ახალი ამბები

ყაზბეგში შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება — გახარია

12 აგვისტო, 2020 • 1417
ყაზბეგში შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება — გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ყაზბეგში შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ამის შესახებ მან დღეს, 12 აგვისტოს,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე ყაზბეგში არანაირი რისკი არ არსებობს.

“მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული , რომლებიც მსახურობდნენ ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას”, — განაცხადა გახარიამ.

ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ.

შსს-ს ინფორმაციით, 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი