ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლუკაშენკოს ალიევი და ფაშინიანიც ულოცავენ არჩევნებში გამარჯვებას

10 აგვისტო, 2020 • 1939
ლუკაშენკოს ალიევი და ფაშინიანიც ულოცავენ არჩევნებში გამარჯვებას

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები უერთდებიან სხვა რამდენიმე ქვეყნის ლიდერს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 აგვისტოს წერილი გაუგზავნა ლუკაშენკოს, სადაც ულოცავს ხელახლა გაპრეზიდენტებას და იმედს გამოთქვამს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებს შორის გაძლიერდება. მისალოცი წერილი ლუკაშენკოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც გაუგზავნა.

ლუკაშენკოს უკვე მიულოცეს გამარჯვება ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ჩინეთის ლიდერებმა. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას ჯერჯერობით არ მიულოცავს ლუკაშენკოსათვის.

BBC-ის თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგები და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინების და ძალადობრივი დარბევის ადგილი ევროკავშირში არ არის“. BBC-ის ცნობითვე, გერმანიის მთავრობა „ძლიერ ეჭვებს“ გამოთქვამს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ხოლო პოლონეთი ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევას ითხოვს კრიზისის განსახილველად.

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები დაიწყო.

აღნიშნული შედეგების თანახმად, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს, არჩევნებში 80%-ით ლიდერობს. ვრცელდება ცნობები ერთ დაღუპულზე.

სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა, არაოფიციალურ შედეგებს არ ენდობა. აღნიშნული რიცხვების თანახმად, მას ამომრჩეველთა 7%-მა მისცა ხმა.

BBC-ის თანახმადვე, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი