითხის გარკვევა იყო. ამასთან, პრეს-რელიზის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს „ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა და ყველა სფეროში აზერბაიჯან-რუსეთის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების[ მნიშვნელობა]“.

ამ ცნობაში ნახსენები არ არის საქართველო, რომელზეც აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიასაშუალება Haqqin.az  წერდა, რომ სერბეთსა და რუსეთს სომხეთისთვის იარაღის მიწოდებაში დაეხმარა. საქართველოში Haqqin-ის ეს ცნობა უარყვეს და მას დეზინფორმაცია უწოდეს.

რუსეთი, სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ორივე მხარეს აწვდის იარაღს, რაც სომხეთში რუსეთით უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია.

თბილისში დეზინფორმაცია უწოდეს Haqqin.az-ის სტატიას

მასალების გადაბეჭდვის წესი