ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანს „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ მხარდაჭერის გამო აკრიტიკებენ

11 აგვისტო, 2020 • 1615
ფაშინიანს „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ მხარდაჭერის გამო აკრიტიკებენ

საზოგადოების ნაწილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.

მოქალაქეები იმედგაცრუებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ფაშინიანმა ლუკაშენკოს მიულოცა გამარჯვება იმ დროს, როდესაც არჩევნების შედეგებს ბელარუსში ოპოზიცია არ ცნობს და მისი შედეგები საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ არ უღიარებია.

ფაშინიანის პერსონალური პოლიტიკური ისტორიისა და სომხეთ-ბელარუსი-აზერბაიჯანის ურთიერთობების გათვალისწინებით, მოქალაქეების ნაწილი იმედგაცრუებულია ამ ნაბიჯით.

რა ხდება?

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველი ადგილი მოქმედმა პრეზიდენმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დაიკავა 80%-ით. ცესკოს თანახმად, მისმა მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმათა 10% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.

BBC-ს ცნობით, არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები არ აკვირდებოდნენ. ტიხანოვსკაიამ კენჭისყრის შედეგები არ ცნო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.

სახელმწიფო ტელევიზიაში ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში დემონსტრაციები დაიწყო, რასაც დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები მოჰყვა. ოფიციალურად დადასტურებულია ერთი ადამიანის დაღუპვა.

[ვრცლად: პროტესტი, ბარიკადები, დაკავებები – შეტაკებების მეორე ღამე მინსკში]

მილოცვები ლუკაშენკოს

ლუკაშენკოს, რომელიც 26 წელია ქვეყანას მარავს და რომელსაც „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებენ, არჩევნების შედეგები მეორე დღესვე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მილოცვები მან ასევე მიიღო ჩინეთისა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის, ლიდერებისგან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 აგვისტოს მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც წერს, რომ იმედი აქვს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაძლიერდება.

ნიკოლ ფაშინიანი და ალექსანდრე ლუკაშენკო. ფოტო: სომხეთის მთავრობა/RFERL

ეს იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში ამბობენ, რომ ვაშინგტონი „ღრმად შეშფოთებულია“ არჩევნების დარღვევებით ჩატარებით და მთავრობას მოუწოდებს, „პატივი სცეს მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას“; ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინების და ძალადობრივი დარბევის ადგილი ევროკავშირში არ არის“; გერმანიის მთავრობა „ძლიერ ეჭვებს“ გამოთქვამს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ხოლო პოლონეთი ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევას ითხოვს კრიზისის განსახილველად.

სომხეთის საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად შეხვდა ფაშინიანის გადაწყვეტილებას, შედეგები მიელოცა ლუკაშენკოსათვის; ფეისბუკზე დაიწყო კამპანია, „ნუ ულოცავ ჩემ ნაცვლად“. ამ უკმაყოფილებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან.

გამოხმაურებები

გამოცემა „ევრაზიანეტის“ რედაქტორი ჯოშუა კუჩერა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის საკითხებს აქტიურად აშუქებს, წერს, რომ თუკი სხვა რამდენიმე ლიდერს ცხადი მოტივი ჰქონდა ფაშინიანის მხარდასაჭერად, — მათი უმრავლესობა ავტოკრატია, — ნიკოლ ფაშინიანის პირადი ისტორიისა და „ხავერდოვანი რევოლუციის“ გამოცდილების გათვალისწინებით, ბევრს ჰქონდა იმედი, რომ მისი რეაქცია სხვანაირი იქნებოდა.

ნიკოლ ფაშინიანი 2018 წელს ხელისუფლებაში სწორედ მშვიდობიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციების შედეგად მოვიდა. მის გამოჩენას და უცაბედ პოპულარობას სომხეთში ბევრი იმედით უყურებდა, თუმცა მისი მმართველობის მეორე წლიდან ძლიერდება კითხვნის ნიშნები დემოკრატიულობასთან დაკავშირებით არაერთ ასპექტში.

ადამიანის უფლებათა აქტივისტი არტურ საკუნცი მიიჩნევს, რომ ბელარუსში არსებულ ვითარებაში „მიუღებელია“ ლუკაშენკოსთვის გამარჯვების მილოცვა ფაშინიანის მხრიდან – იმ ლიდერის მიერ, რომელიც მთავრობაში სწორედ ქუჩის დემონსტრაციების შედეგად მოვიდა .

„ორმაგი სტანდარტი“

ფაშინიანი „რევოლუციამდეც“ აქტიურად იყო ჩართული მშვიდობიან ანტისამთავრობო დემონსტრაციებში. კერძოდ, 2008 წელს, როდესაც ის ოპოზიციონერი კანდიდატის, ლევონ ტერ-პეტროსიანის შტაბის უფროსი იყო, მაშინდელი ხელისუფლების მიერ დემონსტრაციების დარბევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნული არჩევნების შედეგად, — რომლის შედეგებსაც ფაშინიანი და ტერ-პეტროსიანი არ ცნობდნენ, — პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გახდა,  პიროვნება, რომელიც საბოლოოდ ნიკოლ ფაშინიანმა შეცვალა. კრიტიკოსებმა ფაშინიანს გაახსენეს 2008 წლის რეპრესიები:

„ბატონო ფაშინიანო, თქვენ გაგიხარდათ, როდესაც სხვები სერჟ სარქისიანს ულოცავდნენ გამარჯვებას ქუჩაში გარდაცვლილი [დემონსტრანტების] სხეულებისა და თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრების დაკავებების ფონზე?” – დაწერა ტვიტერზე მამიკონ ჰოვსეფიანმა, „ერევნის ადამიანის უფლებათა სახლის“ პრეზიდენტმა და ქვიარ-ორგანიზაცია „პინკ არმენიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

2017-18 წლების საკონსტიტიციო ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრს პარლამენტი ნიშნავდა. სწორედ ცვლილებების ძალით დანიშნა მაშინდელმა პარლამენტმა პრემიერად ქვეყნის პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი, 17 აპრილს. პარალელურად კი, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებული დემონსტრაციები მიმდინარეობდა. ლუკაშენკომ სარქისიანს პრემიერად არჩევა 20 აპრილს მიულოცა.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა კარინე ღაზარიანმა ტვიტერზე დაწერა: „ლუკაშენკომ 3 დღე მაინც დაიცადა და ამის შემდეგ მიულოცა სერჟ სარქისიანს. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი ქუჩაში იყო, დემონსტრაციებს მართავდა და როდესაც მას ავტორიტარული რეჟიმი აკავებდა. ახლა კი ფაშინიანი ულოცავს დიქტატორებს“…

სარქისიანამდე ქვეყნის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი იყო, რომელსაც ფაშინიანის ხელისუფლება ახლა „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას“ ედავება დემონსტრაციების დარბევასთან დაკავშირებით. ფაშინიანის ოპონენტები და ქოჩარიანის მხარდამჭერები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, რასაც პრემიერი უარყოფს.

„როგორ შეიძლება, რომ ქვეყანამ, რომლის პრემიერ-მინისტრიც დიქტატორ ლუკაშენკოს გამარჯვებას ულოცავს, შემდეგ გაასამართლოს ქოჩარიანი ზუსტად იმავე მიზეზით? ეს არის ღირებულებებისა და პრინციპების სრული ანაქრონიზმი“, – წერს არტურ საკუნცი.

რუსეთის გავლენით?

„ევრაზიანეტი“ ციტირებს ანალიტიკოს ზარინე ხაზარიანს, „ატლანტიკური საბჭოს“ DFRLab-ის რედაქტორს, რომელმაც დაწერა, რომ ფაშინიანის გადაწყვეტილება „ზურგს უმაგრებს ყველა ადამიანს, ვინც ამბობს, რომ ხავერდოვან რევოლუციას არაფერი შეუცვლია სომხეთში და  სომხეთი რუსეთის უკანა ეზოა“.

სომხეთი რუსეთს ათწლეულებია სტრატეგიულ პარტნრიორად ასახელებს. თუმცა CRRC/NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევები უჩვენებს, რომ ბოლო წლებში სომხეთის საზოგადოებაში რუსეთის მხარდაჭერა მცირდება. ამის მიუხედავად, სახელმწიფოთა დონეზე არსებული ურთიერთობები გრძელდება.

[ვრცლად ამ საკითხზე: სომხეთის საზოგადოებაში რუსეთის მხარდაჭერა მცირდება – რატომ?]

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა, პროფესორმა ქევორქ ოსკანიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ ფაშინიანის მიერ ლუკაშენკოსთვის მილოცვა არის მაგალითი იმისა, რომ „პატარა … სახელმწიფოებს ძლიერი ლიბერალური მოკავშირეების გარეშე არ აქვთ ლიბერალური, აქტივისტების მხარდამჭერი საგარეო პოლიტიკის წარმოების ფუფუნება“.

პარლამენტარი მმართველი გუნდიდან, მიკაელ ზოლიანი ფაშინიანის გადაწყვეტილებას შემდეგნაირად ამართლებს: „მეგობრებო, ნუ დაგვავიწყდება, რომ ქვეყნის ლიდერს განსხვავებული ფუნქციები აქვს და ეს ფუნქციები ოპოზიციის ლიდერის, ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, ანალიტიკოსის, ადამიანის უფლებათა აქტივისტის ფუნქციებისგან განსხვავდება“.

მიკაელ ზოლიანი ასევე წერს: „იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ აღიქმებოდა [გარემოება, რომ ფაშინიანს არ მიელოცა ლუკაშენკოსთვის], როდესაც შენი ქვეყნის მოკავშირეებმა უკვე მიულოცეს“…

სომხეთი-ბელარუსი-რუსეთი-აზერბაიჯანი

სომხეთი და ბელარუსი რუსეთთან ერთად ერთიანდებიან „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (ODKB/CSTO), სადაც ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთიც ირიცხებიან. ამასთან, ორივე ქვეყანა „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წევრია.

თუმცა, აღნიშნული კავშირებისა და ორივე ორგანიზაციაში რუსეთის წამყვანი ფუნქციის მიუხედავად, „ევრაზიანეტის“ რედაქტორი ჯოშუა კუჩერა წერს, რომ გაურკვეველია, თუ რატომ შეიძლება ეს გარემოება ფაშინიანისთვის ბიძგის მიმცემი ყოფილიყო. იგი იხსენებს:

„ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ბელარუსის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა კონფლიქის რეგულარული წყარო იყო. „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ვითარება არ გამოსწორებულა და ქვეყნები იმაზე დავობდნენ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ODKB-ს შემდეგი ლიდერი. 2018 წელს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა: „მგონი, ბატონ ფაშინიანს არ ესმის, რომ ე.წ. ქუჩის დემოკრატიის წესები მიუღებელია დიდ პოლიტიკაში. სამწუხაროა. იმედია, რომ ეს დროთა განმავლობაში შეიცვლება“.

„ევრაზიანეტის“ თანახმადვე, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ლუკაშენკომ უარყოფითად დაახასიათა სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუცია“, როგორც მორიგი „ფერადი რევოლუცია“, და თქვა, რომ ამას ბელარუსი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით არ დაუშვებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი