ნეტგაზეთი | სომხეთის საზოგადოებაში რუსეთის მხარდაჭერა მცირდება – რატომ? სომხეთის საზოგადოებაში რუსეთის მხარდაჭერა მცირდება – რატომ? – Netgazeti
RU | GE  

სომხეთის საზოგადოებაში რუსეთის მხარდაჭერა მცირდება – რატომ?

საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ყოველწლიურად სომხეთში გამოკითხულთა სულ უფრო და უფრო ნაკლები პროცენტული წილი ასახელებს რუსეთს „ქვეყნის მთავარ მეგობრად“. რა არის ამის მიზეზი და რამდენად არის ეს განწყობები პოლიტიკურ ველში არეკლილი?

რას უჩვენებს კვლევები?

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემების თანახმად, 2013 წლიდან 2020 წლამდე პროცენტული წილი იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთს სომხეთის „მთავარ მეგობრად“ ასახელებდნენ, 83%-დან 57%-მდეა შემცირებული. CRRC-ის მონაცემების ვიზუალიზაცია ასეთია:

წყარო: CRRC

როგორც გრაფიკიდანაც ჩანს, იმის ფონზე, რომ მცირდება იმ ადამიანების პროცენტული წილი, ვინც რუსეთს ასახელებს „მთავარ მეგობრად“, გაზრდილია პროცენტული წილი იმ ადამიანებისა, ვინც ასეთად ასახელებს „არავის“. კერძოდ, 2013-15 წლებში ასეთ პასუხს გამოკითხულთა 4% ირჩევდა, 2017-19 წლებში კი- 17%.

რუსეთის შემდეგ მოდის საფრანგეთი, რომელსაც „მთავარ მეგობრად“ 2013 წელს გამოკითხულთა 5% ასახელებდა, ბოლო კვლევისას კი — 12%.

ამავე დროს, მცირედით გაზრდილია პროცენტული წილი იმ ადამიანებისა, ვინც საქართველოს ასახელებდა ასეთ ქვეყნად: 2013 წელს მათი პროცენტული წილი 2% იყო, ბოლო კვლევაში კი ეს მაჩვენებელი 4%-ია.

აღსანიშნავია, რომ კითხვა ყოველ წელს ერთი და იმავე ფორმულირებით იყო დასმული — „თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა ამჟამად სომხეთის მთავარი მეგობარი“ — და კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მიიღებოდა.

კვლევების შესახებ

„კავკასიის ბარომეტრი“ არის შინამეურნეობების გამოკვლევა, რომელსაც CRRC ამჟამად სომხეთსა და საქართველოში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. „კავკასიის ბარომეტრი 2019-ის“ საველე სამუშაოები სომხეთში 2020 წლის 21 თებერვლიდან 15 მარტამდე ჩატარდა და მონაცემები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სომხეთში ბოლო კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1491 ადამიანი, 2013 წლის კვლევის ფარგლებში კი 2700-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. ცდომილება 1.8%-ია. მეთოდოლოგიისა და შერჩევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

შესაძლო მიზეზები

სომხეთში რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად ასახელებენ და, ქვეყნის ლიდერების თანახმად, სახელმწიფოს უსაფრთხოების მთავარი გარანტორია.

ამის მიუხედავად, სომხეთის მოსახლეობაში ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა რუსეთით და მასთან ურთიერთობით უკმაყოფილების რამდენიმე მიზეზი. CRRC-ის უფროსი ანალიტიკოსი დავით სიჭინავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში რამდენიმე მათგანს ჩამოთვლის:

  • უკმაყოფილება ევრაზიული ეკონომიკური კავშირით, რომელთან ინტეგრაციასაც ხელშესახები ეკონომიკური კეთილდღეობა არ მოუტანია, იმის მიუხედავად, რომ ახალი ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკურმა ზრდამ მოიმატა;
  • უკმაყოფილება რუსეთზე მზარდი დამოკიდებულების გამო სხვადასხვა სფეროში [მათ შორის ენერგეტიკა, ტრანსპორტი (რკინიგზის ჩათვლით), ტელეკომუნიკაციები, სამთო მრეწველობა];
  • სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს;
  • მიგრაციის მაღალი დონე, მათ შორის რუსეთში, და გარემოება, რომ რუსეთსა და სომხეთს თანაბარ პარტნიორებად არ მოიაზრებენ, რაც არაერთ ველში ვლინდება;

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი არსენ ხარატიანი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამ მიზეზებს შორის ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფს:

  1. „რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა“ [რაც 2016 წლის ყარაბაღის ოთხდღიანი კონფლიქტის შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში];
  2. „სომხეთის საშინაო საქმეებში რუსეთის აშკარა ჩარევა“;

ამას გარდა, წლების განმავლობაში გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, სადაც რუსეთის მიმართ უკმაყოფილება გამოჩნდა, მაგალითად: 2015 წელს რუსი ჯარისკაცის მიერ 7-სულიანი ოჯახის ამოწყვეტა გიუმრის სამხედრო ბაზის მახლობლად, რასაც რუსეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი დემონსტრაციები მოჰყვა გიუმრისა და ერევანში; 2015 წელს „ელექტრონული ერევნის“ დემონსტრაციები, სადაც ასევე შეიმჩნეოდა რუსეთით უკმაყოფილება და ა.შ.

ვრცლად გიუმრის ხოცვა-ჟლეტაზე

2015 წლის 12 იანვარს გიუმრიში სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა 7-სულიანი ოჯახი ამოხოცა, მათ შორის 6 თვის ბავშვი. ინციდენტმა გამოიწვია პროტესტი რუსეთის მიმართ, რომელიც სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია. თავდაპირველად მოსკოვი მოითხოვდა, თავად გაესამართლებინა ბრალდებული, სომხეთი კი მის საკუთარი კანონმდებლობით გასამართლებას ითხოვდა.

2016 წლის აგვისტოში ბრალდებულს სომხურმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა საბოლოოდ მაინც რუსეთში გადაიყვანეს სასჯელის მოსახდელად.

ამ საქმეს მასობრივი საპროტესტო აქციების გარეშე არ ჩაუვლია – ერევნისა და გიუმრის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება იყო გიუმრიში, სადაც 15 იანვარს დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი გამოვიდა და საოლქო პროკურატურის შენობის ბლოკირება მოახდინა, შემდეგ კი შეეცადნენ ამ ქალაქში მდებარე რუსეთის საკონსულოს შენობაში გადასვლას.გიუმრის ხოცვა-ჟლეტის შესახებ შეგიძლიათ ნეტგაზეთის არქივიდან გაიგოთ მეტი:

გიუმრის ტრაგედია და საფრთხე რუსული სამხედრო ბაზიდან სომხეთში

დავით სიჭინავას თანახმად, შესაძლოა, ამ მოვლენებს/გარემოებებსა და რუსეთის რეიტინგს შორის პირდაპირი კავშირის გაბმა და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასაბუთება რთული იყოს, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის ასოციაციური კავშირი მაინც არსებობს და სრულებით შესაძლებელია, ამ მოვლენების აღქმა რუსეთის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახებოდეს.

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები

რამდენად აისახება საზოგადოების განწყობებში ეს ცვლილება პოლიტიკურ სივრცეში? შეიცვალა თუ არა რამე ნიკოლ ფაშინიანის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ?

როგორც სომხეთის პარლამენტარი მიკაელ ზოლიანი კამათობს „ნეტგაზეთისთვის“ მომზადებულ სტატიაში, შეხედულება, რომ სომხეთი „რუსეთის გავლენის ზონის“ ქვეყანაა, „ამარტივებს რთულ და მრავალმხრივ სურათს, რომელსაც ბევრი ქვეტექსტი აქვს“.

სომხეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომენტატორი, რიჩარდ გირაგოსიანი „ჰაინრიხ ბიოლის ფონდისთვის“ წერს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთი მუდამ იდგა მძიმე არჩევანის წინაშე სუვერენობას და უსაფრთხოებას შორის:

„უსაფრთხოების ნაკლებობის გამო, რომელიც წარმოქმნა მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის ომმა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, სომხეთი ეყრდნობა რუსეთს, როგორც თავის „სტრატეგიულ პარტნიორს“ და უსაფრთხოების მიმწოდებელს“.

[ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც დღემდე გრძელდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სსრკ-ის დაშლამდე პერიოდში დაიწყო და დღემდე არის ამ სახელმწიფოების დღის წესრიგის მთავარი განმაპირობებელი].

თუმცა — წერს გირაგოსიანი — „რუსეთზე დაყრდნობა თანდათანობით დაქვეითდა ტრანსაქციულ ურთიერთობამდე, რაც მუდმივად რისკის ქვეშ აყენებს სომხეთის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს“.

ანალიტიკოსი ჩამოთვლის, თუ როგორ დაეუფლა დროთა განმავლობაში რუსეთი სომხეთის ეკონომიკის წამყვან სექტორებს, როგორ იზრდებოდა სომხეთის „მეტისმეტი დამოკიდებულება“ რუსეთზე, რაც სომხეთზე რუსეთის კონტროლის გაძლიერების ფონზე ხდებოდა:

„ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სომხეთი გახდა რუსეთის ერთადერთი მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში – ერთადერთი ქვეყანა, სადაც განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა, ქვეყანა, რომელიც არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი – რომელსაც სათავეში რუსეთი უდგას, და ქვეყანა, რომელიც ბოლო წლებში შეუერთდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს, სადაც დომინანტურ როლს რუსეთი ასრულებს“.

არსებობს ურთიერთობების გადახედვის შანსი?

ნიკოლ ფაშიანიანის ყოფილი პოლიტიკური ალიანსი „იელკი“ (Yelk – „გამოსავალი“), სერჟ სარქისიანის პრეზიდენტობის პერიოდში ოპოზიციაში ყოფნისას კრიტიკულად უყურებდა სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთანებას.

გამოცემა EVN Report-ის ცნობით, კოალიცია აცხადებდა, რომ ამას ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა და გამოთქვამდა სურვილს, სომხეთს ხელახლა დაეწყო ევროკავშირთან მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებისა და DCFTA-ს (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების) გასაფორმებლად.

თუმცა 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ პერიოდში ნიკოლ ფაშინიანი გამოკვეთილად აცხადებდა, რომ სერჟ სარქისიანის რეჟიმის ცვლილება არ გამოიწვევდა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, რასაც გეოპოლიტიკა განაპირობებს; ფაშინიანის მთავრობა აგრძელებს თანამშრომლობას ევრაზიულ კავშირთან და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან.

როგორც კიდევ ერთი ანალიტიკოსი, სტეფან გრიგორიანი წერს გამოცემა OC Media-სთვის, რუსეთთან ძირითადი ურთიერთობების პარალელურად, სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსი 2017 წლიდან — ჯერ კიდევ სარქისიანის დროიდან — დაუბრუნდა „მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას“;

ეს კურსი ქვეყანამ, ერთი შეხედვით, მიატოვა 2013 წელს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმით, შემდეგ წელს კი, „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“ გაერთიანებით; ხელახალი შემობრუნება, გრიგორიანის თანახმად, მაშინ მოხდა, როდეასც სომხეთმა და ევროკავშირმა 2017 წელს ხელი მოაწერეს „ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“ (CEPA).

ფაშინიანის მმართველობის პერიოდში რეგულარულად ჩნდება კითხვის ნიშნები რუსეთთან დაკავშირებით. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2019 წლის ოქტომბერში სომხეთში ჩასვლისას ეწვია დაკავებული ექსპრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ცოლს, ბელა ქოჩარიანს, რაც ექსპრეზიდენტის მხარდაჭერად აღიქმებოდა. „რუსეთის პოზიცია ქოჩარიანის საკითხში არცთუ ისე მისაღებია სომხეთის მოსახლეობისთვის“, – გვეუბნება დავით სიჭინავა.

იმის ფონზე, რომ სომხეთის ახლანდელი მთავრობა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს, სავარაუდოა, რომ ყოფილი ლიდერების ირიბი მხარდაჭერა [ან საზოგადოების მიერ მოვლენების ასე აღქმა], სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის რეიტინგის გაუმჯობესებას არ შეუწყობს ხელს, თუმცა, გამოუვალი გეოპოლიტიკური/სამხედრო ვითარებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ბუნდოვანია, მაქსიმუმ როგორ შეიძლება ეს ცვლილებები სომხეთის საგარეო პოლიტიკურ კურსზე აისახოს.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

სომხურ-რუსული ურთიერთობების პარადოქსები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com