ახალი ამბები

მთავრობის წევრებმა შინდისის ბრძოლის გმირებს პატივი მიაგეს

11 აგვისტო, 2020 • 1786
მთავრობის წევრებმა შინდისის ბრძოლის გმირებს პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შეიარაღებული ძალების სარდლობასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლებთან ერთად, შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“შინდისის ბრძოლა არის მართლაც ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი თავგანწირვის და გმირობის ისტორია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი დიდების და სულების წინაშე. მათ მშობლებს კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნებით იმისთვის, რომ ასეთი გმირები აჩუქეს ჩვენ სამშობლოს. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ. ამ 17-მა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა და გმირობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა:

„ჩვენი გმირების თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, უფრო მეტი შემართებით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, გაძლიერებაზე, ასევე, მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებასა და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის გამთლიანებაზე, რათა საქართველოს არცერთ ოჯახს არასდროს მოუწიოს მსგავსი ტრაგედიის გადატანა. სწორედ ამ მიზნების წარმატებით მიღწევა იქნებოდა ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების ხსოვნის ყველაზე საუკეთესო დაფასება”.

მინისტრებმა ასევე დაათვალიერეს ბრძოლის ადგილი და მადლობა გადაუხადეს შინდისელ ბადრი ხუციშვილს, რომელმაც 2008 წელს აგვისტოს ომში დაჭრილი რამდენიმე ქართველი სამხედრო ბრძოლის ველიდან გაიყვანა, სახლში შეიფარა და გადაარჩინა.

შინდისში იმყოფებოდნენ სუს-ის უფროსი გიორგი ლილუაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.

“ეს არის მწარე გაკვეთილი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი, რომელსაც დავიწყება არასდროს ექნება. დიდება მათ სახელებს, მათ მაგალითზე უნდა აღიზარდოს მომავალი თაობები. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის მძიმე დღე და მათი სულების უკვდავსაყოფად ყოველ წელს უნდა ჩამოვიდეთ და მათ ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ. ეს არის ჩვენი ვალი. სხვას, სამწუხაროდ, ვერაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

წინა ხელისუფლებას ჰკითხეთ, რატომ მოხდა ომი და რას ზეიმობდნენ – გომელაური


შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. დაღუპულთა პატივსაცემად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი