ახალი ამბები

წინა ხელისუფლებას ჰკითხეთ, რატომ მოხდა ომი და რას ზეიმობდნენ – გომელაური

11 აგვისტო, 2020 • 1369
წინა ხელისუფლებას ჰკითხეთ, რატომ მოხდა ომი და რას ზეიმობდნენ – გომელაური

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთ “, – ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობაზე გამოთქმულ კრიტიკას ოპოზიციის მხრიდან.

“საქართველოსთვის უმძიმესი იყო 2008 წლის აგვისტო. დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი შვილები და ძმები. მათ გმირობებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც 2008 წელს  დაგვატყდა… ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით. ჩვენ სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ გვეძახის და გვეუბნება, რატომ არაფერს აკეთებთ, ზუსტად ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება; ასევე, კითხვა რომ დაუსვათ, 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ჩვენი გმირების გვამები ჯერ კიდევ მინდორში და ტყეებში ესვენა და თბილისში დისკოთეკები და კონცერტები იყო გამართული და რატომ ხდებოდა ეს, რას ზეიმობდნენ? კარგი იქნება, ეს კითხვები რომ დაუსვათ მათ”, – განაცხადა გომელაურმა შინდისში, სადაც თავდაცვის მინისტრმა, შს მინისტრმა და სუს-ის უფროსმა დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი