თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიება „უკვე მკვლელობაზეც საკმაოდ კარგად ყალიბდება“.
რამიშვილი და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გუშინ, 11 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც საქმის მასალების ნაწილი გააცნეს. რამიშვილი ნეტაგზეთს უყვება, რომ რამდენიმე მცდელობის შემდეგ გამოძიებამ თამარის ელექტრონული ფოსტაზე [Gmai-ის ანგარიშზეl შეაღწია.
„ძალიან დიდი მასალა იყო. მის პირად Youtube-ზეც შევედით, ჩანაწერები ვნახეთ. თუმცა ამ ეტაპზე ფეისბუკზე მაინც ვერ შევედით. ძალიან ბევრი სხვა მასალაა, მისი მიწერ-მოწერებიც ვნახეთ, ყველაზე საეჭვო რაც იყო… სხვა ფიგურანტებიც გამოჩნდნენ.
ერთი არის, რომ 13-დან 18 ივლისამდე საერთოდ არანაირი შეტყობინებები არ არის, ან წაშლილია. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 18 ივლისის შემდეგ არის რაღაც შეტობინებები მოსული, უკვე 10 აგვისტოს გარკვეული ცვლილება ფიქსირდება. ვიღაც შედის და გამოდის“, – გვიყვება რამიშვილი.
კითხვაზე, ხომ არ მუშაობს გამოძიება ახალ ვერსიაზე ან ახალი მიმართულებით, რამიშვილი გვპასუხობს, რომ გამომძიებელთა დამოკიდებულებაში ცვლილება შეინიშნება, კერძოდ:
„თუ აქამდე მარტო თვითმკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა იყო, უკვე მკვლელობაზეც საკმაოდ კარგად ყალიბდებიან. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იყო გარკვეული სხვადასხვა პოზიცია და ცოტა აზრთა სხვადასხვაობა ჩვენ შორის, შემდეგ ამ 5-საათიანი მუშაობის შემდეგ მაინც იყო მიღწეული ერთობა. რომ გითხრათ, რომ არ მუშაობენ, ვერ ვიტყვი…
პროკურორებიც იყვნენ მოსულები და ბოლოს შევთანხმდით, რომ მაქსიამლურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნდობა აგვიმაღლდა, ეგ დადგება გამოძიების შედეგის მიხედვით“, – განმარტავს რამიშვილი.
რაც შეეხება საქმეში ახალი ფიგურანტების გამოჩენის შესაძლებლობას, რამიშვილი ამბობს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“ და ამატებს:
„იქ გარკვეული პირების შეტყობინებები არის, ის ადამიანები უნდა იყვნენ გამოკვლეულნი – ვინ არიან, რა ურთიერთობები ჰქონდათ და ა.შ. გამოძიების ინტერესებიდან გადმომდინარე“.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.
ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვაც მოითხოვა.